ბეწვზე გადარჩენილნი... - კვირის პალიტრა

ბეწვზე გადარჩენილნი...

აგვისტოს შუა რიცხვებში ქართული ავიაცია დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ღვთის შემწეობა რომ არა, თავდაცვის სამინისტრო დაკარგავდა მორიგ შვეულმფრენს, და კიდევ უარესი - ხალხი დაიღუპებოდა.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისისკენ მომავალი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი МИ-8МТВ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი მცხეთის რაიონში ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო.

ჩანს, შვეულმფრენის ეკიპაჟი ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც ელექტროგადამცემის დაჭიმულ მსხვილ მავთულს წამოედო. მავთული გაწყდა და გატეხა შვეულმფრენის წინა ფარნის მინა, "გაჰყვა" საფრენი აპარატის მარჯვენა ბორტს და გრძივად გაჭრა კუდის ძელის გარსამოსი და ბოლოს, კუდის ხრახნის ნაკვეთურის ქვედა ნაწილი დააზიანა.

ეკიპაჟი და მგზავრები ბეწვზე არიან გადარჩენილნი, რადგან გაწყვეტილი მავთული შვეულმფრენის ძირითად ან კუდის ხრახნს რომ ჩაეთრია, მაშინ კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა. ასეთი მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ეკიპაჟმა მოახერხა თბილისამდე მოღწევა და შვეულმფრენი ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზაში მშვიდობიანად დასვა. საფრენი აპარატის აღდგენა შესაძლებელია.

თუ რატომ მიფრინავდა ეკიპაჟი ისეთ დაბალ სიმაღლეზე, ეს გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა შესაძლოა, ქართული შვეულმფრენების ეკიპაჟებს ნაბრძანები აქვთ, რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე ფრენა, რათა ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანილი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რადიოლოკატორებმა არ დააფიქსირონ.

სამწუხაროდ, საჰაერო ავარიები ქართულ სამხედრო ავიაციაში არცთუ იშვიათი შემთხვევაა. ზუსტად ორი წლის წინ, საბრძოლო მოქმედებების დროს ქართულმა საბრძოლო შვეულმფრენმა, Ми-24-მა კუდის ხრახნი დაიზიანა. 2004 წლის მაისში ასეთივე Ми-24 აჭარის მაღალმთიან სოფელში ჩამოვარდა პრეზიდენტ სააკაშვილის შვეულმფრენის თანხლებისას, რამდენიმე წლის შემდეგ ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე დაშვებისას ავარია განიცადა თავდაცვის სამინისტროს Ми-8-მ. ომამდე სენაკის აეროდრომზე  Ми-8-ს ეკიპაჟმა ხრახნებით კუდი მოაჭრა საბრძოლო Ми-24-ს.

საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ 2007 წლის 11 მარტს, ღამით, დასავლეთ საქართველოსკენ განგაშზე გაფრენილი საბრძოლო Ми-24  ბაზალეთის ტბასთან მიწას შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

P.S. როგორც ამბობენ, ავარიაგანცდილი შვეულმფრენით (მის ნომერს შეგნებულად არ ვასახელებთ) ხშირად მგზავრობდა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. თუმცა უცნობია, ავარიის მომენტში თავდაცვის მინისტრი იყო თუ არა შვეულმფრენში.