ვინ ესწრაფვის შავ ზღვაში გაბატონებას...
ვინ ესწრაფვის შავ ზღვაში გაბატონებას...
რუსეთი უკრაინისთვის შავ და აზოვის ზღვებზე გასასვლელის "ჩამორთმევას" გეგმავს...

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო თითქმის შეუმჩნეველი დარჩა რუსულ-უკრაინული ახალი სამხედრო ინციდენტი, რომელიც კინაღამ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.

25 ნოემბერს ქერჩის ახალაშენებულ ხიდთან, რომლის ქვეშაც შავი და აზოვის ზღვების დამაკავშირებელი საზღვაო გზა გადის, რუსულმა სასაზღვრო კატარღებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ აბორდაჟზე აიყვანეს უკრაინული ბუქსირი და ორი საარტილერიო ჯავშანკატარღა, დაატყვევეს ორ ათეულამდე უკრაინელი მეზღვაური; სამი მათგანი დაჭრილია.

უკრაინული მინიესკადრა ცდილობდა
ოდესიდან მარიუპოლის პორტში გადასვლას. მათ ამის უფლება ჰქონდათ 2003 წლის რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც აზოვისა და შავ ზღვებში ამ ორი ქვეყნის სავაჭრო გემებისა და სამხედრო ხომალდების დაუბრკოლებლად ცურვას ითვალისწინებს.

ამ ინციდენტით კრემლმა კვლავ გაამჟღავნა, რომ აზოვის ზღვიდან უკრაინის გაძევებას აპირებს, არადა, აზოვის ზღვის 200 კმ-ზე
მეტი სიგრძის სანაპირო უკრაინას ეკუთვნის, მათ შორის - მარიუპოლისა და ბერდიანსკის მსხვილი საზღვაო პორტები.

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აპირებდა დესტაბილიზაციის ტალღის აგორებას, რის მაგალითადაც იქცა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსი სამხედროების საბრძოლო მოქმედებები.

ანალოგიური ქმედებები ჩაფიქრებული იყო უკრაინის სხვა ოლქებშიც, მაგრამ უკრაინელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა თუ ოდესის "აფეთქებას" ხელი შეუშალეს.

განსაკუთრებული საშიშროება მაინც უკრაინის სამხრეთ ნაწილს, აზოვისა და შავ ზღვებზე გასასვლელ სანაპირო ზოლს ეხება. რუსეთის ხელისუფლებას სურს, კიევს ორივე ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტოს, რაც უკრაინას მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს.

ამ საშიშროებას კარგად იცნობს საქართველო, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად სანაპირო ზოლის დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებს.

რუსეთის ცდა, ნელ-ნელა მთლიანად გააკონტროლოს აზოვისა და შავი ზღვის უმეტესი ნაწილი, ფრთას შლის. აზოვის ზღვიდან უკრაინის "გამოძევების" შემდეგ ის მთლიანად რუსეთის შიდა ზღვად იქცევა, შავი ზღვის აღმოსავლეთ ზოლს კი, ანაკლია-ბათუმის მონაკვეთის გარდა, ისედაც რუსეთი აკონტროლებს. ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც შავი ზღვის "ჩაუძირავი ავიამზიდია", მოსკოვმა უკვე გადააქცია მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად.

მიმდინარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება და ის თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით უკვე აღემატება შავიზღვისპირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამივე ქვეყნის - თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ფლოტებს. მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა მხოლოდ თურქ მეზღვაურებს თუ შეუძლიათ, მაგრამ ერდოღან-პუტინის ურთიერთობის ფონზე ესეც ნაკლებსავარაუდოა.
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ვიხილოთ უკრაინის პორტებისთვის ბრძოლა ჯერ აზოვის, შემდეგ კი შავ ზღვაში...

ვახტანგი
24 დეკემბერი 2018 16:33
ბატონ ირაკლი ალადაშვილს!
1. არსად არ მიხსენებია, რომ „აზოვის ზღვა მარტო რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის“.
თვით რუსეთი აღიარებდა და აღიარებს, რომ აზოვის ზღვა ორი ქვეყნის (რუსეთის და უკრაინის) შიდა წყლებად ითვლება.
აზოვის სრუტეში რუსეთისა და უკრაინის გემების, მათ შორის სამხედრო–საზღვაო ფლოტის შესვლა და გამოსვლა რეგულირდება მხოლოდ წინასწარი ურთიერთ შეტყობინებით. ეს საჭიროა იქით–აქეთ მცურავი ქარავნების ჩამოსაყალიბებლად და ლოცმანი გემების გამოსაყოფად, ვინაიდან აზოვის ზღვას რთული ფარვატერი აქვს...
2. 2003 წლის რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულების თანახმად ასევე დარეგულირებულია სხვა ქვეყნების სავაჭრო და სამხედრო გემების ცურვა. როგორც ვიცი სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მოცურავე საშუალებებისათვის აუცილებელია ორივე ქვეყნის თანხმობა.
3. თუ ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება არ აწყობს უკრაინას, ხომ შეიძლება ცივილური ფორმებით მისი გადახედვა?

ირაკლი ალადაშვილი
24 დეკემბერი 2018 01:24
ვახტანგი 21 დეკემბერი 2018 10:01
არავის დამცველი არა ვარ, მითუმეტეს რუსეთის, მაგრამ სტატია შეიცავს ნახევრად სიმართლეს. ხოლო ნახევარ სიმართლე ტყუილზე უარესია. მაგ. ავტორი წერს, რომ "მათ (უკრაინას) ამის უფლება ჰქონდათ 2003 წლის რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც აზოვისა და შავ ზღვებში ამ ორი ქვეყნის სავაჭრო გემებისა და სამხედრო ხომალდების დაუბრკოლებლად ცურვას ითვალისწინებს“.
ხელშეკრულება მოიცავს აზოვის სრუტეში გემების შესვლა და გამოსვლის რეგულაციას.
მოცემულ შემთხვევაში უკრაინამ პროვოკაციის ჩადენის მიზნით დაარღვია ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ორი დღით ადრე წინასწარ შეტყობნებას. დატყვევებული გემების საბორტო ჟურნალებში დაფიქსირებულია ბრძანება აზოვის ზღვაში ამ გემების ნებისმიერი ხერხით შეღწევასთან დაკავშირებით.
მოკლედ უკრაინამ გადაწყვიტა შეტყობინების გარეშე ახლად აშენებული ყირიმის ხიდის ქვეშ გასვლა. პასუხმაც არ დააყოვნა....
იმედი არ მაქვს, რომ ჩემს კომენტარს გამოაქვეყნებთ, მაგრამ იმის იმედს მაინც ვიტოვებ, რომ სტატიის ავტორს მაინც გააცნობთ.



ბატონო ვახტანგ, როგორც ხედავთ ჩვენთან ყველა კომენტარი ქვეყნდება(თუ არ შეიცავს პირად შეურაცხყოფას). მე ვერ დაგეთანხმებით, რომ აზოვის ზღვა მარტო რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის. ქერჩის ხიდის აგებით მოსკოვი ორი კურდღელის დაჭერას ცდილობს-ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუძულზე საავტომობილო და სარკინიგზო(უახლოეს მომავალში) მიმოსვლა დაამყაროს და ამასთან დაარეგულიროს ქერჩის ხიდის ქვეშ გამავალი ,სხვა ქვეყნების სავაჭრო გემებისა და სამხედრო კატარღების ცურვა. უკრაინას, რომელსაც ყირიმის ნახევარკუნძულის რუსული ოკუპაციის შემდეგ მაინც რჩება ორ ასეულ კმ-ზე მეტი სანაპირო ზოლი აზოვის ზღვაში(თავის საზღვაო პორტებით), სრული უფლება აქვს აზოვის ზღვაში ნაოსნობის, მათ შორის სანაპირო დაცვისა თუ სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღების გამოყენებით.


პატივისცემით, ირაკლი ალადაშვილი
ვახტანგი
21 დეკემბერი 2018 10:01
არავის დამცველი არა ვარ, მითუმეტეს რუსეთის,მაგრამ სტატია შეიცავს ნახევრად სიმართლეს. ხოლო ნახევარ სიმართლე ტყუილზე უარესია. მაგ. ავტორი წერს, რომ "მათ (უკრაინას) ამის უფლება ჰქონდათ 2003 წლის რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც აზოვისა და შავ ზღვებში ამ ორი ქვეყნის სავაჭრო გემებისა და სამხედრო ხომალდების დაუბრკოლებლად ცურვას ითვალისწინებს“.
ხელშეკრულება მოიცავს აზოვის სრუტეში გემების შესვლა და გამოსვლის რეგულაციას.
მოცემულ შემთხვევაში უკრაინამ პროვოკაციის ჩადენის მიზნით დაარღვია ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ორი დღით ადრე წინასწარ შეტყობნებას. დატყვევებული გემების საბორტო ჟურნალებში დაფიქსირებულია ბრძანება აზოვის ზღვაში ამ გემების ნებისმიერი ხერხით შეღწევასთან დაკავშირებით.
მოკლედ უკრაინამ გადაწყვიტა შეტყობინების გარეშე ახლად აშენებული ყირიმის ხიდის ქვეშ გასვლა. პასუხმაც არ დააყოვნა....
იმედი არ მაქვს, რომ ჩემს კომენტარს გამოაქვეყნებთ, მაგრამ იმის იმედს მაინც ვიტოვებ, რომ სტატიის ავტორს მაინც გააცნობთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?