საქართველოსგან რუსეთის დასაცავად კრემლს სოჭთან სანგრების გაჭრა მოუწევს?!
საქართველოსგან რუსეთის დასაცავად კრემლს სოჭთან სანგრების გაჭრა მოუწევს?!
აი, თურმე რატომ უფრთხის კრემლი ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრებას...

რუსეთის ნატოსთან, უკრაინასა და საქართველოსთან დაპირისპირების ფონზე ერთი რუსი ჩინოვნიკის გულახდილი განცხადება ნათელს ჰფენს, რისი ეშინია კრემლს, თუკი ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერთ დღეს მართლაც მიიღო თავის რიგებში საქართველო და უკრაინა.

"თუკი საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, ეს რუსეთისთვის უდიდეს ეკონომიკურ და სამხედრო პრობლემად იქცევა, რადგან ჩვენი მესამე დედაქალაქის - სოჭის წინ თავდაცვითი ზღუდეების აგება მოგვიწევს, ხოლო უკრაინის საზღვრის გასწვრივ -
თავდაცვითი ეშელონის შექმნა," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა ანდრეი კელინმა.

რა გამოდის? რუსეთი, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია-ანექსია განახორციელა, თურმე თვითონ უფრთხის თავისივე დაჩაგრულ მეზობლებს?

რაოდენ ძნელად წარმოსადგენიც უნდა იყოს, კრემლის შიში საფუძველს მოკლებული არ არის, ანუ თაგვმა თხრა-თხარაო და
კატა გამოთხარაო...

რუსეთის თაგვთან შედარება, რა თქმა უნდა, მთლად მართებული არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, აშკარაა, რომ კრემლის სამხედრო აქტიურობამ და მეზობლების მიმართ აგრესიულობამ, ბოლოს და ბოლოს, გამოაღვიძა ბიუროკრატიული დასავლეთი, რომელიც ცივ ომში გამარჯვების ილუზიით მშვიდად თვლემდა, ამ გამოღვიძების მთავარი მიზეზი კი, ძირითადად, მაინც არა საქართველოსა და უკრაინის გასაჭირზე ფიქრი, არამედ თავის მომავალზე შიში გახლდათ - რუსეთი, რომელიც მათ ფეხებმოკვეთილი ეგონათ, მოულოდნელად (მათთვის და არა - რუსეთის მეზობლებისთვის) ახალი შეიარაღებითა და გაძლიერებული არმიით წამოიმართა.

ნელ-ნელა, მაგრამ ნატომ და უპირველესად - აშშ-მა რუსეთის დასავლეთ საზღვართან, აღმოსავლეთ ევროპაში, უპირველესად კი - ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დაიწყო თავისი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალის გაზრდა.

ასეთივე გააქტიურებას აპირებს ნატო სამხრეთის მიმართულებით, შავი ზღვის რეგიონშიც და ერთ მშვენიერ დღეს, არ არის გამორიცხული, ამერიკული ჯავშანსატანკო დივიზია დონბასში ან სამეგრელოში აღმოჩნდეს, ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შეთანხმების ჩაშლის შემდეგ კი კრემლს ამერიკული ფრთოსანი "ტომაჰავკები" არა მარტო აღმოსავლეთ ევროპიდან, არამედ კავკასიონის ქედის სამხრეთიდანაც დაემუქრონ...

ამ საფრთხეს კრემლში, დიდი ხანია, აცნობიერებენ და ამიტომაც ცდილობენ, ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერასოდეს გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები.

სწორედ ეს იყო ჯერ აგვისტოს ომში საქართველოს ჩათრევისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებისა და შემდეგ ყირიმის ოკუპაცია-ანექსიისა და დონბასში დღემდე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

იმის შიშით, რომ ნატომ რუსეთის დასავლეთ-სამხრეთი "ალყაში" არ მოაქციოს, კრემლი უკან არაფერზე დაიხევს, თუნდაც მეზობლებთან ახალი ომის გაჩაღება მოუხდეს.

P.S. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. თუკი საქართველო ოდესმე მაინც გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი (რაც ჯერ ისევ არარეალური ჩანს თუნდაც რუსეთისადმი პანიკური შიშის სინდრომის გამო, რომლითაც დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების არაერთი პოლიტიკური ლიდერია შეპყრობილი), ის რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნე აღმოჩნდება (თუმცა შეიძლება ნატოს წევრობის გარეშეც, კარგა ხანია, კრემლისთვის ასეთი სამიზნე ვართ).

მაგრამ რას ვიზამთ - ნახევარი საუკუნე ხომ ამერიკული ბირთვული ქობინების სამიზნე ვიყავით, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. ეტყობა, ასეთია პატარა ქვეყნების ბედი - იმპერიების ჭიდილში უნდა "გავიჭყლიტოთ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები