ქართველმა მესაზღვრეებმა რუს სამხედროებად გაასაღეს თავი?! - კვირის პალიტრა

ქართველმა მესაზღვრეებმა რუს სამხედროებად გაასაღეს თავი?!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური საპროტესტო ნოტის გამოგზავნას აპირებს თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.

- 16 აგვისტოს ქართულმა სამხედრო კატარღამ ნეიტრალურ წყლებში მოტყუებით დააკავა თურქული ტანკერი "ბუკეტი", რითაც დაარღვია გაეროს 1992 წლის საზღვაო უფლებების კონვენცია, - წუხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რატომ უნდა წუხდეს რუსეთი სხვა ქვეყნის, თურქეთის გემის დაკავების გამო, როდესაც ამ ათიოდე წლის წინ ჯერ კიდევ საქართველოს საზღვრებზე მდგარი რუსი მესაზღვრეები თურქული სავაჭრო და თევზსაჭერი გემებისთვის ცეცხლის გახსნაზეც არ ამბობდნენ უარს?!

რუსი დიპლომატების მტკიცებით, ქართველმა სამართალდამცავებმა მოატყუეს თურქული ტანკერის კაპიტანი და თავი რუს სამხედროებად გაასაღეს. მოსკოვის ეს მტკიცება დიდ გაკვირვებას იწვევს, რადგან თურქული ტანკერის, "ბუკეტის", დამკავებელ ქართულ სწრაფმავალ კატარღა "სოხუმს" (სხვათა შორის, ასევე თურქეთში ნაყიდს) იმხელაზე ახატია ქართული დროშის ჯვრები, რომ მათი გარჩევა შეუიარაღებული თვალით რამდენიმე ასეულ მეტრზეც შეიძლება და იგი არავის აერევა რუსულ "ტრიკოლორში".

სხვათა შორის, თავად თურქული ტანკერის კაპიტანი (რომელიც დაკავებულია და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა) გემზე ასულ ქართველ მესაზღვრეებს უმტკიცებდა, რომ საწვავი რუსეთში მიჰქონდა და არა ოკუპირებულ აფხაზეთში.

ჩანს, რუსული დიპლომატიური "გაფრთხილების" შემდეგ გააქტიურდებიან რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეების საპატრულო კატარღები და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდები, რომლებიც სოხუმის და ოჩამჩირის პორტებში მორიგეობაზე დადგებიან.

ქართულმა სანაპირო დაცვამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება. შუა ზღვაში მხოლოდ ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ქართული სასაზღვრო კატარღები საზღვაო ბრძოლებს ვერ გაუმართავენ 30 და 76 მმ-იანი ავტომატური ქვემეხებითა და ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებულ რუსულ კატარღებსა და ხომალდებს.

მოსკოვმა სეპარატისტული სოხუმის გამოყენებით შეიძლება სცადოს "მატყუარას" გამოყენება - ისინი სავაჭრო გემს გაუშვებენ სოხუმის პორტიდან, რომლის დაკავებასაც ეცდებიან ქართული სასაზღვრო კატარღები, თუმცა ამ გემს უკან რუსული სამხედრო კატარღები გაჰყვებიან...

ასეთ შემთხვევაში ქართველმა კაპიტნებმა, ეტყობა, მხოლოდ თავიანთი სასაზღვრო კატარღების ძრავების სიმძლავრეზე უნდა ილოცონ, რათა თავი დააღწიონ მდევარს. ცუდი არ იქნებოდა, ქართული სასაზღვრო კატარღების კორპუსების რადიოლოკაციური ანარეკლის შემცირებაზე ფიქრიც, რათა ისინი რუსული რადიოლოკაციური დამიზნების ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების იოლი ლუკმა არ გახდნენ. აგვისტოს ომის დროს რუსულმა "მირაჟმა" ორი ასეთი "მალაქიტის" ტიპის რაკეტა გაუშვა, მართალია, უაზროდ, მაგრამ ხომ შეიძლება კოკამ ყოველთვის არ მოიტანოს წყალი...