ვისი ფულით ამოისუნთქა ქართულმა არმიამ - სოროსის თუ ბიძინასი? - კვირის პალიტრა

ვისი ფულით ამოისუნთქა ქართულმა არმიამ - სოროსის თუ ბიძინასი?

რატომ მალავდა ბიძინა ივანიშვილი ქართველი სამხედროების ხელფასების ზრდისა და ყაზარმების რემონტისთვის მილიონების ჩარიცხვას?

სიმართლე გითხრათ, ეს სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილი, ჩემს სტატიებში 2004 წლის შემოდგომის შემდეგ არ მიხსენებია, 14-წლიანი ტაბუ კი იმიტომ დავარღვიე, რომ ბოლო დროს ქართული არმიის ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევის ცდები განახლდა.

შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო პერიოდში, მიზერული დაფინანსებისა და "ოტკატების" წყალობით, ქართული არმია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯარისკაცს ულუფაშიც კი "უძვრებოდნენ" და ყველა ცდილობდა, თავისი წილი მოეპარა.

2004 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ, ჯარის მდგომარეობის გამოსწორება სწრაფი ტემპით დაიწყო. სამხედროებს, მათთვის მოულოდნელად, ხელფასის გარდა, დამატებითი თანხაც მისცეს - სოროსის ფულიაო...

დამატებით 50-100-300 დოლარის (წოდებებისა და თანამდებობების მიხედვით) ეკვივალენტი ლარის ოჯახში მიტანა, რა თქმა უნდა, ყველას გაუხარდა, თუმცა ეჭვით მაინც კითხულობდნენ, ასეთი რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ქართველების მიმართ სოროსსო...

სინამდვილეში სოროსი არაფერ შუაში იყო - ამ თანხას ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილი იხდიდა, ისევე, როგორც ყაზარმების რემონტისა თუ ავიაციის საწვავისთვის საჭირო ფულს.

"არმიის განვითარების ფონდში" ის ყოველთვიურად მილიონებს რიცხავდა, მაგრამ მაშინ ეს თემა ტაბუდადებული და გასაიდუმლოებული იყო, რაც საკუთარ თავზეც გამოვცადე.

"კვირის პალიტრის" ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნე, რომ საჩხერის სამთო მომზადების სკოლას პატრონაჟს ბიძინა ივანიშვილი უწევდა და ფინანსურად ეხმარებოდა. გაზეთის გამოსვლის მეორე დღესვე რედაქციაში "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლობითი დელეგაცია გვეწვია პრეტენზიით, ნუ ახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ არმიას ეხმარებაო.

გავიდა ცოტა ხანი და ჩვენს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალთან" ინტერვიუში ერთმა გენერალმა ქართული არმიის გაძლიერებაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ილაპარაკა. აAმჯერად უკვე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, გია ბარამიძის საყვედური მოვისმინე - თავი გაანებეთ მაგ კაცს, რუსეთში რომ გაიგონ, ქართულ არმიას ეხმარება, ბიზნესს წაართმევენო... ქართული არმიისთვის პრობლემების შექმნა ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომაც ჩემს სტატიებში ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებას 14-წლიანი ტაბუ დავადე - ოღონდ ჩვენს არმიას დაეხმაროს და საერთოდ არ ვახსენებ-მეთქი.

2012 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნისას, შემთხვევით გვერდიგვერდით აღმოვჩნდით და ვკითხე, ბატონო ბიძინა, რატომ მალავდით, რომ ქართულ არმიას აფინანსებდით-მეთქი? ამის აფიშირებას მაშინ შეიძლებოდა დიდი პრობლემები შეექმნაო, დამიდასტურა.

რატომ ვიხსენებ წლების შემდეგ ამ ყველაფერს? მაშინ, 2004 წელს, ქართულ არმიას სულზე მოუსწრო დახმარებამ, იქნებოდა ეს სააკაშვილის მთავრობის გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი თუ ივანიშვილის გასაიდუმლოებული მრავალმილიონიანი შემწეობა. ოფიცრებს მომავლის იმედი გაუჩნდათ და სამხედრო სამსახურის მიტოვება გადაიფიქრეს, გაიზარდა საბრძოლო სულისკვეთებაც, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებმა და 2008 წლის აგვისტოს ომმა ეს სულისკვეთება გააფერმკრთალა, თუმცა ეს სხვა თემაა.

აი, სწორედ ამიტომ დღეს ზოგი ოპოზიციონერის მტკიცება, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანასთან ერთად ქართული არმიაც დააქციაო, ტყუილია; პირიქით - 14 წლის წინ სწორედ ივანიშვილის მილიონებმა ამოასუნთქა და გადაარჩინა ქართული არმია.

ქართული არმიის პირადი შემადგენლობის პოლიტიკურ დაპირისპირებებში ჩათრევა ძალიან საშიშია, რადგან ერთიანი დაქვემდებარებიდან გამოსულ იარაღიან ადამიანებს, რომლებმაც ამ იარაღის გამოყენებაც კარგად იციან, დიდი უბედურების მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის, ამის გამოცდილება კი, სამწუხაროდ, არ გვაკლია.