გაიმარჯვა თუ არა ჯარშიც ახალმა პრეზიდენტმა? - კვირის პალიტრა

გაიმარჯვა თუ არა ჯარშიც ახალმა პრეზიდენტმა?

გამარჯვებული პრეზიდენტის დამარცხება ავღანეთში, ქართულ სამხედრო კონტინგენტში ჩატარებულ არჩევნებზე, ბევრ კითხვას ბადებს...

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების მეორე ტურზე მისული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამ აირჩია, მაგრამ შეიარაღებული ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდლისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს, რომ მან მეორე ტური წააგო ავღანეთში მყოფ ქართულ სამხედრო კონტინგენტში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ავღანეთში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ. 896 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 893-მა; მათგან 452-მა გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, ხოლო 362-მა - სალომე ზურაბიშვილს.

შეიძლება ვინმემ თქვას, რა მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს 900-ოდე კაცის არჩევანს, როცა ახალ პრეზიდენტს ხმა მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცაო, მაგრამ ასე არ არის - ხომ შეიძლება, არჩევნების მეორე ტურის დროს მთელ შეიარაღებულ ძალებში ასეთი განწყობა იყო? ამის დადგენა დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან, საბედნიეროდ, ჯარისთვის დახურული საარჩევნო უბნები აღარ არსებობდა, რაც დემოკრატიის თვალსაზრისით უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ავღანეთში, ბაგრამსა და მაზარი-შარიფში, ორი დახურული საარჩევნო უბანი მაინც შეიქმნა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ავღანეთში მყოფი 875 ქართველი სამხედროდან სალომე ზურაბიშვილს ხმა 397-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი - 261-მა. ერთი შეხედვით პირველ ტურში ზურაბიშვილმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ნახევარზე მეტი ხმა არასამთავრობო კანდიდატებმა მიიღეს. ეს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან მინიშნებად უნდა ქცეულიყო და დაფიქრებულიყვნენ - რა მიზეზით არ უჭერს უფრო აქტიურად მხარს სახელისუფლებო კანდიდატს ავღანეთში წარგზავნილი ქართული სამხედრო კონტინგენტი?

მართლაც, 23 ნოემბერს (საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე) თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ავღანეთში ქართულ სამხედრო კონტინგენტს ესტუმრნენ და გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. თუმცა, რა თქმა უნდა, აზრად არ მოგვსვლია, ვამტკიცოთ, რომ მათ იქ მყოფ სამხედროებს მოუწოდეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ (ამ მეთოდს სამხედრო ნაწილებში სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყენებდნენ).

ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტის პირადმა შემადგენლობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს დამაჯერებლად წააგებინა. ეს ხელისუფლებისა და მომავალი პრეზიდენტისთვისაც კატასტროფული შედეგია.

რატომ მოხდა ასე?

ბაგრამის სამხედრო ბაზაზე და მაზარი-შარიფში არჩევნების ორივე ტურში ხმას აძლევდა ქართული არმიის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა (მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა თავისი დამოკიდებულება ქაბულში, გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით გამოხატა). იქნებ მეორე ქვეით ბრიგადაში არის სერიოზული პრობლემები, რის გამოც 400-ზე მეტმა მებრძოლმა მხარი არ დაუჭირა სახელისუფლებო კანდიდატსა და თავიანთ მომავალ უმაღლეს მთავარსარდალს? თუკი ერთი ბრიგადის თითქმის მეოთხედი ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგია, შეიძლება სხვა ბრიგადებსა და მთელ შეიარაღებულ ძალებშიც ასეთივე სიტუაცია იყოს...

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციით ქვეყნის მართვის მთავარი ფუნქციები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გადაეცა, მაინცდამაინც გამართლებული არ უნდა იყოს, რომ უმაღლეს მთავარსარდლად ისევ პრეზიდენტი რჩება, თუმცა ეს სხვა თემაა. ახლა ხელისუფლებამ და, უპირველესად, ახალმა პრეზიდენტმა უნდა იფიქრონ, რატომ მიიღეს ასეთი შედეგი.

ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურეების ნაწილზე გავლენა მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური ძალის მიერ აგორებულმა ანტიპიარმა - თითქოს სალომე ზურაბიშვილის აზრით, აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და ამ ომის მონაწილე სამხედროებს ჰააგის სასამართლოში დაიბარებდნენ...

ამას შეიძლება დაემატა ისიც, რომ უმაღლესი მთავარსარდალი ქალი უნდა გამხდარიყო, რასაც, მენტალიტეტის გამო, სამხედროების ნაწილი ძნელად ეგუება.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებასა და ახალარჩეულ პრეზიდენტს მოუწევთ, უფრო ღრმად გააანალიზონ პრობლემები, რომლებიც ქართულ არმიას აწუხებს.