პოლიტიკური თამაშები დანაღმულ ველზე... - კვირის პალიტრა

პოლიტიკური თამაშები დანაღმულ ველზე...

ამ სამხედროების მთავარი ამოცანა საქართველოს დაცვაა და მათი გარევა ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ქვეყნის ღალატის ტოლფასია...

სამხედრო ფორმით და მით უმეტეს - იარაღით ხელში პოლიტიკური ვიდეომიმართვების გავრცელება იმ დიდ საფრთხეს მოასწავებს, რომლის ტრაგიკული შედეგი ერთხელ უკვე მწარედ ვიწვნიეთ სამოქალაქო ომის სახით...

საქართველო ისევ მოიცვა არჩევნების ციებ-ცხელებამ. საზოგადოების ყველა ფენა ამ ორომტრიალშია ჩართული, მათ შორის ისიც, რომლის პოლიტიკურ თამაშებში ჩარევა ქვეყნისთვის შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. სამხედროფორმიანი და მით უმეტეს - იარაღიანი ადამიანების ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი არა მარტო ააშკარავებენ თავიანთ პოლიტიკურ არჩევანს, არამედ მკაცრ ბრალდებებსაც არ ერიდებიან, მეტისმეტად საშიშია.

ქვეყანაში მსგავსი ვითარება შეიქმნა 1991 წლის ნოემბერშიც და მისი ტრაგიკული შედეგები არ დაგვვიწყებია, თუმცა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა ახლად იდგამდა ფეხს და სამხედრო დისციპლინაც ჯერ უცხო ხილი იყო, დღეს კი სამხედროფორმიანთა პოლიტიკური აქტიურობა ვერ იქნება მისაღები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სურს დამკვიდრება. თუკი თადარიგის ოფიცერს თავისი პოლიტიკური პოზიციის სახალხოდ გამოხატვა სურს, ეს სამოქალაქო ტანსაცმლით უნდა გააკეთოს. არა იმიტომ, რომ ამას კანონი კრძალავს, არამედ სხვა მიზეზით - სამხედროფორმიანი ორატორის პოზიციას საზოგადოების უდიდესი ნაწილი არმიის საერთო განწყობად აღიქვამს, რადგან ყველამ არ იცის, ვინ არის მოქმედი სამხედრო და ვინ - თადარიგის ოფიცერი.

დაუშვებელია, სამხედროფორმიანი და იარაღიანი, თუნდაც თადარიგის ოფიცერი, გამოდიოდეს პოლიტიკური განცხადებებით, რომელთა ნაწილი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდეს...

სხვათა შორის, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს შეიარაღებული ძალების რამდენი მოქმედი მაღალჩინოსანი ოფიცერი აშკარად გადავიდა ოპოზიციის მხარეს და შევარდნაძის ხელისუფლებას უფლება ჰქონდა, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაესაჯა.

ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული არმიის პირადი შემადგენლობა ხმას სამხედრო ნაწილებში, დახურულ საარჩევნო უბნებზე კი არ აძლევდა, არამედ - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც დემოკრატიის გზაზე უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყველა სამხედრო ნაწილის მეთაურობას მკაცრად მიუთითებდნენ, პირად შემადგენლობას ხმა აუცილებლად ხელისუფლების სასურველი კანდიდატისთვის მიეცა და ვაი, იმ მეთაურს, ვისი ნაწილის ტერიტორიაზეც ეს კანდიდატი არ გაიმარჯვებდა! 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში არმიის პირადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა მაშინდელ ხელისუფლებას და ბევრი მათგანი მართლაც ვერ ასცდებოდა უსიამოვნებებს, სააკაშვილის ხელისუფლებას რომ გაემარჯვა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ავღანეთში ორი დახურული საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ხმა ქართული სამხედრო კონტინგენტის 875 წარმომადგენელს უნდა მიეცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი 397-მა სამხედრომ დაუჭირა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს - 261-მა. თუკი ეგზიტპოლების პრინციპით ვიმოქმედებთ, ალბათ, ასეთივე სურათი იქნებოდა მთელ ქართულ არმიაშიც, ანუ, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების თითქმის მესამედმა მხარი ოპოზიციას დაუჭირა. ეს, ერთი მხრივ, პლურალიზმზე მეტყველებს, თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლება ასეთი შედეგით აღფრთოვანებული არ უნდა იყოს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხედრო მოსამსახურის უკან მისი ოჯახის წევრები დგანან, რომელთა არჩევანი, სავარაუდოდ, იგივე იქნებოდა...

დღეს პლაცზე ჯარისკაცსა და ოფიცერს სახალხოდ აღარავინ ამცირებს, იდგმება ნაბიჯები შეიარაღების განახლებისთვის, პირადი შემადგენლობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლის პროცესის დასარეგულირებლად, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც არის პრობლემები, რომელთა გამო არმიის თითქმის მესამედი ოპოზიციას უჭერს მხარს...

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება ლარის კურსის დაცემა იყოს - კონტრაქტით მომსახურე რიგითის 800-900 ლარს ექვსი წლის წინ სულ სხვა ძალა ჰქონდა! თუკი გვინდა, კონტრაქტით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალები გვყავდეს და პროფესიონალური არმიის იმედად ვიყოთ, ქვეყნის ბიუჯეტს მეტის გაღება მოუწევს, თორემ ყველანაირ ოპოზიციას შეუძლია, მათ "ოქროს მთებს" დაჰპირდეს.