წლის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები
წლის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები


წლის მიწურულს ყველა ქვეყანა აჯამებს შედეგებს - თუ რას მიაღწია განვლილ პერიოდში. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა მოხდა.

შეიარაღებული ძალები თავდაცვის ძალებად გარდაიქმნა


წლის მიწურულს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე ამოქმედდა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის სახელის გადარქმევას - ამიერიდან მას საქართველოს თავდაცვის ძალები ეწოდება, თავდაცვის ძალების უფროსი კი ქვეყნის მთავარი სამხედრო იქნება, ამასთან, მისი ერთ-ერთი მოადგილე შეიძლება
თვით გენერალური შტაბის უფროსიც იყოს, თუმცა დაშვებულია მან გენშტაბის უფროსის თანამდებობაც შეითავსოს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნ
ის პროგრამა


გასულ წელს ორმა ქვეითმა ბატალიონმა უკვე გაიარა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე, საერთო ჯამში, ცხრა ბატალიონის გადამზადებას ითვალისწინებს.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა 2018 წელს ამოქმედდა და ის მართლაც წარმოადგენს არამარტო გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენას.
აქამდე ქართული ქვეითი ბატალიონები, ძირითადად, ემზადებოდნენ იმ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის, რომელთა ჩატარება ჯერ ერაყში, ახლა კი ავღანეთში უწევთ.
ეს მნიშვნელოვანი წვრთნები გახლდათ, მაგრამ ისინი ნაკლებად იყო გათვლილი იმ რეალური საფრთხეების მოსაგერიებლად, რომლებიც ათი წლის წინ აგვისტოს ომში, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, საქართველოს დაემუქრა და ეს საფრთხე არც დღეს გამქრალა.

მარტივად რომ ვთქვათ, ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციებში გასაგზავნ ქართველ სამხედროებს თალიბების წინააღმდეგ ანტიპარტიზანული მოქმედების ტაქტიკას ასწავლიან, მაშინ როდესაც რუსული ტანკების შეტევებისა და თვითმფრინავების თავდასხმის მოსაგერიებლად სულ სხვა ტაქტიკის გამოყენებაა საჭირო, მათ შორის თვით პარტიზანულისაც.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გადამზადებული ქართული ბატალიონები უკეთესად იქნებიან მომზადებული ტოტალური თავდაცვის პრინციპით მოქმედებისთვის, როდესაც უმთავრესი მნიშვნელობა არა ფრონტის ხაზის შექმნასა და მის გამაგრებას ეთმობა, არამედ მობილურობას - მუდმივ სწრაფ თავდასხმას მოწინააღმდეგეზე და ასევე უსწრაფესად პოზიციების შეცვლას...

აქტიური რეზერვი ამოქმედდა


აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ასევე გასულ წელს დაიწყო.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს, სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში გათვლილია 45 დღეზე, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. ეს რეზერვისტები, ძირითადად, უკვე გამოცდილი სამხედროები არიან, რომლებმაც თავის დროზე გაიარეს სავალდებულო ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახური.

აქტიური რეზერვის გარდა, უნდა ამოქმედდეს ტერიტორიული და სპეციალისტთა რეზერვიც, რომლებიც შექმნიან იმ მყარ საყრდენს, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს რეგულარულ თავდაცვის ძალებს ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სამხედრო ბიუჯეტის 20% შეიარაღებისთვის

2018 წელს შესაძლებელი გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება - ქვეყნის მთლი­ანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2% თავდაცვის მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს.

მართალია, ეს კატეგორიული მოთხოვნა ნატოს ხელმძღვანელობას მხოლოდ მისი წევრი ქვეყნებისთვის აქვს, მაგრამ საქართველო, რომელიც ამ ალიანსში გასაწევრებლად ასე მიისწრაფვის, უკვე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, მაშინ როდესაც თავად ალიანსის უმეტესი წევრი ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ბევრად ნაკლებს ახმარს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მეორე მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ თავდაცვის სამინისტრომ გასულ წელს სამხედრო ბიუჯეტის 20% შეიარაღების შესყიდვასა და განახლებას მოახმარა, მაშინ როდესაც გასულ წლებში სამხედრო ბიუჯეტის 66% სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა და წვრთნებისა და შეიარაღებისთვის მიზერული თანხები რჩებოდა.

"ჯაველინების", "სტინგერებისა" და "მისტრალების" წელი

გასული წელი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ქართული არმიის შეიარაღებაში პირველად გამოჩნდება შედარებით თანამედროვე დასავლური წარმოების თავდაცვითი დანიშნულების მართვადი და შესაბამისად, ზუსტი შეიარაღების სისტემები.

მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემა "ჯაველინი" პირდაპირ მისწრებაა ტოტალური თავდაცვის პრინციპით მოქმედი მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფებისთვის, ისევე როგორც მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "მისტრალ-ატლასები". ასევე დაანონსდა ამერიკული "სტინგერების" მოწოდების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც.
საფრანგეთში უკვე შესყიდული შორი და საშუალო რადიუსის მქონე თანამედროვე მობილური რადიოლოკაციური სადგურები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართული ცის დაცვას, მით უმეტეს, თუ მათ შეემატება საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემაც, რომლის შეძენაზე ასევე უკვე მოაწერეს ხელი წლის მიწურულს.

გასულ წელს ქართველი ქვეითების შეიარაღებაში გამოჩნდა ერთიანი ამერიკული ტყვიამფრქვევები M240-ები და "კოლტის" ფირმის ავტომატური კარაბინები M4-ები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში შესყიდული შეიარაღების პარალელურად, თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" 5 მლნ ლარამდე გამოუყო თანამედროვე ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების დასამზადებლად, რომლებითაც ავღანეთში მივლინებული ქართველი სამხედროები აღიჭურვნენ.

გარდა ამისა, "დელტაში" აწყობილი ინტეგრალური სქემების რამდენიმე ჯავშანმანქანა ქართულ ბატალიონებს გადაეცა დახურული რადიოკავშირების საიმედოდ დასამყარებლად.

საერთაშორისო სამხედრო სწავლებები


"Noble Partner-2018" და "Agile Spirit 2018"-ის­ წარმატებით ჩატარებამ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური იმიჯი მნიშვნელოვნად წინ წასწია მსოფლიო დონეზე.
ამ სწავლებებში მონაწილე ქვეყნების, სამხედრო მოსამსახურეებისა და საბრძოლო ტექნიკის ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორი ხდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
საერთაშორისოს გარდა, გასულ წელს ქართულ პოლიგონებზე ათეულობით სხვადასხვა დონის ადგილობრივი სამხედრო სწავლება და წვრთნები გაიმართა. მათ შორის გამოსაყოფია უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი-2018", რომელზეც იხვეწებოდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება ქვეყნისთვის კრიზისულ მომენტებში.

არმიის პრობლემები და პერსპექტივები


მიუხედავად რიგი წარმატებისა, რამაც გასულ წელს ნამდვილად გააძლიერა ქართული არმია, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, თავდაცვის ძალებშიც კვლავ არის არაერთი სერიოზული პრობლემა.
მათ შორისაა როგორც საბრძოლო ტექნიკის მთელი რიგი სახეობების სასწრაფო მოდერნიზაცია-ჩანაცვლებისა თუ ყაზარმების გარემონტების აუცილებლობა, ისე პირადი შემადგენლობის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და ლარის მსყიდველუნარიანობის დაცემის გამო სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება გადახედვას მოითხოვს. მართალია, გასულ წელს უკვე დაიწყო სამხედროების გარკვეული კატეგორიებისთვის ხელფასის მომატება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი დასაჩქარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტით მომსახურე არაერთმა სამხედრომ შეიძლება აღარ მოისურვოს კონტრაქტის გაგრძელება, რაც არც არმიისთვის არის კარგი და არც ქვეყნისთვის.
რეზო
28 დეკემბერი 2018 10:05
პირველ რიგში დისციპლინაა მთავარი, რაც ნამდვილად დიდი პრობლემაა დღეს ჯარში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები