საარტილერიო ზალპები ორფოლოზე - კვირის პალიტრა

საარტილერიო ზალპები ორფოლოზე

ყველაზე მობილურმა ქართულმა საარტილერიო ბრიგადამ ორფოლოს პოლიგონზე სწავლებები დაიწყო

ახალციხესთან, ორფოლოს პოლიგონზე ისევ გამაყრუებელი აფეთქებების ხმა ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, ადგილობრივ მოსახლეობას დავაწყნარებთ - ორფოლოში ერთთვიანი სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარტილერიო ბრიგადამ დაიწყო.

ეს ბრიგადა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პირველი საარტილერიო ბრიგადის ორად გაყოფის მერე ჩამოყალიბდა. მისი დისლოკაციის ადგილი დასავლეთ საქართველოშია. თუმცა მეორე საარტილერიო ბრიგადის შექმნამდე მისი საბრძოლო ტექნიკა და არტილერისტები აგვისტოს ომში აქტიურად მონაწილეობდნენ.

საერთოდ, ცხინვალთან რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს მოწინააღმდეგეს (როგორც ადგილობრივ სეპარატისტებს, ისე როკის გვირაბიდან შემოჭრილ რუსულ სამხედრო დაჯგუფებას) შედარებით მეტი ზარალი (ქართული არმიის სხვა გვარეობებისგან და სახეობებისგან განსხვავებით) სწორედ ქართველმა არტილერისტებმა მიაყენეს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქართული არტილერიის მიზნები შეიძლებოდა უფრო ზუსტიც ყოფილიყო...

აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებულმა მეორე საარტილერიო ბრიგადის მთელმა შემადგენლობამ სწავლებები ორფოლოს პოლიგონზე ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე ჩაატარა. 2009 წელს ბრიგადიდან პოლიგონზე მხოლოდ ცალკეული საარტილერიო დანაყოფები გაიგზავნა, წელს კი ორფოლოში ისევ მთელი ბრიგადის შეიარაღება ჩამოიტვირთა.

მეორე საარტილერიო ბრიგადა ყველაზე მობილურ საბრძოლო შენაერთად ითვლება, რადგან მის შეიარაღებაში არსებული ყველა საბრძოლო ტექნიკა თვითმავალია და ბუქსირება არ სჭირდება. ამას კი რეალური საბრძოლო მოქმედებების დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან თვითმავალ საარტილერიო დანადგარს ან ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას საარტილერიო ზალპის შემდეგ 3-5 წუთში შეუძლია დატოვოს საბრძოლო პოზიცია და არ მოხვდეს მოწინააღმდეგის კონტრსაარტილერიო დარტყმის ქვეშ.

არ არის გამორიცხული, რომ რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შემოიყვანეს "ზოოპარკის" ტიპის საარტილერიო ცეცხლის აღმოჩენის სისტემები, რომლებიც ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორებით ჰაერში აფიქსირებენ ჭურვისა და რაკეტის ფრენის ტრაექტორიას, ორიოდ წუთში გამოიანგარიშებენ მოწინააღმდეგის არტილერიის პოზიციებს და თავის საარტილერიო ბატარეებს ზუსტ კოორდინატებს აწვდიან კონტრსაარტილერიო ცეცხლის გასახსნელად.

სავარაუდოდ, ორფოლოში დაწყებული არტილერისტთა ერთთვიანი ვარჯიში დამთავრდება საჩვენებელი სწავლებით - თავდაცვით ზღუდეებზე მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონის შემოტევის იმიტაციის დროს მეორე საარტილერიო ბრიგადა გაძლიერებული ქვეითი ბატალიონის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.