პარლამენტს დამიზნებული... ტყვიამფრქვევები - კვირის პალიტრა

პარლამენტს დამიზნებული... ტყვიამფრქვევები

5 სექტემბერს თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების უმრავლესობას საშუალება მიეცათ საქართველოს პარლამენტის შენობისთვის პისტოლეტები, ავტომატური კარაბინები, სნაიპერული შაშხანები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიც კი დაემიზნებინათ, ზოგიერთმა, თავისდა უნებურად, რუსთაველზე მოსეირნე ძალოვანი მინისტრებიც ამოიღო მიზანში...

ასე აბარებდა მთავრობა იმ დღეს "ანგარიშს ხალხს" რუსთაველის პროსპექტზე ჩარიგებულ სამთავრობო უწყების 18 პავილიონში.

შსს-ს გადასატანი ელექტრონული ტირიც კი ჰქონდა მოწყობილი სასტუმრო "თბილისთან", საიდანაც 1991 წლის დეკემბრის მიწურულს პარლამენტის შენობას საზენიტო ქვემეხი 100 მმ-იან ნამდვილ ჭურვებს უშენდა. ამჯერად, საბედნიეროდ, ყველაფერი ვირტუალური იყო და შსს-ს ტირში მსურველი ტერორისტს მხოლოდ ეკრანზე ესროდა ლაზერულ პისტოლეტს...

თავდაცვის სამინისტროს პავილიონთან გამოფენილი იყო სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების თითქმის ყველა შეიარაღება, მათ შორის ისიც კი, რომელიც ბოლო დღემდე საიდუმლოდ ითვლებოდა და მათ შეიარაღებაში ქონას ქართველი გენერლები არც ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ.

საზოგადოებას თავდაცვის სამინისტრომ პირველად წარუდგინა ებრაული წარმოების მინიუპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი Skylark-ები, რომლებიც თავის დროზე უფრო დიდგაბარიტიან Hermes-450-ებთან ერთად შეიძინეს. აგვისტოს ომამდე აფხაზეთში ჩამოგდებული "ჰერმესების" ამბავი თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო, მაგრამ თუ ებრაული "მინი-ტოროლები" ქართული არმიის არსენალში იყო, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არ იცოდა; ჩვენც ვერიდებოდით მასზე ლაპარაკს, რომ სამხედრო საიდუმლოების გაცემა არ დაებრალებინათ...

ასევე პირველად გამოიტანეს საჯაროდ ქართველმა სამხედროებმა სწრაფმსროლელი ექვსლულიანი საავიაციო ტვიამფრქვევი M134  Minigan-ი. ამერიკული "მინიგანის" სახალხოდ ჩვენების შემდეგ ბევრი მიხვდება, რომ ისინი ძირითადად ასევე ამერიკულ შვეულმფრენ "იროკეზებზე" დასაყენებლადაა გამიზნული.

ასევე ბევრისთვის (მათ შორის, უცხოური დაზვერვის წარმომადგენლებისთვის) შეიძლება დიდ სიურპრიზად იქცა ის, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გამოფინა თანამედროვე რადიოკავშირის საშუალებები, ხოლო სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებამ - თითქმის მთელი თავისი სპეციალური შეიარაღება, მათ შორის მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები და მაყუჩიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და ავტომატები.

მნახველთათვის იარაღზე არანაკლებ საინტერესო იყო იმის გაცნობა, თუ როგორ იკვებებიან არმიაში და როგორ ფუნქციონირებს მობილური საველე ჰოსპიტალი - ამ ჰოსპიტლის პირადმა შემადგენლობამ აგვისტოს ომის დროს ძალ-ღონე არ დაიშურა დაჭრილების გადასარჩენად.

ღონისძიება, "ანგარიში ხალხს", სიახლე იყო ქართველი საზოგადოებისთვის და მას, რა თქმა უნდა, ახლდა პიარის ნიშნებიც, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, შესისხლხორცებული აქვს. მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი დემონსტრირება დადებითიცაა, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს საშუალება აქვს, შეხვდეს მისთვის საინტერესო სამინისტროს წარმომადგენელს (ზოგჯერ მინისტრსაც კი) და დაელაპარაკოს.

და ცუდი ნამდვილად არ იყო ის, რომ რუსთაველის პროსპექტზე, 2007 წლის 7 ნოემბრისგან განსხვავებით, მოქალაქე თავისუფლად ელაპარაკებოდა შსს-ს წარმომადგენლებს, ხოლო თვალებანთებული და ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდები დაწვრილებით ეცნობოდნენ ქართული არმიის შეიარაღებას...