საბედნიეროდ, შვეულმფრენების რემონტი გაახსენდათ... - კვირის პალიტრა

საბედნიეროდ, შვეულმფრენების რემონტი გაახსენდათ...

საქართველოს ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, იწყებს შვეულმფრენების პარკის კაპიტალურ რემონტს, რამაც უნდა გამოასწოროს თითქმის უშვეულმფრენოდ დარჩენილი მთაგორიანი ქვეყნის რთული მდგომარეობა...

თითქმის შვეულმფრენების გარეშე დარჩენილი მთაგორიანი საქართველოს გასაჭირზე, რომლის რთული რელიეფის პირობებში ასე საჭიროა ეს ხრახნფრთიანი საფრენი აპარატი, არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება.

და, მგონი, ყინული დაიძრა...

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იწყებენ მათ განკარგულებაში არსებული სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენების კაპიტალურ რემონტს, რაც მეტ-ნაკლებად მოგვიხსნის რამდენიმე პრობლემას - იქნება ეს მცირე საბრძოლო ჯგუფების სავარაუდო მოწინააღმდეგის ახლო ზურგში გადასხმის შესაძლებლობა თუ მთიან, მიუვალ ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა; ავადმყოფის სასწრაფო ევაკუაცია, ან გზააბნეული ტურისტის სამშვიდობოზე დროულად გამოყვანა.

შვეულმფრენს ბევრი სპეციფიკური ამოცანის შესრულება შეუძლია, რაც ტრანსპორტის სხვა სახეობას არ ძალუძს, ამიტომაც შვეულმფრენების გამართულ პარკს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 8 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების ცხრა შვეულმფრენი საზღვარგარეთ კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზაციას გაივლის.

"ჩვენი შვეულმფრენები და ვერტმფრენები შეძლებენ მოქმედებას როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე - ცალკეული კრიზისების დროს. თანხები გამოყოფილია. ამას დასჭირდება გარკვეული დრო. სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს სპეციალურ ქარხნებში. ადგილზე ეს ვერ ჩატარდება, ამიტომ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტირება, შემდეგ ისინი საქართველოს ახალი აღჭურვილობით, 15-წლიანი რესურსით დაუბრუნდება," - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს (ისე, ტექნიკურად რა განსხვავებაა შვეულმფრენსა და ვერტმფრენს შორის, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავადგინეთ).

ამ სამუშაოებისთვის გამოიყენებენ როგორც აშშ-ის გამოყოფილ მიზნობრივ ცხრა მილიონდოლარიან გრანტს, ისე - საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი საჰაერო ძალების განვითარებისთვის გამოყოფილ 23 მილიონლარიან საბიუჯეტო დაფინანსებას.

მართალია, თავდაცვის მინისტრს არ დაუზუსტებია, შვეულმფრენების რომელი მოდელები გაივლის რემონტი-მოდერნიზაციის პროგრამას, მაგრამ ისეც ცხადია, რომ ეს "იროკეზებს" შეეხება, რადგან საბჭოთა წარმოების Ми-8/17-ები და ფრანგული "სუპერპუმები", დიდი ხანია, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საავიაციო დანაყოფებს გადასცეს.

როგორც კულუარებიდან შევიტყვეთ, არც შს მინისტრი აპირებს, კოლეგას ჩამორჩეს - არანაკლებ ხუთი Ми-8МТ ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენი კაპიტალურ რემონტს საქართველოსადმი არცთუ ცუდად განწყობილ ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გაივლის.

ერთდროულად 14 მსუბუქი და საშუალო შვეულმფრენის მწყობრში ჩაყენება საქართველოს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და, იმედია, აღარ დაგვჭირდება სხვებისთვის ხვეწნა - იმ მთაზე ან ამ ფერდობზე იქნებ ცეცხლი ჩაგვიქროთო...