ევროარმია რუსულ არმიას ვერ შეაკავებს... - კვირის პალიტრა

ევროარმია რუსულ არმიას ვერ შეაკავებს...

ევროკავშირის ინიციატივა ევროარმიით ნატოს ჩანაცვლების თაობაზე პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაახმაურა გაერთიანებული ევროპული არმიის შექმნის იდეა, რომელმაც დროთა განმავლობაში რუსეთისა თუ ჩინეთის შესაძლო აგრესიისგან ევროპის დაცვა უნდა ითავოს. შესაბამისად, ნატო დაკარგავს თავის მთავარ, კოლექტიური თავდაცვის ფუნქციას, რაც ალბათ, ზოგი ევროპელი ლიდერის ინტერესებს შეესაბამება, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტს მხარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც უჭერს.

ბებერი ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და, უპირველესად, სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის წინა პოლიტიკური ლიდერებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფუნქციონირებაში აშშ-ის წამყვან როლს და ყოველთვის ცდილობდნენ, ოკეანისგაღმელი "დიდი ძმისგან" მეტი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ.

ეს, ერთი შეხედვით, გასაგები იყო, მაგრამ მეორე მხრივ, რომ არა აშშ-ის ბირთვული შეიარაღება და სამხედრო დახმარება, ჰიტლერისგან გასავათებულ ბებერ ევროპას სტალინი "გადასანსლავდა", რადგან საბჭოთა სატანკო არმადების შემაჩერებელი ლა მანშამდე არავინ იყო და კრემლს მხოლოდ ამერიკული ატომური ბომბების შიში თუ აკავებდა.

მაკრონი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც თავისდა უნებურად ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემის შესუსტებას ცდილობს. 1966 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა თავისი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების სამხედრო ნაწილიდან გამოიყვანა. მაშინ ეს იმით ახსნეს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ დე გოლი ლეონიდ ბრეჟნევმა საბჭოთა კავშირში მიიპატიჟა და ბალისტიკური რაკეტის სტარტი აჩვენა, თანაც აუხსნა, რომ ასეთივე, ოღონდ ბირთვულქობინიან რაკეტას პარიზამდე მისაღწევად ათიოდე წუთი ეყოფოდა...

ასე იყო თუ ისე, საფრანგეთი ნატოს სრულუფლებიან წევრობას 2009 წელს დაუბრუნდა. პარიზში, ისევე როგორც ბერლინში, არ აღაფრთოვანებთ ფაქტი, რომ ნატოს ცხოვრებაში მთავარ როლს ვაშინგტონი თამაშობს, მაგრამ სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ძირითადად, სწორედ ამერიკული ფულით ფუნქციონირებს.

ცივი ომის დამთავრების შემდეგ ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს გაუჩნდათ ილუზია, რომ კრემლიდან მომავალი საფრთხე გაქრა და საკუთარი არმიების დაფინანსება შეამცირეს.

გერმანიამ ყველაზე შორს "შეტოპა" და სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-მდე შეამცირა და შედეგმაც არ დააყოვნა - ბუნდესვერის საბრძოლო მზადყოფნის დონე სამარცხვინოდ დაეცა...

პენტაგონის დახმარების გარეშე ევროპული ქვეყნების არმიები არც მანამდე გამოირჩეოდნენ საბრძოლო შესაძლებლობებით, მაგრამ დღეს სიტუაცია მეტად კრიტიკულია. პუტინის შესაძლო მორიგ ავანტიურას, დაახლოებით ისეთს, როგორიც მან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა, ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის შეიძლება მხოლოდ პოლონური არმია აღუდგეს წინ და ისიც - მხოლოდ ამერიკელების ოპერატიული დახმარებით.

ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა სამხედრო მიზნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს და ალიანსის უზარმაზარი მანქანის (ხშირად - მეტისმეტად ბიუროკრატიულის) შენახვა, ძირითადად, ისევ ამერიკელებს უწევთ. სწორედ ამიტომ აკრიტიკებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ევროპელ კოლეგებს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ევროარმიის შექმნის სურვილი ავანტიურას ჰგავს.

საფრანგეთმა და გერმანიამ მართლაც რომ დაიწყონ ევროარმიის შექმნა, ეს უდავოდ შეასუსტებს ნატოს, რაც ირიბად პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს...

P.S. ამ ყველაფრის ფონზე ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ნატოს წევრი რამდენიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები მომავალშიც შეაფერხებენ ალიანსში საქართველოს გაწევრების პროცესს, რაც მათ დღემდეც არაერთხელ გაუკეთებიათ.