ვინ ესწრაფვის შავ ზღვაში გაბატონებას... - კვირის პალიტრა

ვინ ესწრაფვის შავ ზღვაში გაბატონებას...

რუსეთი უკრაინისთვის შავ და აზოვის ზღვებზე გასასვლელის "ჩამორთმევას" გეგმავს...

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო თითქმის შეუმჩნეველი დარჩა რუსულ-უკრაინული ახალი სამხედრო ინციდენტი, რომელიც კინაღამ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.

25 ნოემბერს ქერჩის ახალაშენებულ ხიდთან, რომლის ქვეშაც შავი და აზოვის ზღვების დამაკავშირებელი საზღვაო გზა გადის, რუსულმა სასაზღვრო კატარღებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ აბორდაჟზე აიყვანეს უკრაინული ბუქსირი და ორი საარტილერიო ჯავშანკატარღა, დაატყვევეს ორ ათეულამდე უკრაინელი მეზღვაური; სამი მათგანი დაჭრილია.

უკრაინული მინიესკადრა ცდილობდა ოდესიდან მარიუპოლის პორტში გადასვლას. მათ ამის უფლება ჰქონდათ 2003 წლის რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც აზოვისა და შავ ზღვებში ამ ორი ქვეყნის სავაჭრო გემებისა და სამხედრო ხომალდების დაუბრკოლებლად ცურვას ითვალისწინებს.

ამ ინციდენტით კრემლმა კვლავ გაამჟღავნა, რომ აზოვის ზღვიდან უკრაინის გაძევებას აპირებს, არადა, აზოვის ზღვის 200 კმ-ზე მეტი სიგრძის სანაპირო უკრაინას ეკუთვნის, მათ შორის - მარიუპოლისა და ბერდიანსკის მსხვილი საზღვაო პორტები.

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აპირებდა დესტაბილიზაციის ტალღის აგორებას, რის მაგალითადაც იქცა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსი სამხედროების საბრძოლო მოქმედებები.

ანალოგიური ქმედებები ჩაფიქრებული იყო უკრაინის სხვა ოლქებშიც, მაგრამ უკრაინელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა თუ ოდესის "აფეთქებას" ხელი შეუშალეს.

განსაკუთრებული საშიშროება მაინც უკრაინის სამხრეთ ნაწილს, აზოვისა და შავ ზღვებზე გასასვლელ სანაპირო ზოლს ეხება. რუსეთის ხელისუფლებას სურს, კიევს ორივე ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტოს, რაც უკრაინას მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს.

ამ საშიშროებას კარგად იცნობს საქართველო, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად სანაპირო ზოლის დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებს.

რუსეთის ცდა, ნელ-ნელა მთლიანად გააკონტროლოს აზოვისა და შავი ზღვის უმეტესი ნაწილი, ფრთას შლის. აზოვის ზღვიდან უკრაინის "გამოძევების" შემდეგ ის მთლიანად რუსეთის შიდა ზღვად იქცევა, შავი ზღვის აღმოსავლეთ ზოლს კი, ანაკლია-ბათუმის მონაკვეთის გარდა, ისედაც რუსეთი აკონტროლებს. ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც შავი ზღვის "ჩაუძირავი ავიამზიდია", მოსკოვმა უკვე გადააქცია მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად.

მიმდინარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება და ის თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით უკვე აღემატება შავიზღვისპირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამივე ქვეყნის - თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ფლოტებს. მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა მხოლოდ თურქ მეზღვაურებს თუ შეუძლიათ, მაგრამ ერდოღან-პუტინის ურთიერთობის ფონზე ესეც ნაკლებსავარაუდოა. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ვიხილოთ უკრაინის პორტებისთვის ბრძოლა ჯერ აზოვის, შემდეგ კი შავ ზღვაში...