პუტინი ევროპას ნადირაძის "პიონერების", ტრამპი კი "პერშინგების" ბირთვული ეპოქის დაბრუნებას ჰპირდება? - კვირის პალიტრა

პუტინი ევროპას ნადირაძის "პიონერების", ტრამპი კი "პერშინგების" ბირთვული ეპოქის დაბრუნებას ჰპირდება?

30 წლის წინ მოლაპარაკებების შედეგად განადგურებული ბირთვულქობინიანი "პიონერებისა" და "პერშინგების" აღდგენა ევრაზიის კონტინენტს უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს...

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა სამი ათეული წლის წინ დადებული ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. დაახლოებით ასეთივე ინიციატივით გამოვიდა ორიოდე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც. რა უნდათ მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს ლიდერებს და რატომ შეიძლება მათი სურვილის განხორციელების შემთხვევაში ჩვენი პლანეტის დიდი ნაწილი ბირთვული დაპირისპირების არეალად იქცეს?

ზუსტად 30 წლის წინ, 1988 წლის 1 ივნისს, ამოქმედდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების სრულ ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. ეს ეხებოდა მხოლოდ სახმელეთო ბაზირების იმ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე 500-დან 5 500 კმ-მდე იყო.

სამ წელში, 1991 წლის ივნისამდე, ეს ხელშეკრულება შესრულდა - საბჭოთა კავშირმა გაანადგურა ევროპულ ნაწილში განთავსებული 1 846 სარაკეტო კომპლექსი, ხოლო აშშ-მა ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში დააბრუნა და გაანადგურა 846 სარაკეტო კომპლექსი, შესაბამისად, ევროპაში შემცირდა ბირთვული შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების საფრთხე. ამ ისტორიულ ხელშეკრულებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ორი თანამემამულე - მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და ბალისტიკური რაკეტების, "პიონერების", გენერალური კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რადგან ევროპაში განთავსებული ნადირაძის "პიონერები" სწორედ შევარდნაძემ გამოატანინა და გაანადგურებინა.

სიმართლე რომ ითქვას, ევროპაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1977 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირმა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე ნადირაძის "პიონერის" 300-მდე თვითმავალი სარაკეტო დანადგარი განათავსა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ალექსანდრე ნადირაძეს ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დიმიტრი უსტინოვთან, რამაც "პიონერების" სერიული წარმოება დააჩქარა.

Nნატო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის საშუალო სიშორის "პიონერის" რაკეტას მაქსიმალურ 5 ათასს კმ-ზე 150 კილოტონა სიმძლავრის სამი თერმობირთვული ქობინი გადაჰქონდა, რაც ნიშნავდა, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში განლაგებული საბჭოთა სამხედრო ბაზებიდან გაშვებული "პიონერები" მთელ ევროპას "ფარავდნენ". ამასთან, "პიონერების" სარაკეტო დანადგარები მობილური იყო და მათი აღმოჩენა და განადგურება ძალზე ძნელი გახლდათ.

"პიონერების" საპასუხოდ მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ევროპაში ამერიკული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები - "პერშინგ-2"-ები გადაისროლა.

ამჯერად არასახარბიელო სიტუაციაში კრემლის მესვეურები აღმოჩნდნენ, რადგან ამერიკულ "პერშინგს" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 8-10 წთ სჭირდებოდა 80-კილოტონიანი ბირთული ქობინის მოსკოვის ცენტრამდე "მისატანად". მათ გარდა, პენტაგონმა დასავლეთ ევროპაში სახმელეთო ბაზირების "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებიც განათავსა. მართალია, მათი ფრენის სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ბალისტიკური რაკეტისას, მაგრამ სამაგიეროდ, ბირთვულქობინიანი "ტომაჰავკები" ძალინ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა დედამიწის რელიეფის მიყოლებით და საბჭოთა რადიოლოკატორებს ძალინ გაუჭირდებოდათ მათი აღმოჩენა.

იმ ათიოდე წუთში, რაც "პერშინგებს" მოსკოვამდე სჭირდებოდათ, კრემლის მესვეურები თავს ვერ უშველიდნენ. ამ და სხვა მიზეზთა გამო საბჭოთა კავშირი აშშ-ს ევროპიდან საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების გატანასა და ლიკვიდაციაზე დასთანხმდა.

1 846 ლიკვიდირებული საბჭოთა რაკეტის უმეტესობა ალექსანდრე ნადირაძის "პიონერი" და "ტემპ-ს"-ი იყო (სხვათა შორის, მობილური "ტემპ-ს"-ების პოლკი 12 სარაკეტო დანადგარის შემადგენლობით 1970-იან წლებში საქართველოში, გომბორშიც იყო დისლოცირებული და 900 კმ-მდე მანძილზე შეეძლო 50 კილოტონა ბირთული ქობინის "გაგზავნა").

ევროპამ ეს 30 წელი მეტ-ნაკლებად მშვიდად, "ბირთვული კოშმარის" გარეშე იცხოვრა. მაშ, რა მოხდა, რატომ სურთ ამერიკელებსაც და რუსებსაც ამ ხელშეკრულების გაუქმება? თეთრი სახლი რუსეთს ამ ხელშეკრულების დარღვევასა და მალულად 500 კმ მანძილზე შორს მფრენი ფრთოსანი რაკეტების შექმნას აბრალებს, რომელთა გაშვება "ისკანდერის" მობილური დანადგარიდან შეიძლება.

თავის მხრივ, კრემლი პენტაგონს ბრალად სდებს, რომ ამერიკელებმა რუმინეთში განათავსეს ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც "სტანდარდის" ანტირაკეტებით ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების დაჭერისთვის არის განკუთვნილი.

რა თქმა უნდა, "სტანდარდის" ანტირაკეტა არ ხვდება ხელშეკრულებით აკრძალული ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების ნუსხაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ "სტანდარდის" გასაშვებ კონტეინერში თეორიულად და ტექნიკურადაც შეიძლება ფრთოსანი "ტომაჰავკის" განთავსება და გაშვება, რაც რუსულ მხარეს ამ ბრალდების გამოთქმის უფლებას აძლევს.

უახლესი მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ევროპაში ნადირაძის "პიონერისა" და პენტაგონის "პერშინგის" მსგავსი ბირთულქობინიანი რაკეტების დაბრუნება უფრო დაძაბავს ამერიკულ-რუსულ ურთიერთობას, რაც საქართველოსთვის სულერთი მართლაც არ არის... მოამზადა

ირაკლი ალადაშვილმა