რატომ არ ვასმევთ "ნატოს" "ბორჯომს" ავღანეთში?!
რატომ არ ვასმევთ "ნატოს" "ბორჯომს" ავღანეთში?!
ავღანეთსა და აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის ქართული მინერალური და სუფრის წყლებით მომარაგება საქართველოს ბიუჯეტს გამოადგებოდა...

ათიოდე წლის წინ ერაყში შეჯავშნული "ჰამვების" კოლონით მივდიოდით. გზის პირას ბავშვები წყალს ჭუჭყიანი გუბიდან სვამდნენ. გულმა არ მომითმინა - მანქანაში ცივი მინერალური და მატონიზირებელი სასმელი გვქონდა (ალ-კუტის სამხედრო სასადილოდან გამოგვქონდა, როცა საპატრულოდ მივდიოდით. ისე, იმ სასადილოს მენიუს თბილისის ლამის ყველაზე ცნობილი რესტორანიც კი ინატრებდა) და რამდენიმე პლასტმასის ბოთლი ავიღე - კარის
გაღებასა და ბოთლების ბავშვებისთვის გადაყრას ვაპირებდი, მაგრამ მანქანის მეთაურმა შემაჩერა - შენ ლიმონათს გადაუგდებ, ისინი კი "ლიმონკას" შემოგვიგდებენო! ბოთლები კოშკურაში მდგარ მეტყვიამფრქვევეს მივაწოდე და მან გადაუყარა კოლონას ადევნებულ ბავშვებს, თუმცა ესეც სახიფათო აღმოჩნდა - ბოთლების დასაჭერად ბავშვებმა ისეთი ზედახორა გამართეს, კინაღამ რვატონიანი "ჰამვების" კოლონის საბურავებქვეშ
აღმოჩნდნენ. ისღა გვაკლდა, საგზაო ინციდენტი გამოგვეწვია, რომ იქაურებს დაპირისპირებისა და სროლის საბაბი მისცემოდათ...

ეს ერაყული ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ მკითხველმა წარმოიდგინოს, როგორ უჭირდათ მაშინ ერაყში სუფთა სასმელი წყალი. ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, ანუ იქ, სადაც ქართველი სამხედროების მონაწილეობით საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციები ტარდება, მოსახლეობა არც ახლაა უკეთეს მდგომარეობაში.

მაშინ ერაყში ვიფიქრე - თუკი ქართველი სამხედროები ასე ვჭირდებით, იქნებ უარი არც ქართულ მინერალურ და სუფრის წყლებზე გვითხრან, რომლებიც გემოთი და ხარისხით უდავოდ სჯობს იმ წყალს, რომელსაც სხვადასხვა სამხედრო მისიის წარმომადგენლები სასადილოებში უფასოდ იღებდნენ.

ეს განსაკუთრებით ეხება ავღანეთს. საბჭოთა პერიოდში ავღანეთის ომის მონაწილეთა უმრავლესობას გადატანილი ჰქონდა სიყვითლე და დიზენტერია, რაც დაბინძურებული წყლის სმამ იცის, მაგრამ მაშინ ვინ მისცემდა საბჭოთა ჯარისკაცს ბოთლში ჩასხმულ წყალს?! დღეს კი ავღანეთის მისიის მონაწილეები მხოლოდ ბოთლის წყალს სვამენ, რაც კომერციული თვალსაზრისით საინტერესო უნდა გამხდარიყო ქართული მინერალური და სუფრის წყლების ჩამომსხმელი კომპანიებისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სამხედროები უკვე მეათე წელია, ავღანეთში არიან, ქართულმა წყლებმა საერთაშორისო მისიის სამხედრო ბაზებში ვერ შეაღწია.

ეს, რა თქმა უნდა, იოლი არ არის, რადგან მისიის ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში ცნობილი კომპანიები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან და ამ ბაზარზე მოსახვედრად სახელმწიფოს ლობირებაც არის საჭირო. სწორედ ამიტომ მისასალმებელია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადება, რომ 2019 წლიდან საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების შესყიდვებში მიიღებს მონაწილეობას. "არსებობს სხვადასხვა საშუალება ამ თვალსაზრისით. ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა მისია სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც სჭირდებათ მნიშვნელოვანი პროდუქტები - წყალი, საკვები და ა.შ. ვფიქრობთ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან ექსპორტით, გამოიყენონ ეს შანსი, ჩვენ კი მათ დავეხმარებით. უპირველესად, ამ საქმეში აქტიურად ჩაერთვება ნიუ-იორკში­ ჩვენი დიპლომატიური მისია. ძირითადი სააგენტოები არის სწორედ ამერიკაში, ამიტომ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა კომპანიებს ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევაში დაეხმარება", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც იტყვიან, სჯობს გვიან...

P.S. ჩვენი კოლონის პირველი "ჰამვი" გზის მარჯვნივ დამონტაჟებული თვითნაკეთი ნაღმით აგვიფეთქეს და ოთხი ბიჭი დაგვეჭრა, საბედნიეროდ, გადარჩნენ. მოშორებით, ბუჩქებში ჩამალული ორი მოზარდი და მათი ბიძა დავაკავეთ - შეიძლება მათ აგვაფეთქეს... გადარბენების შემდეგ ძლივს სული მოვითქვით, თბილისიდან ერაყში ჩატანილი ბოლო "ნაბეღლავის" ბოთლი ამოვიღე და თავაზიანობის გამო (თორემ 45-გრადუსიან აუტანელ სიცხეში ჟავშანჟილეტითა და ჯავშანჩაფხუტით ნარბენს ისე მწყუროდა!..) ჯერ ორმეტრიან ამერიკელ სერჟანტს მივაწოდე, რომელიც ჩემსავით ქოშინებდა. მოიყუდა და… ბოლომდე არ დაცალა?! თანაც ბოდიშის ნაცვლად მომიბრუნდა და - ეს რა მაგარი წყალი ყოფილა, აღარ გაქვსო?..
77
13 იანვარი 2019 00:10
gogia-ს
ყოფილხარ რომელიმე მისიაში,რომ "იაზვობ" არცერთი ამერიკელი არ იქცევა იქ როგორც ბატონი,ალბათ ეგონა კიდევ ჰქონდათ,არსად დაგეკარგოთ "რუსული ჩექმა"
ფდსფ
06 იანვარი 2019 21:39
რომელ პლანეტაზე ცხოვრობთ? ჭწყლის მაფია ასობით წლებია არსებობს ვის რაში აწყობს თუნდაც იაფი ქართული წყალი?
gogia
06 იანვარი 2019 02:02
დაცლიდა აბა რა ისინი ხომ ბატონები არიან

თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?