სომხეთი ამერიკულ იარაღზე უარს ამბობს... - კვირის პალიტრა

სომხეთი ამერიკულ იარაღზე უარს ამბობს...

ყარაბაღის ფრონტზე სომხურ ტანკებს სანგრებში დამალვა არ შველით, აზერბაიჯანელები მათ "სპაიკებით" ზემოდან ზუსტი დარტყმით აფეთქებენ

სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე იარაღის ძიებაში იყო, რადგან საბჭოთა კავშირის/რუსეთის სპეცსამსახურებმა ისინი შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩაითრია.

ახალი იარაღის შეძენა განსაკუთრებით აქტუალურია სომხეთისთვის, რადგან მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანი გამალებით ყიდულობს ისრაელის, თურქეთის და რუსეთის უახლეს იარაღს.

ამ ფონზე გასაკვირი იყო, რომ სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ერევანს შესთავაზა, სომხური არმია ამერიკული შეიარაღებით გადაიარაღებულიყო, ჩვენმა მეზობელმა კი თავაზიანი უარი განაცხადა, არადა, დღეს სომხეთის არმიას აზერბაიჯანული T-90-ების შესაძლო შეტევებისგან მთიანი ყარაბაღის დასაცავად ჰაერივით სჭირდება ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები", რომლებსაც გაძლიერებულჯავშნიანი რუსული T-90-ების ზემოდან აფეთქება ზუსტი მოხვედრით შეუძლიათ.

"ჯაველინის" ანალოგიური, ისრაელისგან ნაყიდი "სპაიკების" საბრძოლო ეფექტიანობა აზერბაიჯანის არმიამ 2016 წლის გაზაფხულზე ირწმუნა, როდესაც მან სომხური ტანკები ზემოდან ერთმანეთის მიყოლებით ააფეთქა.

სომხეთისთვის ასეთი ზუსტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეთავაზება მის სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთს, არ შეუძლია, რადგან ანალოგიური, მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები თავისი არმიის შეიარაღებაშიც კი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, სომხეთი აშშ-თან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებისაგან თავს იკავებს, რისი მიზეზიც, ძნელი მისახვედრი არ არის, რუსეთის ფაქტორია.

რუსეთმა სომხეთს 2016 წელს რუსული შეიარაღების შესაძენად 200 მილიონდოლარიანი სახელმწიფო სესხი გამოუყო, რის შემდეგაც სომხეთის არმიის არსენალში გამოჩნდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩები" და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო "იგლების" მოდერნიზებული კომპლექსები.

2017 წელს მოსკოვმა ერევანს იარაღის შესაძენად კვლავ გამოუყო 100 მილიონდოლარიანი საექსპორტო კრედიტი.

2018 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი რუსეთისგან ახალ უპროცენტო საიარაღო კრედიტს ელოდება.

საგულისხმოა, რომ რუსული კრედიტით რუსულივე შეიარაღებას სომხეთის არმია ისევე იაფად ყიდულობს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალები და ბუნებრივია, ოფიციალურ ერევანს არ სურს ამ "ოქროს ძარღვის" გაწყვეტა, თუმცა, მეორე მხრივ, სომხეთი ამით უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე.

სომხეთის არმიის არსენალში ამერიკული იარაღის გამოჩენა ასევე გამოიწვევს სომხეთზე აშშ-ის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენის ზრდას, რაც კრემლს არაფრის დიდებით არ სურს. მათ სამხრეთ კავკასიაში თავის ტკივილად ერთი "ამერიკელი" საქართველოც ჰყოფნით.

სანამ პოლიტიკური მიზეზების გამო სომეხი სამხედროები უარს ამბობენ ამერიკულ "ჯაველინებზე", ბრძოლის ველზე უპირატესობა ისრაელის "სპაიკებით" აზერბაიჯანელებს რჩებათ.

რუბრიკა მოამზადა