პენტაგონი ტოვებს ერაყს - კვირის პალიტრა

პენტაგონი ტოვებს ერაყს

შვიდ წელიწადში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ერაყში 4400 სამხედრო დაეღუპათ

გასულ კვირას ერაყის ტერიტორია დატოვა და ქუვეითში გადავიდა ბოლო ამერიკული "სტრაიკერების" საბრძოლო ბრიგადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება და 2010 წლის 31 აგვისტომდე ერაყიდან გამოიყვანა ამერიკული საბრძოლო დანაყოფები. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერაყში იარაღიანი ამერიკელები აღარ დარჩენილან.

1-ელი სექტემბრისთვის ერაყს კიდევ 6 ათასი ამერიკელი სამხედრო დატოვებს, ამის შემდეგ ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში 50 ათასი ამერიკელი სამხედრო მაინც დარჩება. ამ ეტაპიდან დაიწყება ახალი ოპერაცია "ახალი განთიადი", რომლის ფარგლებში დარჩენილი ამერიკელები აღარ მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, მხოლოდ ერაყის არმიას გაწვრთნიან და ამერიკელ დიპლომატებს დაიცავენ.

მათი საბოლოო გამოყვანა ერაყიდან 2011 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

რას მიაღწია თეთრმა სახლმა ერაყში შვიდწლიანი ომის შედეგად?

2003 წლის გაზაფხულზე ერაყში შეჭრილი ამერიკული და კოალიციური ჯარების დანაყოფებმა დაამხეს სადამ ჰუსეინის დიქტატურა და ფაქტობრივად კარი გაუხსნეს "კრაზანების ბუდეს".

დღეს უკვე აღარავის ეეჭვება, რომ ჰუსეინის ატომური თუ ქიმიური იარაღის მზადება დასავლეთზე თავდასასხმელად, სიცრუე იყო და ის საბაბად გამოიყენეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პირველმა პირებმა დამოუკიდებელ ერაყზე იერიშის მისატანად.

ჯორჯ ბუში-უმცროსის უდიდესი სურვილი - დაემთავრებინა მამამისის მიერ 1991 წელს დაწყებული "უდაბნოს ქარიშხალი", საბოლოოდ მსოფლიო დონის კატასტროფად იქცა. მართალია, უმცროსმა ბუშმა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო და თავად ჰუსეინიც ფიზიკურად გაანადგურა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დიდი ხნით არია.

შეიძლება სადამ ჰუსეინი მართლაც იყო დიქტატორი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ცეცხლითა და მახვილით დაიმორჩილა ისლამის სხვადასხვა ფრთის მიმდევართა მთელი რაიონები და ერაყში სტაბილური მდგომარეობა შექმნა, სწორედ ის, რომელიც დღეს ასე აკლია ამ მრავალტანჯულ ქვეყანას.

2003 წლიდან ერაყში აშშ-მა 4400-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა, ბევრად მეტი დაიჭრა და, რაც მთავარია, ამ ომმა მსოფლიოს დიდი ნაწილი (ისევე, როგორც მილიონობით ამერიკელი) თეთრი სახლის წინააღმდეგ განაწყო.

ერაყის ომი არც საქართველოსთვის გამოდგა უსაფრთხო. 2003 წლის ზაფხულიდან 2008 წლის ზაფხულამდე, ანუ 5 წლის განმავლობაში ერაყში სამშვიდობო მისია 6 ათასმა ქართველმა სამხედრომ გაიარა, მათგან ოთხი დაიღუპა, ათობით დაიჭრა.

შეიძლება ერაყული მისიები ერთი მხრივ კარგი საბრძოლო გამოცდილება გახლავთ ჩვენი სამხედროებისთვის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს გამოცდილება 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის რეგულარულ სამხედრო დანაყოფებთან ბრძოლისას თითქმის ვერ გამოვიყენეთ. უარესიც, აგვისტოს ომის დაწყებისას ერაყში 2000-კაციანი ბრიგადა გვყავდა გაგზავნილი, რაც უდიდეს დანაკლისად იქცა...

ერაყიდან ამერიკული საბრძოლო დანაყოფების გამოყვანა არანაირად არ შეამცირებს ამ ქვეყანაში ტერორისტული აქტების რიცხვს, პირიქით, ისლამისტებმა შეიძლება მთელი ქალაქები და პროვინციებიც კი დაიკავონ. ამერიკელთა მომზადებული ერაყული არმია ვერ შეაჩერებს მათ და პენტაგონს ისღა დარჩება, იქ დარჩენილი 50 ათასი სამხედრო დაჩქარებული ტემპებით, ღირსების დაცვით ისე გამოიყვანოს, რომ გამოქცევას არ დაემსგავსოს, როგორც ეს ვიეტნამის ომის მიწურულს მოხდა.