ვაზიანის აეროდრომი პენტაგონს თვალში მოუვიდა... - კვირის პალიტრა

ვაზიანის აეროდრომი პენტაგონს თვალში მოუვიდა...

ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება - ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა, გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრისას 12 ნოემბერს განაცხადა. "სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილ ინიციატივას - ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს," - დააზუსტა ლევან იზორიამ.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომი ჯერ კიდევ 76 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს ამოქმედდა და მისი მთავარი ფუნქცია ცივი ომის პერიოდში თბილისის საჰაერო თავდაცვა გახლდათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, რუსი სამხედროები ვაზიანში 2007 წლამდე შემორჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ აეროდრომის ინფრასტრუქტურა უკვე თითქმის მოშლილი იყო. ინფორმაციას მისი აღდგენის შესახებ, წლებია, ველოდით, რადგან ვაზიანის სამხედრო ბაზა და განსაკუთრებით - აეროდრომი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი იყო, რომელსაც თავის დროზე წარმატებით იყენებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო.

ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ ვაზიანის სამხედრო ინფრასტრუქტურით ამერიკელი სამხედროები და ნატო დაინტერესდება. ამ სამხედრო ობიექტის მთავარი ღირსება მთაგორიან პოლიგონთან აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიახლოვეა, რაც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ევროპიდან ან თუნდაც ჩრდილო ამერიკიდან გადმოსროლილი დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის პოლიგონზე მიმდინარე სწავლებაში ოპერატიულად ჩართვის საშუალებას იძლევა.

თუმცა ამისთვის საჭიროა აეროდრომის ინფრასტრუქტურის, უპირველესად კი - ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განახლება, რაც იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა პენტაგონის ფინანსურ-ტექნიკური დახმარებით ადვილად მოხერხდება.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ისტორია

ვაზიანის აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ეს იყო 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი, რომელსაც თბილისის საჰაერო თავდაცვა ევალებოდა.

1951 წლამდე ვაზიანის პოლკის შეიარაღებაში ЯК-9 ტიპის ხრახნიანი გამანადგურებლები ირიცხებოდა. 1951-1955 წლებში ვაზიანში პირველი სერიული რეაქტიული გამანადგურებლები - МиГ-15-ები გამოჩნდა, რომლებსაც თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობდნენ. 1954 წლიდან МиГ-15-ები გაუმჯობესებულმა МиГ-17-ებმა შეცვალა, რომლებიც თბილისის ცას 1962 წლამდე იცავდნენ. 60-იანი წლების დასაწყისისთვის МиГ-17-ები მოძველებულ გამანადგურებლებად მიიჩნიეს და ისინი ვაზიანის 982-ე საავიაციო პოლკში იმ დროისათვის ახალი МиГ-21-ებით შეცვალეს.

МиГ-21-ებს ვაზიანის აეროდრომზე ბაზირებამ 1978 წლამდე მოუწია. 1973 წლიდან ისინი ნაწილობრივ იცვლებოდა მოდერნიზებული МиГ-21СМ-ებით, მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისისთვის ისინიც ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, ამიტომ 1978 წელს ვაზიანის აეროდრომზე იმ დროის თანამედროვე МиГ-23МЛА ტიპის ზებგერითი გამანადგურებლები გამოჩნდა, რომლებიც მალევე მათი მოდერნიზებული ვარიანტით - МиГ-23МЛД-ით შეცვალეს.

1984-1986 წლებში ვაზიანში დისლოცირებული გამანადგურებლების ნაწილი პილოტებსა და ტექნიკურ პერსონალთან ერთად გადაისროლეს ავღანეთში, ყანდაარის აეროდრომზე. ავღანეთში ორწლიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ვაზიანის საავიაციო პოლკმა სამი გამანადგურებელი და ორი პილოტი დაკარგა.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ პარიზში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ეწერა, რომ 1990 წლის ნოემბრისთვის საქართველოში, ვაზიანის აეროდრომზე დისლოცირებული 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკის შემადგენლობაში იყო 44 ცალი МиГ-23МЛД-ს ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი.

ეს თვითმფრინავები სამ საავიაციო ესკადრილიაში იყო განაწილებული და დაცულ, ბეტონირებულ ანგარებში ინახებოდა ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე - 60 მ.

ვაზიანის 982-ე პოლკი ორგანიზაციულად ექვემდებარებოდა 283-ე საავიაციო დივიზიას, რომელშიც ასევე შედიოდა სენაკში (მაშინდელი ცხაკაია) დისლოცირებული 176-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი (შეიარაღებაში იყო 35 МиГ-29 და ოთხი МиГ-23У), 841-ე გვარდიული გამანადგურებელ-ბომბდამშენების საავიაციო პოლკი მახარაძეში (სოფელი მერია) (შეიარაღებაში გამანადგურებლები МиГ-23М) და 529-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი ბომბორაზე (გუდაუთა) (შეიარაღებაში ЯК-28П ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელები).

ვაზიანის აეროდრომზე, გარდა 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკის МиГ-23МЛД-ებისა, განთავსებული იყო 313-ე ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკის СУ-17М3Р ტიპის სადაზვერვო გამანადგურებელ-ბომბდამშენებიც.

ოფიციალური ინფორმაციით, 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკმა ვაზიანის აეროდრომი ერთ დღეში - 1992 წლის 1-ლ იანვარს დატოვა და დამოუკიდებელი საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაფრინდა.

გარდა სამხედრო აეროდრომისა, ვაზიანში საბჭოთა პერიოდში დისლოცირებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 171-ე საოლქო სასწავლო ცენტრი, რომლის ბაზაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა რუსეთის 137-ე სამხედრო ბაზა. იგი გაძლიერდა ახალქალაქიდან გადმოყვანილი 405-ე მოტომსროლელი პოლკით, რომლის შეიარაღებაში იყო 31 ტანკი, 54 ჯავშანმანქანა და 12 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. 2007 წლამდე ეს თბილისთან ყველაზე ახლოს მყოფი რუსული საბრძოლო შენაერთი გახლდათ.

ვაზიანის სარკინიგზო ბაქანი აღჭურვილია სპეციალური პანდუსით, რომელიც ღია სარკინიგზო პლატფორმებზე საბრძოლო ტექნიკის საკუთარი სვლით დატვირთვა-ჩამოტვირთვას ემსახურება, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს მექანიზებული დანაყოფების რკინიგზით ოპერატიულად გადასროლისას.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, საბჭოთა პერიოდში სწორედ ვაზიანში ინახებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა ("ტემპი" "ელბრუსი") და მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებისთვის ("პიონი") განკუთვნილი ბირთვული ქობინები, ასევე - საინჟინრო ატომური ნაღმები, რომლებიც საქართველოდან 1989 წელს გაიტანეს.

დღეს ვაზიანში ქართული არმიის მე-4 მექანიზებული და 1-ლი საარტილერიო ბრიგადებია განთავსებული. აქვე დაიწყო ფუნქციონირება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრმა.

ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ ვაზიანის აეროდრომი და სამხედრო პოლიგონი საქართველოსა და NAთO-ს მჭიდრო თანამშრომლობის მთავარი ასპარეზი ხდება, რაც რუსეთის გაღიზიანებასა და არცთუ სახუმარო მუქარას იწვევს - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ სწორედ ვაზიანის ქართული სამხედრო ბაზა დაბომბა.