სად იშოვება იარაღი არეულობისთვის?
14-12-2018
სად იშოვება იარაღი არეულობისთვის?
რამდენად რეალურია ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირების მოწყობა და სად მოიძებნება ამისთვის რესურსი...

ახალი პრეზიდენტი ავირჩიეთ, მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა ამას არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია. არჩევნების შედეგის არაღიარებასთან ერთად, ოპოზიციის რეალურმა ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
თბილისში, ოპოზიციის მიტინგის დაწყების წინ, დააკავეს უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლებიც უკრაინული ბატალიონის, "დონბასის" რიგებში იბრძოდნენ. გამოძიება მათ ორი პისტოლეტის, თვითნაკეთი ავტომატური იარაღისა და ხელყუმბარების უკანონოდ შეძენა-შენახვაში სდებს ბრალს. დაკავებულები, სავარაუდოდ,
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის იდეური თანამებრძოლები არიან და მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მისი მოწოდება ძალაუნებურად ასოცირდება საქართველოში დაუმორჩილებლობის დასაწყებად შეიარაღებული პირების შესაძლო "ექსპორტთან". დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ იარაღი ჩაუდეს. უკრაინიდან ჩამოსული სტუმრები აეროპორტში პისტოლეტებს ვერ შემოიტანდნენ, მაგრამ "შავი იარაღის" შოვნა საქართველოშიც არ არის ძნელი.

1991 წლის ბოლოს, როდესაც საქართველოში
სამოქალაქო ომი დაიწყო, ქართველები პისტოლეტებსა და ავტომატებს საბჭოთა სამხედრო ნაწილებში ყიდულობდნენ. ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა საბჭოთა სისტემისთვის, რომელიც მანამდე ჯარისკაცებს აიძულებდა, სასროლეთზე ნასროლი ვაზნების მასრებიც კი შეეგროვებინათ, მაგრამ აქ უკვე დიდი პოლიტიკა ჩაერია და დაიწყო სპეცსამსახურების თამაში - მივცეთ ქართველებს რაც შეიძლება მეტი იარაღი, რომ ენერგია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებაში კი არა, პოლიტიკურ და ეთნიკურ დაპირისპირებებში დახარჯონ... ეს მარტივი, მაგრამ მოქმედი მექანიზმი მოსკოვმა არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში, მოგვიანებით კი უკრაინაშიც წარმატებით გამოიყენა.

მაგრამ დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, თუნდაც ოკუპირებული რეგიონებით; საიდან შეიძლება გაჩნდეს იარაღის წყაროები ქვეყანაში შეიარაღებული მასობრივი დაუმორჩილებლობის დასაწყებად? მოსახლეობას აქვს ოფიციალურად გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი, ამიტომ ყველაზე თავზე ხელაღებულიც კი ეცდება, მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი თუ შაშხანა კანონდარღვევით არავინ გამოიყენოს, რადგან ადრე თუ გვიან, ბალისტიკური ექსპერტიზა მის იარაღს "ამოაგდებს". მაგრამ არის მეორე გზა - "შავი" ანუ არარეგისტრირებული ან დაკარგული იარაღი, რომლის "შავბნელი" წარმომავლობა მის პოტენციურ გამომყენებელს დაუსჯელობის განცდას უძლიერებს.

სად შეიძლება "შავი" იარაღის შოვნა?
ქვეყანა, რომელმაც ოც წელში ხუთი ომი გადაიტანა, გადამალული იარაღის სიმცირეს არ უჩივის. აგვისტოს ომიდან რუსმა სამხედროებმა, სხვა შეიარაღებასთან ერთად, გორისა და სენაკის სამხედრო ბაზებიდან და კოდორის ხეობიდან ალაფის სახით სამი ათასამდე სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს. დიდი ალბათობით, იარაღის არცთუ მცირე ნაწილი ასევე "რუსულ ნაალაფრად" ჩამოიწერა ან დაკარგულად ჩაითვალა, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ისინი კონკრეტული პარტიის სამომავლო ინტერესებისთვის დაასაწყობეს და შეინახეს.

გარდა ამისა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიქმნა იარაღის სამალავები პარტიზანული მოქმედებების დაწყების შემთხვევისთვის, რაც ლოგიკური იყო, თუმცა ამ სამალავების უმეტესობის ზუსტი კოორდინატები, ალბათ, დღევანდელ ხელისუფლებაზე უკეთ სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ მაღალჩინოსნებს მოეხსენებათ... მასობრივი არეულობის მოწყობა, მით უმეტეს - იარაღის გამოყენებით, არცთუ ადვილია და იმედი გვაქვს, ეს საშინელება საქართველოში აღარ განმეორდება, თუმცა ამისთვის იარაღის შოვნა და ამ იარაღის მომხმარებელთა შეგროვება, არა მარტო თეორიულად, პრაქტიკულადაც შესაძლებელია.


რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები