აღმოაჩინე, დააფიქსირე, ჩამოაგდე... - კვირის პალიტრა

აღმოაჩინე, დააფიქსირე, ჩამოაგდე...

საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შეძენით ქართული ცის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაძლიერდება

საქართველო საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარიზში ხელი მოაწერა საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შეძენას.

შეიძლება ეს სისტემა ვიზუალურად ისეთივე ეფექტური არ არის, როგორიც ცის მზირალი საზენიტო რაკეტების წაწვეტებული თავები, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია იმ ტრიადისა, რომლის ბაზაზეც იქმნება ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა.

აღმოაჩინე, დააფიქსირე, ჩამოაგდე... - ანუ მფრინავი ობიექტი ჯერ რადიოლოკატორმა უნდა აღმოაჩინოს, მერე დაფიქსირებული საჰაერო სამიზნის ფრენის სიმაღლე, სიჩქარე, აზიმუტი საჰაერო მართვისა და კონტროლის ცენტრმა უსწრაფესად "დაამუშაოს" და რაკეტის სტარტზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გათვლის ბრძანება მისცეს.

ნათლად ჩანს, რომ საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემა ამ ტრიადის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია, რომლის გარეშეც ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ეფექტიანი მუშაობა გაძნელდება.

საქართველოს მთაგორიანი რელიეფის გამო დაბალ სიმაღლეზე ერთიანი რადიოლოკაციური ველის შექმნა გართულებულია და მეტი რადიოლოკატორის ამოქმედებას მოითხოვს, ეს კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

თუ გვინდა, ქართული ცა უკეთესად "ჩავკეტოთ", კიდევ მოგვიწევს რადიოლოკატორებისა და სხვადასხვა სიშორეზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა.

დღეს ქართველი მეზენიტეების შეიარაღებაშია 23 მმ-იანი ავტომატური საზენიტო ქვემეხები და "შილკები", ასევე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "იგლები" და "გრომები", რომლებიც მცირე რადიუსის საზენიტო საშუალებებს განეკუთვნება. ახლო მოქმედების რადიუსში "ოსა-აკმები" და "სპაიდერები" მოქმედებენ, ხოლო საშუალო მოქმედების მანძილი "ბუკებს" აქვთ.

ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მოსაწყობად, როცა სხვადასხვა სიშორესა და სიმაღლეზე მოქმედი საზენიტო საშუალებები ერთმანეთის დაზღვევაზე იმუშავებენ, უპრიანი იქნებოდა, თუ ქართველი მეზენიტეების არსენალში გაჩნდებოდა თანამედროვე საზენიტო საშუალებებიც, მაგალითად, ფრანგული "მიკები" და "ასტერ-30"-ებიც კი. ეს საშუალებას მოგვცემდა, სავარაუდო მოწინააღმდეგის საბრძოლო ავიაციას კავკასიონის ქედთანვე თუ შავი ზღვის სანაპიროდან მოშორებით ღირსეულად დავხვედროდით...