რა მოხდებოდა, 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ხიდი რომ აგვეფეთქებინა ან 2008 წლის 8 აგვისტოს როკის გვირაბი ჩაგვენგრია? - ტოტალური თავდაცვა... აფეთქებებით
02-12-2018
რა მოხდებოდა, 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ხიდი რომ აგვეფეთქებინა ან 2008 წლის 8 აგვისტოს როკის გვირაბი ჩაგვენგრია? - ტოტალური თავდაცვა... აფეთქებებით
სავარაუდო მოწინააღმდეგის შეტევების შესაჩერებლად ქართული არმია ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაჰაერო სისტემების გარდა, საინჟინრო საშუალებების გამოყენებასაც გეგმავს...

რა მოხდებოდა, 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ხიდი რომ აგვეფეთქებინა ან 2008 წლის 8 აგვისტოს როკის გვირაბი ჩაგვენგრია? შეიძლება არაფერი შეცვლილიყო, გაგრა მაინც დაგვეკარგა და ცხინვალში მაინც შემოსულიყვნენ რუსები, მაგრამ ეს მოწინააღმდეგის შეტევის ტემპს შეანელებდა, ჩვენს დანაყოფებს გადაჯგუფების დროს მისცემდა და, ბოლოს და ბოლოს, მტერი მეტს დაკარგავდა...

ხიდების, გვირაბებისა თუ გზების დანაღმვა-აფეთქება თუ ტანკსაშიშ მიმართულებებზე
ტრანშეების გათხრა ახალი არ არის, ამ მეთოდებს იყენებდა ყველა იმ არმიის სარდლობა, რომელიც იძულებული იყო, ძლიერი მოწინააღმდეგის შეტევის ტემპის შენელებაზე ეფიქრა, მაგრამ კონტრმობილურობის თემა აქტიურდება ტოტალური თავდაცვისთვის, რომლის კონცეფციაც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიმუშავა.

ტოტალური თავდაცვის, ანუ ყველა რესურსის - არმიის, პოლიციის, რეზერვის, ადგილობრივი მოსახლეობის -
გამოყენებით თავდაცვითი ბრძოლის პრინციპს იძულებით ირჩევენ ის ქვეყნები, რომლებსაც პოტენციურ მოწინააღმდეგესთან თანასწორი ბრძოლა არ შეუძლიათ და ასიმეტრიული ომისთვის ემზადებიან, ანუ როდესაც მოწინააღმდეგე გჯობნის არმიის რაოდენობითაც და შეიარაღებითაც და შენ იძულებული ხარ, პარტიზანული ბრძოლის მეთოდი აირჩიო - სწრაფად შეუტიო და სწრაფადვე უკან დაიხიო ახალი "წერტილოვანი" დარტყმების მისაყენებლად...

სწორედ ამ ტაქტიკას იყენებენ თალიბები ავღანეთში დასავლური კოალიციის სამშვიდობო ძალების, მათ შორის - ქართული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგაც. სხვათა შორის, აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბიდან ჯავამდე სერპანტინიან ერთადერთ გზაზე თალიბების ტაქტიკით მოქმედ რამდენიმე მცირერიცხოვან ჯგუფს შეეძლო, რუსული უწყვეტი ჯავშანკოლონების ცხინვალისკენ გადაადგილება ორი-სამი დღითაც კი შეეფერხებინა მიმართული აფეთქებებით, რომლებიც ფერდობებს ჩამოშლიდა და გზას ჩახერგავდა... აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დედაქალაქისკენ მომავალ გორი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე რამდენიმე ბეტონირებული ნახევრად ბუნკერი ააშენა, რომლებშიც ტანკიც შედის და ჰაუბიცაც. მათი ჩანაფიქრის თანახმად, ბუნკერის სქელი კედლით დაცულ ქართველ ტანკისტებსა და არტილერისტებს გზაზე მომავალი მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონები უნდა გაენადგურებინათ...
ეს, ბევრგან დაუმთავრებელი თავდაცვითი ბუნკერები, საქართველოს ბიუჯეტს 30 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა, მაგრამ ისინი თავიდანვე მკვდრადნაშობი გახლდათ ოთხი მიზეზის გამო. პირველი - მათი განთავსების ადგილი და შიდა გეგმარება რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო ცნობილი მრავალჯერადი საჰაერო და კოსმოსური სადაზვერვო ფოტო-ვიდეოგადაღებების წყალობით;

მეორე - მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები შვეულმფრენებიდან ამ ბუნკერების ზურგში დესანტს გადმოსხამდნენ და მათ "სათოფურებს" ააფეთქებდნენ; მესამე - რუსეთის საბრძოლო ავიაციის არსენალშია ბეტონისმრღვევი მართვადი და უმართავი რაკეტები და ბომბები, რომლებიც რამდენიმემეტრიანი სისქის რკინაბეტონის კონსტრუქციას იოლად ხვრეტს; მეოთხე და მთავარი - ის, ვინც ამ ბუნკერებში საბრძოლო პოზიციას დაიკავებდა, უნდა შეჰგუებოდა, რომ კამიკაძედ იქცეოდა, რადგან იქიდან გამოსვლის შანსი ძალიან მცირე იყო. მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების შესაჩერებლად სტაციონარულ ბუნკერებზე ეფექტიანია მოულოდნელი ჩასაფრებები მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, ასევე - გზის მონაკვეთების, ხიდებისა და გვირაბების დანაღმვა, ესკაპებისა და კონტრესკაპების მოწყობა და ა.შ. ამისთვის კი საჭიროა მომზადება და ინჟინრული გათვლა - ხიდის კონსტრუქციის რა ადგილას და რა რაოდენობის ასაფეთქებელი მასალა ჩაიდოს, რომ ხიდი მწყობრიდან ისე გამოვიდეს, მოწინააღმდეგემ ვეღარ გამოიყენოს.

აგვისტოს ომის დროს მცხეთასთან და ჯვართან ხიდები დანაღმული იყო და მათ, ალბათ, ააფეთქებდნენ კიდეც, თუ მოწინააღმდეგე დედაქალაქისკენ დაიძვრებოდა...ისე, ოკუპანტების იმ დანაყოფს, რომელიც იგოეთთან დაბანაკდა, ძალიან გაუმართლა, რომ ქართველებმა ღილაკს თითი არ დააჭირეს - რუსი სამხედროების ბანაკის ქვეშ 800 კგ-მდე ტროტილი იყო, დისტანციური ამფეთქით...

ინჟინრული საშუალებები ტოტალურ თავდაცვას აადვილებს, მაგრამ მათი სწორად გამოყენებისთვის აუცილებელია სამხედრო მენაღმეების, სამოქალაქო ინჟინრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაგეგმილი, ერთიანი და ზუსტი მოქმედება. სწორედ ეს არის ტოტალური თავდაცვის საფუძველი.

P.S. აგვისტოს ომის დროს რუსულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა გრაკლის სარკინიგზო ხიდი აგვიფეთქა, დანაღმული მეტეხის სარკინიგზო ხიდის განაღმვა კი მოვასწარით.
სოსო
09 დეკემბერი 2018 21:05
მაგ ომში ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა,მაგრამ არ გაკეთდა და ბევრი რამ გაკეთდა ,რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა.ამის მიზეზი ჯერ ის იყო,რომ ომს სამხედროები კი არ მეთაურობდნენ,არამედ სამოქალაქოები და პოლიციიდან გამოსული მაღალ ჩინოსნები.ხელმძღვანელობამ რისი მიღწევაც უნდოდა მიაღწია კიდეც და შემდეგ მიღწეული მიზანი იზეიმა კიდეც.ისინი გამარჯვებას ზეიმობდნენ და არავინ თქვას ტყუილიაო.სააკაშვილმა სწორედ ასე გამოაცხადა,ჩვენ გავიმარჯვეთო.სხვა საკითხია რომ მათგან მიღწეული მიზნები საქართველოს ღალატი იყო,მაგრამ ამაზე გამოძიებას არავინ აპირებს,ალბათ იმიტომ რომ თვითონაც ასეთები არიან.სხვათა შორის დავით რურუას დღიურებშიც ძალიან საგულისხმო ამბებია მოთხრობილი,მაგრამ გააზრებას,მგონი მხოლოდ ირაკლი ალადაშვილი ცდილობს.სახელმწიფო კი ხვრინავს.
ღალატია ღალატი
04 დეკემბერი 2018 17:09
საქმეც მაგაშია რო მაგ ომის მიზანი იყო პუტნისთვის ტერიტორიების ჩაბარება, აღიარების მიზეზის მიცემა და მამასისხლად ატკატებით შეძენილი უვარგისი ტექნიკის ჩამოწერა. ოპერაციაც შესაბამისად დაიგეგმა. კიდე რა უბედურება უნდა დაგვმართონ რო მიხვდეს ხალხი საბოლოოდ და დაიჯეროს?!
beso
02 დეკემბერი 2018 19:04
ტალიბების ტაკტიკა + ოპერაციის დაცკება ზამტარსი...ნებისმიერი რიგიტი მიხვდება რ ა ტ ო...

რედაქტორის რჩევით