ჩამოყრიან თუ არა "მისტრალები" შემოჭრილ რუსულ "მფრინავ კროკოდილებს"? - კვირის პალიტრა

ჩამოყრიან თუ არა "მისტრალები" შემოჭრილ რუსულ "მფრინავ კროკოდილებს"?

2 ოქტომბერს შემოჭრილი რუსული მოდერნიზებული "მფრინავი კროკოდილი" Ми-35М-ი, რომელიც საზენიტო რაკეტების მოსაგერიებელი, "ვიტებსკის" საბორტე თავდაცვის სისტემით იყო აღჭურვილი...

საზენიტო "მისტრალების" პრეზენტაციის მეორე დღესვე რუსულმა საბრძოლო შვეულმფრენებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ქართული სოფლების თავზე დემონსტრაციული ფრენა განახორციელეს.

სავარაუდოა, ეს რუსული "საჰაერო გამოწვევა" საფრანგეთიდან საზენიტო "მისტრალების" შეძენას უკავშირდებოდეს - აბა, თუ მაგრები ხართ, გაბედეთ და გვესროლეთო!

უკვე ქართული არმიის კუთვნილ "მისტრალებს", რა თქმა უნდა, შეეძლოთ, რუსული "კროკოდილები" "ჩამოეხსნათ", მაგრამ რა სამხედრო-პოლიტიკური შურისძიება შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას კრემლის მხრიდან, რომელმაც რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდების გამო საქართველოზე გავლენიანი თურქეთი და ისრაელი დიდი პრობლემების წინაშე დააყენა?!

ქართველმა მეზენიტეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 2 ოქტომბერს სოფელ მეჯვრისხევის თავზე გამოჩენილი მოდერნიზებული რუსული "კროკოდილები" Ми-35М ტიპის იყო (მათ პილონებზე საწვავის დამატებითი ავზები ჰქონდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩრდილო კავკასიიდან იყვნენ შემოფრენილი) და მათზე "ვიტებსკის" ტიპის საბორტე თავდაცვის სისტემა იყო დამონტაჟებული.

"ვიტებსკი" სწორედ სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტების ("მისტრალების", "სტინგერებისა" თუ "იგლების") მოსაგერიებლად არის შექმნილი - ულტრაიისფერი დიაპაზონით მომუშავე მისი პასიური პელეგანტორები აფიქსირებს საზენიტო რაკეტის სტარტისას გამოტყორცნილ ცეცხლის ალს, რის შემდეგაც "ვიტებსკის" ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის სისტემა ცდილობს, მწყობრიდან გამოიყვანოს სამიზნისკენ მფრენი საზენიტო რაკეტის სითბური დამიზნების ძალზე მგრძნობიარე მოწყობილობა.

თუკი "ვიტებსკმა" ეს შეძლო, მიზანდაკარგული საზენიტო რაკეტის თვითლიკვიდაცია სტარტიდან 15-17 წმ-ის შემდეგ ხდება.