ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ქართული სანაპიროს დასაცავად...
10-12-2018
ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ქართული სანაპიროს დასაცავად...
ქართული სანაპიროსა და პორტების დაცვა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით უფრო ეფექტიანი და იაფი იქნება, ვიდრე სამხედრო-საზღვაო ძალების ხელახლა შექმნა და აღჭურვა...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებამ - "ნატო საქართველოს დაეხმარება სანაპირო დაცვის სამსახურისა და საზღვაო ძალების განვითარებაში" - დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ სტოლტენბერგი, ალბათ, მხოლოდ სანაპირო დაცვის გაძლიერებას გულისხმობდა, რადგან შეიძლება არც იცის, ჰყავს თუ არა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები.

რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუძლია, აღუდგინოს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები,
მაგრამ მათი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. მეორე მხრივ, რა ფუნქციები შეიძლება დაეკისროს აღდგენილ ქართულ სამხედრო ფლოტს მაშინ, როცა რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტი თითქმის სრულად გადაიარაღა და დღეს შავი ზღვის აკვატორიაში უკვე ჯაბნის თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს. ქართულ
სანაპირო დაცვას თავისი ფუნქციების შესრულება გაუჭირდება, რადგან ქართველ საზღვაო მესაზღვრეებს აღარ შეუძლიათ ნაოსნობისთვის დახურულ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირისა და სოხუმის პორტებში შემავალ-გამომავალი გემების დაკავება-დაჯარიმება, რასაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ.

დღეს ოჩამჩირის­ პორტში რუსეთის უშიშ­რო­ების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების სანაპირო დაცვის კატარღების ბაზაა და თუკი ქართული სანაპირო დაცვის კატარღები შეეცდებიან, საქართველოს საზღვაო აკვატორიის დამრღვევი გემები დააკავონ, რუსი მესაზღვრეები ისევე აგრესიულად იმოქმედებენ, როგორც ორი კვირის წინ, ქერჩის ხიდთან უკრაინელი მესაზღვრეების წინააღმდეგ, საზღვაო ბრძოლაში კი მათ სათანადო წინააღმდეგობას ვერც ქართული სანაპირო დაცვის კატარღები გაუწევენ და ვერც - ჰიპოთეზური ქართული სამხედრო-საზღვაო ძალები, მაგრამ არსებობს თუ არა გამოსავალი ქართული სანაპირო ზოლის, ტერიტორიული წყლებისა და რაც უმთავრესია - სტრატეგიული მნიშვნელობის ფოთისა და ბათუმის პორტების დასაცავად?
არსებობს, და ეს არის სანაპირო ზოლზე განთავსებული ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მტრის საბრძოლო და სადესანტო ხომალდებს ჩვენს სანაპიროსა და პორტებთან მოახლოების საშუალებას არ მისცემს.

მსოფლიოში დღეს ცნობილია არაერთი ეფექტიანი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, მათ შორის - ფრანგული "ექსოსეტები", შვედური "ერ-ბი-ეს"-ები, ამერიკული "ჰარპუნები" და სხვ. მათი ღირებულებაც არ არის მცირე, მაგრამ უფრო იაფია, ვიდრე სამხედრო ფლოტის შექმნა და მისი ექსპლუატაცია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში პრიორიტეტულად მიიჩნევს სამ მიმართულებას: ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდა ("ჯაველინებით" აღჭურვა); საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ("სტინგერების", "მისტრალებისა" და მობილური რადიოლოკატორების შეძენა) და კონტრმობილურობის გაზრდა (ინჟინრული მეთოდების გამოყენება ხიდებისა და გვირაბების აფეთქების ჩათვლით, მოწინააღმდეგის შეტევების შესაფერხებლად), მაგრამ აუცილებელია მეოთხე კომპონენტის დამატება - სანაპირო ზოლისა და სტრატეგიული მნიშვნელობის პორტების დაცვა ხმელეთიდან, რაც სწორედ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებითა და ნაწილობრივ არტილერიის გამოყენებით შეიძლება.
საქართველოს მოქალაქე
09 თებერვალი 2019 22:41
აირბუსის 11ტონა კლასის ვერტმფრენების მრავალი ფუნქცია აქვს, სატრანსპორტო, სამაშველო, მედევაკი , საზღვრის დაცვის და კიდევ ეს ✓ https://youtu.be/Wey4AbLrZ1A
მამუკა
08 იანვარი 2019 00:18
"ქართული სანაპიროსა და პორტების დაცვა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით უფრო ეფექტიანი და იაფი იქნება, ვიდრე სამხედრო-საზღვაო ძალების ხელახლა შექმნა და აღჭურვა"...
ჩემთვის პირადად ღიმილის მომგვრელია ასეთი განცხადება.თან "უფრო ეფექტიანი" იქნება თურმე...სხვა საქმეა რომ ვთქვა ვინმეს არ გავაქვს უკეთესი საშუალებებისათვის სახსები და დავჯერდეთ შედარებით იაფსო.მაგაზე უკეთესი რა იქნებოდა ასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე?დადგამ სადღაც სანაპიროზე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების კომპლექსებს და დაიძინე მშვიდად.მტერის მოაწყდება სანაპიროს დაბნეულ ჩიტივით და დაელოდება როდის ესვრი რაკეტას...
ცალკე საკითხია გავბედავთ თუ არა იმ რაკეტების გამოყენებას თუ ვთქვათ უცხო ქვეყნის(ვთქვათ რუსეთის) რომელიმე ხომალდი შემოვა ჩვენს ტერიტორიულ წყლებში...რას მოვიმოქმედებთ?დამოვაგორებთ კომპლექსს და დაველოდებით როდის მოვა სანაპიროსთან უშუალოდ?ცალკე საკითხია წყალქვეშა ნავები.მათ წინააღმდეგ საერთოდ უსუსურია ეს სისტემები.
და ბოლოს:რამდენად სერიოზულია ასეთ რთულ საკითხებიოსადმია სეთი მარივი მიდგომა,რომ თურმე დავდგამთ სადღაც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და ამით გადავჭრით საზღვაო საფრთხეებისაგან თავდაცვის საკითხს?ასე მარტივია ეს საკითხი?მე ეგრე მესმის,რომ თავდაცვა საერთოდ კომპლექსური ღონისძებაა.საზღვაო საფრთხეებისაგან თავდაცვაც,რომლის ერთ ერთი შემადგენელია მხოლოდ სანაპირო დაცვის სისტემები და თან არა ძირითადი
ირაკლი ალადაშვილი
02 იანვარი 2019 22:30
ეჰ,საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღებით, „ბათუმითა“ და „თბილისით“, ორჯერ მაქვს გადაცურული შავი ზღვა ბულგარეთამდე და უკრაინამდე,4-5 ბალიანი შტორმებიც გამივლია, „თბილისის“ დიზელის ძრავების ნაწილებით მიშოვნია ოდესაში(რაღაცეებს კიდევ არ ვიტყვი) და არა მგონია ვინმეზე ნაკლებად მსურდეს ქართველი სამხედრო მეზღვაურების სახელის აღორძინება(სხვა თუ არაფერი,ჩემი პირადი ინიციატივით 1999 წლიდან ჩვენს კატარღებს ქართული ქალაქებისა და რეგიონების სახელი დაერქვა და ამ კტარღებძზ შეფობა ავაღებინა, „კვირის პალიტრას“ „თბილისზე“,თელავის უნივერსიტეტს „ახმეტაზე“,ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტს „ქუთაისზე“, ჟურნალ „არსენალს“ მესაზღვრეების „გენერალ მაზნიაშვილზე“...
მიუხედავად,ყოველივე ამისა,თავადაც ძალიან არ მინდა,მაგრმ სამწუხაროდ რაც ზემოთ დავწერე,ესაა მწარე რეალობა...


პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები