ჯარი უმაღლეს მთავარსარდალს ირჩევს... - კვირის პალიტრა

ჯარი უმაღლეს მთავარსარდალს ირჩევს...

პოლიტიკოსები კვლავ ცდილობენ, პრეზიდენტის არჩევნებისწინა ბინძურ თამაშში სამხედრო ძალებიც ჩაითრიონ...

28 ოქტომბერს საქართველო ახალ პრეზიდენტს ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილება შესუსტებულია, წინასაარჩევნო კამპანია მაინც დაძაბულად და ბინძური პოლიტიკური ხერხებითაც კი მიმდინარეობს.

სათვალთვალო ვიდეოკამერებისა და მიკროფონების მინიატურიზაციამ საქართველოში მოქმედ ათასი ჯურის პოლიტიკურ ჯგუფს ერთმანეთზე კომპრომატების უხვად მოპოვების საშუალება მისცა, მათი მასმედიით გამოქვეყნების შემდეგ კი ისინი მოწინააღმდეგის პოლიტიკურ დასამარებას ცდილობენ.

ეს ქვეყანაში ისედაც არასახარბიელო სიტუაციას უფრო ძაბავს. ურთიერთბრალდებებით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საქვეყნო საქმეს აფუჭებენ.

ხელისუფლების მიზანი აშკარაა - საპრეზიდენტო არჩევნებში გაამარჯვებინონ იმ კანდიდატს, რომელიც შემდგომ წლებში მათ მმართველობას არაფერს ავნებს.

ოპოზიციის კონკრეტული შტოს კანდიდატი კი, გამარჯვების შემთხვევაში, იმ პოლიტიკური ძალის რეანიმაციას გეგმავს (შეწყალებების ჩათვლით), რომელმაც აგვისტოს ომის შედეგებით საქართველოს საშვილიშვილო პრობლემები დაუტოვა.

წინასაარჩევნო ბინძურ თამაშებში ქართული არმიისა და მთლინად, სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის ჩათრევის ნიშნებიც გამოჩნდა, რაც დაუშვებელია, რადგან ეს ცეცხლთან თამაშის ტოლფასია და მას საქართველოს დამოუკიდებლობა შეეწირება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში, სუს-ში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვასა და შსს-ში არანაკლებ 80 ათასი ადამიანი მსახურობს და მუშაობს, როგორც სამხედრო და პოლიციის წოდების მქონე, ისე - სამოქალაქო პირი, მათ უკან კი ოჯახები დგას - დაახლოებით 180-200 ათასი სრულწლოვანი ადამიანი, ანუ სულ თითქმის 300 ათასამდე ამომრჩეველი. ქვეყანაში დაახლოებით 3,5 მლნ ამომრჩეველია, ანუ სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობა, მათი ოჯახის წევრების ჩათვლით, არჩევნებზე საერთო ხმების დაახლოებით 10%-ს აძლევს (ეს დათვლა შედარებით უხეშია და მონაცემების დაზუსტებაც შეიძლება, მაგრამ შეიარაღებულ ძალებში მომსახურეთა ზუსტი რაოდენობის გამოქვეყნება სამხედრო საიდუმლოს დარღვევა იქნება), ამიტომაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ეცდება, ეს ხმები თავის "ყულაბაში" მოაქციოს.

რას აკეთებდა ამის მისაღწევად შევარდნაძის ან სააკაშვილის მთავრობა? სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე შექმნილი იყო დახურული საარჩევნო უბნები, სადაც ხმას მხოლოდ ამ ნაწილის პირადი შემადგენლობა აძლევდა და ხელისუფლებას ადვილად შეეძლო, გაეკონტროლებინა, რომელმა კანდიდატმა გაიმარჯვა ამა თუ უბანზე.

სახელისუფლებო კანდიდატის მარცხის შემთხვევაში ნაწილის მეთაურს თავზე ხელს არ გადაუსვამდნენ - ის თანამდებობას დაკარგავდა, ამიტომაც არჩევნების წინ მისი დავალებით ოფიცრები ყაზარმებში ჯარისკაცებს აქტიურად "ამუშავებდნენ" სახელისუფლებო კანდიდატის ნომრის შემოსახაზავად, საარჩევნო ურნასთან მდგარი დამკვირვებელი კი დარღვევას ვერ აღმოაჩენდა.

ჯარისკაცებზე ზეწოლა განსაკუთრებით გამოჩნდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინ ხელისუფლება დამარცხდა, ალბათ, იმიტომაც, რომ ჯარის არცთუ მცირე ნაწილმა, მიუხედავად ზოგიერთი მეთაურის მუქარისა, მას მხარი არ დაუჭირა.

იმ არჩევნების ექვსი წლის თავზე დღევანდელმა ხელისუფლებამ დაამტკიცა მრავალსაუკუნოვანი ჭეშმარიტება: აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის ხელისუფლებას!

ამ ფონზე კი ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგება...

საბედნიეროდ, სამხედრო მოსამსახურეებს დღეს ზემოთ აღნიშნული პრობლემა არ აქვთ, რადგან სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე დახურული საარჩევნო უბნები არ გაიხსნება (გამონაკლისია ავღანეთში მყოფი თითქმის 900-კაციანი ქართული სამხედრო კონტინგენტი); სწორედ ამიტომ მათ ვერც მეთაური უბრძანებს რამეს, რადგან მეთაურსაც ვერავინ დაუთვლის, რომელი კანდიდატი შემოხაზეს მისმა ხელქვეითებმა, რომლებმაც ხმა საცხოვრებელი უბნის მიხედვით მისცეს.

ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ჯარისკაცებიც და ოფიცრებიც თავისუფალი იქნებიან და მეთაურის "აჩრდილის" არ შეეშინდებათ...