ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ქართული სანაპიროს დასაცავად... - კვირის პალიტრა

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ქართული სანაპიროს დასაცავად...

ქართული სანაპიროსა და პორტების დაცვა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით უფრო ეფექტიანი და იაფი იქნება, ვიდრე სამხედრო-საზღვაო ძალების ხელახლა შექმნა და აღჭურვა...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებამ - "ნატო საქართველოს დაეხმარება სანაპირო დაცვის სამსახურისა და საზღვაო ძალების განვითარებაში" - დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ სტოლტენბერგი, ალბათ, მხოლოდ სანაპირო დაცვის გაძლიერებას გულისხმობდა, რადგან შეიძლება არც იცის, ჰყავს თუ არა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები.

რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუძლია, აღუდგინოს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, მაგრამ მათი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. მეორე მხრივ, რა ფუნქციები შეიძლება დაეკისროს აღდგენილ ქართულ სამხედრო ფლოტს მაშინ, როცა რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტი თითქმის სრულად გადაიარაღა და დღეს შავი ზღვის აკვატორიაში უკვე ჯაბნის თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს. ქართულ სანაპირო დაცვას თავისი ფუნქციების შესრულება გაუჭირდება, რადგან ქართველ საზღვაო მესაზღვრეებს აღარ შეუძლიათ ნაოსნობისთვის დახურულ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირისა და სოხუმის პორტებში შემავალ-გამომავალი გემების დაკავება-დაჯარიმება, რასაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ.

დღეს ოჩამჩირის პორტში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების სანაპირო დაცვის კატარღების ბაზაა და თუკი ქართული სანაპირო დაცვის კატარღები შეეცდებიან, საქართველოს საზღვაო აკვატორიის დამრღვევი გემები დააკავონ, რუსი მესაზღვრეები ისევე აგრესიულად იმოქმედებენ, როგორც ორი კვირის წინ, ქერჩის ხიდთან უკრაინელი მესაზღვრეების წინააღმდეგ, საზღვაო ბრძოლაში კი მათ სათანადო წინააღმდეგობას ვერც ქართული სანაპირო დაცვის კატარღები გაუწევენ და ვერც - ჰიპოთეზური ქართული სამხედრო-საზღვაო ძალები, მაგრამ არსებობს თუ არა გამოსავალი ქართული სანაპირო ზოლის, ტერიტორიული წყლებისა და რაც უმთავრესია - სტრატეგიული მნიშვნელობის ფოთისა და ბათუმის პორტების დასაცავად?

არსებობს, და ეს არის სანაპირო ზოლზე განთავსებული ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მტრის საბრძოლო და სადესანტო ხომალდებს ჩვენს სანაპიროსა და პორტებთან მოახლოების საშუალებას არ მისცემს.

მსოფლიოში დღეს ცნობილია არაერთი ეფექტიანი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, მათ შორის - ფრანგული "ექსოსეტები", შვედური "ერ-ბი-ეს"-ები, ამერიკული "ჰარპუნები" და სხვ. მათი ღირებულებაც არ არის მცირე, მაგრამ უფრო იაფია, ვიდრე სამხედრო ფლოტის შექმნა და მისი ექსპლუატაცია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში პრიორიტეტულად მიიჩნევს სამ მიმართულებას: ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდა ("ჯაველინებით" აღჭურვა); საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ("სტინგერების", "მისტრალებისა" და მობილური რადიოლოკატორების შეძენა) და კონტრმობილურობის გაზრდა (ინჟინრული მეთოდების გამოყენება ხიდებისა და გვირაბების აფეთქების ჩათვლით, მოწინააღმდეგის შეტევების შესაფერხებლად), მაგრამ აუცილებელია მეოთხე კომპონენტის დამატება - სანაპირო ზოლისა და სტრატეგიული მნიშვნელობის პორტების დაცვა ხმელეთიდან, რაც სწორედ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებითა და ნაწილობრივ არტილერიის გამოყენებით შეიძლება.