"დიოსკურიის" მეორედ დაბადება...
22-10-2018
"დიოსკურიის" მეორედ დაბადება...
ორი წლის წინ გადმოცემულმა ამერიკულმა კატარღებმა ქართული სანაპიროს გაკონტროლება დაიწყეს

2016 წლის 30 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ ბალტიმორის მახლობლად მდებარე აშშ-ის სანაპირო დაცვის კერტის-ბეის ბაზაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციისა და აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა მონაწილეობით ISLAND -ის სერიის კატარღებზე - WPB 1340 Jefferson ISLAND-სა და WPB 1345 Staten ISLAND-ზე ხუთჯვრიანი დროშები აღიმართა და ქართული სახელები "ოჩამჩირე" და "დიოსკურია" გაჩნდა.

"დიოსკურია" ქართული სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანს - სარაკეტო კატარღას ერქვა, რომელიც აგვისტოს ომის
დროს ფოთის სამხედრო პორტში სხვა კატარღებთან ერთად ჩაძირეს...

მას შემდეგ აღარც "დიოსკურია" გვყავდა და აღარც - სამხედრო ფლოტი.

ახალი "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შემადგენლობაში საქართველოს ტერიტორიული წყლების გაკონტროლებას შეუდგებიან, რაც უცილობლად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ჩვენი ტერიტორიული წყლების
კონტროლზე, სამწუხაროდ, ხელი ისევ არ მიგვიწვდება. ეს კი არა, ვეღარც უცხო ქვეყნების გემებს ვაკავებთ და ვაჯარიმებთ, რომლებიც ნაოსნობისთვის დახურულ ზონაში, სოხუმისა და ოჩამჩირის პორტებში შედიან, რადგან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების სანაპირო დაცვის კატარღები სწორედ ამას ელოდებიან, რომ ღია ზღვაში აბორდაჟზე აიყვანონ ქართული კატარღები და მათ "სუვერენული აფხაზეთის" ტერიტორიული წყლების "დარღვევა" დააბრალონ.

არ არის გამორიცხული, ამერიკული კატარღების გადმოცემის გამო რუსმა მესაზღვრეებმა ფოთის ტრავერსზე დაახლოებით ისეთი პროვოკაციის მოწყობა სცადონ, როგორიც 2 ოქტომბერს, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მოგვიწყვეს, როცა რუსულმა "მფრინავმა ნიანგებმა" ქართულ სოფლებს გადაუფრინა - წინადღეს ხომ ქართულმა ჯარმა საფრანგეთში ნაყიდი საზენიტო "მისტრალების" პრეზენტაცია გამართა...

ISLAND-ის სერიის კატარღების შესახებ

1985-92 წლებში აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის 110 ფუტი (34მ) სიგრძის 49 საპატრულო კატარღა აიგო. კატარღებს ფოლადის კორპუსი და ალუმინის შენადნობის ზედნაშენი აქვს. სრული წყალწყვა 168 ტ-ს აღწევს. დიზელის ენერგეტიკულ დანადგარს 6 200 ცხ.ძ. აქვს და 29,5 კვანძს ავითარებს. ავტონომიურობა ხუთი დღეა, ეკიპაჟი კი ორი ოფიცრისა და 14 მეზღვაურისგან შედგება.

კატარღების საშტატო შეიარაღებაა 25 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი Mk 38 Mod 0 Bushmaster-ი და ორი 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი М2НВ. აშშ-მა 2015 წელს ISLAND-ის სერიის სამი კატარღა პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ძალებს გადასცა. უკრაინას ორი ასეთი კატარღა 2018 წელს გადაეცა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?