სხვის ომში დაღუპული... - კვირის პალიტრა

სხვის ომში დაღუპული...

21-წლიანი პაუზის შემდეგ ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

მოხდა ის, რაც ალბათ გარდაუვალი იყო - ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა...

საბრძოლო შეტაკების სრული სურათი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არაოფიციალური წყაროების მტკიცებით, საბრძოლო ოპერაციის განხორციელებისას, 5 სექტემბრის დილას, ჰილმენდის პროვინციაში, ერთ-ერთი ყიშლაღის გაწმენდის დროს, ქართველ ლეიტენანტს ყელში სნაიპერის ტყვია მოხვდა. ლეიტენანტ შუკვანის გადასარჩენად დაძრული ქართული ჯგუფი კი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების არეალში მოხვდა. მძიმედ დაიჭრა ამავე ბატალიონის კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია. მან ორივე ფეხი დაკარგა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

აქამდე ტრაგედიისგან ძირითადად ის გარემოება გვიცავდა, რომ ჰილმენდის პროვინციაში ა.წ.-ის აპრილში გადასროლილი 31-ე ბატალიონის 750-მდე მებრძოლი თითქმის არ მონაწილეობდა რეალურ საბრძოლო ოპერაციებში, რადგან მათი ბოლომდე აღჭურვა (დამცველი სათვალეებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით და ზოგიერთი სხვა ამუნიციით) არ იყო დამთავრებული.

31-ე ბატალიონის მებრძოლების სრული ეკიპირების შემდეგ დაიწყეს მათი ჩართვა რეალურ საბრძოლო ოპერაციებში ამერიკულ საზღვაო ქვეითთა დანაყოფებთან ერთად.

5 სექტემბრის ოპერაცია მეორე თუ მესამე იყო, რაც, საუბედუროდ, მსხვერპლით დამთავრდა. ქართული არმია საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამ წელს კოსოვოში პირველი ოცეული (34 კაცი) გაიგზავნა. 2003 წლამდე ყოველ ნახევარ წელიწადში ოცეულების დონეზე მიდიოდა როტაცია.

თავად ოცეული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში იწერებოდა. 2003 წლიდან კოსოვოში, ყოველ ექვს თვეში, ოცეულის გარდა, უკვე ასეულსაც (150 კაცამდე) ვგზავნიდით.

ასეული გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა. 2008 წლის გაზაფხულზე, როდესაც დასავლეთის ნაწილმა კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო, ქართულმა ოცეულმა და ასეულმა სასწრაფოდ დატოვეს კოსოვო. ერაყში პირველი ქართული სამხედრო ჯგუფი (80 კაცზე მეტი, ექიმი და მესანგრე) 2003 წლის ზაფხულში გავგზავნეთ. 2004 წელს ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა 300 კაცამდე გაიზარდა, 2005 წლიდან კი - 850-მდე. 2007 წლის ივლისიდან 2008 წლის აგვისტომდე ერაყში სამშვიდობო მისიას 2000 ქართველი სამხედრო ეწეოდა.

5 წლის განმავლობაში ერაყში ქართულმა კონტინგენტმა 4 სამხედრო დაკარგა (მათგან 2 უშუალოდ მოწინააღმდეგის ცეცხლის ზემოქმედების შედეგად), ათობით კაცი დაიჭრა.

ავღანეთში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში ქართული არმიის 50 სამხედრო ეპიზოდურად 2004 წელს რამდენიმე თვით ჩაერთო, როდესაც ისინი ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. მათი გამოყვანის შემდეგ ავღანეთში ლიტვის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში ერთმანეთის ჩანაცვლებით ორი ქართველი სამხედრო იმყოფებოდა.

2009 წლის 16 ნოემბერს ავღანეთში მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის 172 სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. ქართული სამშვიდობო ასეული ფრანგული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში ქ. ქაბულში რეგიონული სარდლობის შტაბბინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. 2010 წლის აპრილიდან ავღანეთის სამხრეთით ჰილმენდის პროვინციაში ქართული არმიის 31-ე ბატალიონის 750 სამხედრო მსახურობს.

5 სექტემბერს დაღუპული ქართველი ლეიტენანტი სწორედ ამ ბატალიონის ერთ-ერთ ასეულს მეთაურობდა...

არავინ უარყოფს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში ავღანეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა მასშტაბის და სახის უნდა იყოს ეს.

2004 წლიდან 2009 წლამდე ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქართველი სამხედრო იმყოფებოდა, მაგრამ ეს მაინც გვეთვლება მონაწილეობად.

დღეს ავღანეთში 925-მდე სამხედრო გვყავს, რაც, ბუნებრივია, ძალზე ზრდის მათი დაჭრისა და დაღუპვის რისკს. ეს განსაკუთრებით ეხება ჰილმენდის პროვინციაში მყოფ 31-ე ბატალიონს, რადგან ქ. ქაბულთან მდგარი ქართული ასეულისგან განსხვავებით, ავღანეთის რთულ სამხრეთ რაიონებში ამ ბატალიონის მებრძოლები რეალურ ანტიპარტიზანულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ, რაც ბევრად უფრო სახიფათოა.

ავღანეთში, საქართველოდან 2000 კმ-ის დაშორებით, ათასამდე ქართველი სამხედრო გაიგზავნა. მეზობელ რუსეთს კი ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული და თბილისიდან 3-4 ათეულ კმ-ში დგას, რაც საზოგადოების პროტესტს იწვევს.

მაგრამ ეს პროტესტი ჯერჯერობით მიძინებულია, რადგან 1979-1989 წლებისგან განსხვავებით, როდესაც ავღანეთში შეჭრილი საბჭოთა არმიის რიგებში სასამსახუროდ ძირითადად ძალით მიჰყავდათ წვევამდელები, დღეს ავღანეთში კონტრაქტით მომსახურე ქართული სამხედროები უმეტესწილად საკუთარი სურვილით მიემგზავრებიან.

შეიძლება ხელისუფლება პიარით ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ავღანეთში თალიბებთან თუ ალ-ქაიდასთან ბრძოლა ამერიკელების მხარდამხარ საქართველოს ვალიცაა, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობს - ავღანეთში (როგორც მანამდე კოსოვოსა და ერაყში) ჩასული ქართველი სამხედროების დიდი ნაწილისთვის მთავარი ფინანსური დაინტერესებაა.

ეს განსაკუთრებით ეხება კაპრალებს, რომლებსაც, ოფიცრებისგან განსხვავებით ნაკლებად აქვთ სამხედრო კარიერის გაკეთების საშუალება, სამაგიეროდ, ავღანეთში ექვსთვიანი მსახურების დროს ყოველთვიურად 700-800 დოლარს მიიღებენ, დაახლოებით ამდენივე, ოღონდ ლარით, ხელფასიდან შინ შეენახებათ.

საზოგადოება ფიქრობს, რომ სხვის ომში ათასობით ქართველი სამხედროს გაგზავნის ნაცვლად აჯობებდა, ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა ოცეულით ან მაქსიმუმ ასეულით მიეღო, ხოლო ქართულ არმიას სამშობლოში ევარჯიშა რეალური მოწინააღმდეგის იმ თვითმფრინავებისა და ტანკების გასანადგურებლად, რომლებიც ავღანეთში თალიბებს არ აქვთ და ავღანეთში ამ მხრივ საბრძოლო გამოცდილებას ქართველი სამხედრო ვერ მიიღებს...

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს ავღანეთში დაღუპული ლეიტენანტ მუხრან შუკვანის ოჯახს. იმედია, იმავე ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია მალე გამოჯანმრთელდება.

P.S. როგორც "კვირის პალიტრისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გასულ კვირას, ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, თავდაცვის სამინისტროს რაიმე ოფიციალური განცხადება ამ ახალ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია.