იარაღის საწყობს დაცვა სჭირდება - ქურდისგანაც და დივერსანტისგანაც... - კვირის პალიტრა

იარაღის საწყობს დაცვა სჭირდება - ქურდისგანაც და დივერსანტისგანაც...

უკრაინაში მეოთხე არსენალის აფეთქების პარალელურად, კრემლს საინფორმაციო ომის ფარგლებში ქართულ "ჯაველინებთან" "სტინგერებსა" თუ "მისტრალებთან" დაკავშირებული რეზონანსული ინციდენტების ხილვაც სურს...

უკრაინაში შეიარაღების მეოთხე საწყობი აფეთქდა. ქვეყანა, რომელიც მეოთხე წელია, გამოუცხადებელი ომის პირობებშია მეზობელ რუსეთთან, სტრატეგიული მნიშვნელობის მეოთხე შეიარაღების საწყობს კარგავს, ეს კი ათიათასობით საარტილერიო და სატანკო ჭურვი და რაკეტაა, რომლებიც ასე სჭირდებათ უკრაინელ მებრძოლებს დონბასში, ფრონტის ხაზზე...

შეიარაღების საწყობები შემთხვევით, დაუდევრობისა თუ ბუნებრივი მოვლენების გამო, სხვა ქვეყნებშიც ფეთქდება, მაგრამ ოთხ წელში ოთხი საწყობის ერთმანეთის მიყოლებით აფეთქება არ შეიძლება შემთხვევითი იყოს, აქ დაინტერესებული მხარის დივერსიული ქმედებები იკვეთება. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, ვის შეიძლება სურდეს საარტილერიო ჭურვების გარეშე უკრაინის არმიის დარჩენა - რუსეთი, რომელმაც მიიტაცა ყირიმი და მეოთხე წელია, გამოუცხადებელ ომს ეწევა უკრაინის აღმოსავლეთში, ყველა ღონეს ხმარობს, კიევში ისევ პრორუსული ძალები დააბრუნოს. როგორ ფიქრობთ, კრემლი არ ეცდება, რასაც მეზობელ უკრაინაში ღიად თუ მალულად აკეთებს, გაიმეოროს საქართველოშიც, რომელიც უკრაინაზე არანაკლებ უშლის ნერვებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მით უმეტეს - აშშ-თან უფრო დაახლოების მუდმივი ცდით?!

რუსეთის გენერალიტეტს დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ქართულმა არმიამ ამერიკელი კოლეგებისგან ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" და საზენიტო "სტინგერები" მიიღო, ხოლო საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორები და "მისტრალები" შეიძინა.

"საინფორმაციო ომის" ფარგლებში, რომელსაც მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აწარმოებს (ცალკე თემაა "საინფორმაციო ომის" კონკრეტული ოპერაციები, რომლებიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლშევიკებმა 1918-21 წლებში ჩაატარეს), კრემლის მესვეურთათვის მომგებიანი იქნებოდა, მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიექცია ქართული არმიის "ჯაველინებთან", "სტინგერებსა" თუ "მისტრალებთან" დაკავშირებული ინციდენტისათვის - იქნებოდა ეს მათი საწყობებიდან მოპარვა თუ ამ საწყობების აფეთქება...

ამ შემთხვევაში რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას მიეცემოდა საუკეთესო შანსი, ამერიკელების ან თუნდაც ფრანგებისთვის ნიშნი მოეგო - ხომ გაფრთხილებდით, ქართველებს თანამედროვე იარაღი არ მისცეთ, ისინი მას ვერ მოუვლიან, ან მოიპარავენ და საერთაშორისო ტერორისტებს მიჰყიდიან, ან სულაც აუფეთქდებათო...

ბოლო ფაქტი - თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების ერთ-ერთი საწყობიდან არანაკლებ 6 750 ცალი 5,56 მმ კალიბრის ავტომატის ვაზნის ქურდობა, გაფრთხილება უნდა იყოს ჩვენი სამხედროებისთვის, რადგან ერთია ვაზნების საწყობიდან მოპარვა (მათი "ჩამოწერა" პასუხისმგებელ, მაგრამ ხელმრუდ სამხედროს ყოველთვის შეუძლია ამ თუ იმ საველე სწავლების დროს - ვითომ ვარჯიშისას გაისროლეს) და მეორე - "სტინგერის" დაკარგვა! გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით აეროდრომთან სამგზავრო ლაინერის დაზიანება-ჩამოგდება და თანამედროვე ისტორიის შეცვლაც შეიძლება, თუკი ამ ლაინერში რომელიმე გავლენიანი ქვეყნის პირველი პირი იჯდა, გამოძიებამ კი, მოსალოდნელია, ნივთმტკიცებად სწორედ იმ "სტინგერის" საქარხნო ნომერი ამოაგდოს, რომელიც ქართულ არმიას მიჰყიდეს.

შეიარაღების საწყობიდან ქურდობაზე არანაკლებ საშიშია ამ საწყობის აფეთქება-განადგურება, რაც შეიძლება დაუდევრობას თუ მეხის დაცემას დაჰბრალდეს, მაგრამ მის მიღმა სხვა ქვეყნის დაზვერვის დივერსიული ჯგუფი იდგეს, რომელმაც ეს დივერსიული აქტი ისე "ლამაზად შეფუთოს", რომ ყველაფერი შემთხვევითობად მივიჩნიოთ...

ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია შეიარაღების საწყობების დაცვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობა. ის, ვინც უდიერად მოიხსენიებს "ყარაულის" ჯარისკაცს, ვერ ხვდება, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა ისეთივე საბრძოლო ამოცანაა, როგორიც ფრონტის ხაზზე ბრძოლა, თანაც ეს ამოცანა მშვიდობიან პერიოდშიც უწყვეტად სრულდება.

მაგრამ მხოლოდ ავტომატიანი ჯარისკაცით შეიარაღების საწყობების სათანადოდ დაცვა არ კმარა - 21-ე საუკუნეში ასეთი ობიექტების დასაცავად საჭიროა სიგნალიზაციის თანამედროვე რადიოელექტრონული და თბოვიზორული სპეციალური აპარატურა. მართალია, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ შეიარაღების საწყობის აფეთქება უფრო ძვირად დაგვიჯდება და რაც უარესია, შეიძლება მსხვერპლითაც დამთავრდეს. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩვენს მაღალჩინოსნებს საკუთარი სასახლეების უსაფრთხოებისთვის დაცვის სისტემის ძვირად ღირებული სიგნალიზაციის დამონტაჟება არ ავიწყდებათ...

უკრაინაში შეიარაღების ოთხი უზარმაზარი საწყობის აფეთქების ანალიზით დგინდება, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა გამოიყენეს როგორც უპილოტო საფრენი აპარატებიდან ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩამოყრის, ისე - საწყობის ტერიტორიაზე შეღწევისა და საათისმექანიზმიანი ნაღმების დამონტაჟების მეთოდები.

დივერსანტების მოქმედება იმიტომ იყო წარმატებული, რომ უკრაინელებს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რაკეტებიანი და ჭურვებიანი ხის ყუთების შტაბელები ღია ცის ქვეშ ჰქონდათ დასაწყობებული. იმედია, ქართული არმიის ძვირად ღირებულ "ჯაველინებს", "სტინგერებსა" თუ "მისტრალებს" ღია ცის ქვეშ არავინ შეინახავს და ისინი საიმედოდ არის დაცული დახურულ საწყობებში, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა - არ დაგვავიწყდეს, რომ ვიღაცას ძალიან უნდა, ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო სკანდალი აგორდეს, თანაც ამ ვიღაცას ამის საშუალება და, რაც მთავარია, გამოცდილებაც დიდი აქვს...