"დიდგორი-2018" - მზადება ტოტალური თავდაცვისთვის - კვირის პალიტრა

"დიდგორი-2018" - მზადება ტოტალური თავდაცვისთვის

"უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე ომის დროს ქვეყნის თავდაცვისა და მართვის მეთოდებს ხვეწენ..."

წელს საქართველოში არაერთი სამხედრო სწავლება ჩატარდა, მათ შორის - საერთაშორისო დონისაც, როცა ტანკები გრუხუნებდა, ჰაუბიცები გამაყრუებლად ისროდა, ჰაერში კი შვეულმფრენები ხმაურობდა... დიდგორი-2018" კი უხმაუროდ ჩაივლის, თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ომის დაწყების შემთხვევაში ოთახებში ოპერატიულ რუკებსა და მონიტორის ეკრანებს მიჩერებული ოფიცრებისა და სამოქალაქო სახელმწიფო მოხელეების მთავარი ამოცანა ტოტალური თავდაცვისა და საომარ პირობებში ქვეყნის მართვის მეთოდების დახვეწა იქნება.

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი" ყოველი წლის მიწურულს ტარდება და მისი მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა ერთობლივი მუშაობის ორგანიზებაა.

ამჯერად უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ერთდროულად მიმდინარეობს კრწანისში (ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში), მთავრობის კანცელარიასა და სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში.

საქართველომ 26 წლის განმავლობაში ხუთი ომი გადაიტანა (1992 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ცხინვალთან; 1992-1993 წლებში აფხაზეთში; 1998 წლის მაისში გალის რაიონში; 2004 წლის ზაფხულში ისევ ცხინვალთან და 2008 წლის ომი რუსეთთან ორ ფრონტზე - ცხინვალსა და კოდორის ხეობაში).

ამ ომებში გამოჩნდა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ასეთ რთულ მომენტებში შეიარაღებულ ძალებს გვერდით ედგას ადგილობრივი სამოქალაქო ხელმძღვანელობა, რომლის ფუნქცია იქნება საბრძოლო დანაყოფებისთვის გზის სწავლება, მათი დაბინავება, კვება-დასვენება და სხვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხების მოგვარება, რისთვისაც ომის დროს სამხედროების მოცდენა გაუმართლებელია.

სახელმწიფო სტრუქტურებიდან კადრების გადინება ბუნებრივი პროცესია და ის სახელმწიფო მოხელე, რომელმაც "დიდგორზე" საჭირო ცოდნა შეიძინა, შეიძლება მალე სხვა სამსახურში გადავიდეს, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების ყოველწლიურად გამართვა კი მეტ ჩინოვნიკს აძლევს საშუალებას, მომზადდეს კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების სამართავად.

შარშან "დიდგორზე" გამოჩნდა ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელის მომზადების დონისა და ურთიერთთანამშრომლობის ხარვეზები, მაგრამ ეს სწავლება ყოველწლიურად სწორედ ამიტომ ტარდება, რომ შეცდომები გამოვლინდეს და აღმოიფხვრას. მთავარია, "დიდგორის" მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები სერიოზულად მიუდგნენ ამ სწავლებას. თუ ვინმეს ეს მხოლოდ თამაში ჰგონია, ცდება, რადგან ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში მათი ცოდნა და გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება.

არ გვინდა, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ქვეყნის მართვის პროცესი ხუხულასავით ჩამოიშალოს, ისე, როგორც აგვისტოს ომის დროს მოხდა.

P.S. მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტრომ "დიდგორი-2018" უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩართო "დელტას" შექმნილი ინტეგრირებული ქსელების ჯავშანმანქანები, რომლებში დამონტაჟებულ "ჰარისის" ფირმის თანამედროვე რადიოელექტრონულ აპარატურას საველე პირობებში გარანტირებული და, რაც მთავარია, დახურული ორმხრივი რადიოკავშირის დამყარება შეუძლია, რასაც ჯარების ოპერატიული მართვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.