სირიაში როგორი ომისთვის მოემზადა რუსეთი?! - კვირის პალიტრა

სირიაში როგორი ომისთვის მოემზადა რუსეთი?!

კრემლმა სამ წელში სირიის ომში 68 ათასი რუსი სამხედრო "გაატარა". რით ემუქრება ეს უკრაინასა და საქართველოს?

რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში ოფიციალურად 2015 წლის 30 სექტემბრიდან ჩაერთვნენ.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ამ მოულოდნელმა (უპირველესად, ეტყობა, მოულოდნელმა დასავლეთისთვის) სამხედრო-პოლიტიკურმა სვლამ, ფაქტობრივად, ხელისუფლება შეუნარჩუნა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რომლის ჩამოგდებას საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გარდა, დასავლეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერილი სირიის შეიარაღებული ოპოზიციაც ცდილობდა.

გარდა იმისა, რომ კრემლმა მოახერხა ასადის ხელისუფლების გამყარება, განვლილ სამ წელში რუსეთმა გაიძლიერა პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტებიც როგორც სირიაში, ისე თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთში.

სირიის ტერიტორიაზე რუსეთმა შექმნა ორი სამხედრო ბაზა - ჰმეიმის სამხედრო-საჰაერო და ტარტუსის სამხედრო-საზღვაო, რომელთა გაფართოებას დღემდე არ წყვეტს.

კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ომის ერთგვარ პოლიგონად გამოყენება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, სამი წლის განმავლობაში სირიის ომში 68 ათასზე მეტმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების უმრავლესობაც.

სირიის ომში მივლინებით იყო 460 რუსი გენერალი, ასევე - ყველა სამხედრო ოლქის, არმიის, დივიზიის, პოლკისა და ბრიგადის მეთაური თავისი შტაბით.

გარდა ამისა, რუსეთმა სირიაში საბრძოლო ნათლობა მიაღებინა სხვადასხვა კლასისა და ტიპის ათობით ახალ თვითმფრინავს, შვეულმფრენს, რაკეტებს, მართვად ბომბებს და ა.შ. სირიის ომში მონაწილეობამ რუსეთის არმიას უდავოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება შესძინა, მაგრამ კრემლი ვის წინააღმდეგ ეცდება ამ საომარი გამოცდილების გამოყენებას? იქნებ ისევ თავისი მეზობლების - უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ?

ეს საფრთხე არ მინელებულა, პირიქით, უკრაინისთვის კვლავ აქტიურ თემად რჩება, მაგრამ საკითხავია, სირიის ანტიპარტიზანული ბრძოლის მეთოდები გამოადგება კი რუსეთს უკრაინასთან შესაძლო ომში?

აგვისტოს ომამდე რუსი გენერლები და სამხედრო ექსპერტები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ერაყში როტაციის პრინციპით გაგზავნილი ქართული ბატალიონები დიდ საბრძოლო გამოცდილებას იძენდნენ და რუსულ არმიას გაუჭირდებოდა მათთან შებრძოლება. მათი ეს მტკიცება ჩემს ეჭვს იწვევდა, რადგან კარგად ვიცოდი, როგორი პროგრამით ემზადებოდნენ ქართველი სამხედროები ერაყში გამგზავრებამდე და იქ რა ფუნქციების შესრულება უწევდათ. ეს იყო ანტიპარტიზანული ქმედებები, ჩეკ-პოინტების მოწყობა, კოლონების გაცილება და ბაზების დაცვა, ანუ ის, რაც ტანკებითა და თვითმფრინავებით შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად არ გამოდგება. სამწუხაროდ, აგვისტოს ომმა ჩემი შიში გაამართლა - რუსულ ჯავშანტექნიკასა და ავიციასთან ბრძოლაში ქართულ არმიას ერაყული გამოცდილება მაინცდამაინც არ გამოსდგომია...

უკრაინის არმიასთან შესაძლო ფართომასშტაბიან შეტაკებაში მაინცდამაინც არც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გამოადგებათ სირიის ომში მიღებული გამოცდილება, რადგან ამ ასიმეტრიულ ომში რუს პილოტებს თითქმის არ ეშინოდათ "ისლამური სახელმწიფოს" საჰაერო თავდაცვისა, ისევე როგორც რუსი ტანკისტები არ მოელოდნენ ტერორისტების სატანკო არმადების კონტრიერიშებს. მათგან განსხვავებით, უკრაინის არმიას არსენალში აქვს ტანკებიც, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღიც და ეფექტიანი საზენიტო საშუალებებიც.

სირიის ომში რუსეთის არმიამ მიიღო ასიმეტრიული, ანტიპარტიზანული ომების გამოცდილება, რომელიც თითქმის თანაბარ მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას, რომელსაც შეუძლია, მასობრივად გამოიყენოს საზენიტო-სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, მაინცდამაინც არ გამოადგება.

მეორე მხრივ, თუკი რუსეთმა განაახლა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ ავირჩიეთ ტოტალური თავდაცვის ტაქტიკა, რომელიც ძალიან ჰგავს პარტიზანულ მოქმედებას, მაშინ პირიქით, სირიის ომის გამოცდილება რუს გენერლებს უპირატესობას მიანიჭებს.

ავღანეთსა და ერაყში მრავალწლიანი ანტიპარტიზანული მოქმედებების გამოცდილება აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმაც მიიღეს, თუმცა პენტაგონის სამხედრო პილოტებიც მიეჩვივნენ, რომ მათ მოწინააღმდეგის ძლიერი საჰაერო თავდაცვის საშუალებები არ ემუქრებოდათ და თითქმის დაუსჯელად ბომბავდნენ მათ, დიდ ომებში კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება და ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება შეიძლება პირიქით, არასასურველი აღმოჩნდეს.

ჩვენი დოსიე:

სირიის ომში სამწლიანი მონაწილეობისას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დაიღუპა 112 რუსი სამხედრო, ჩამოვარდა და ჩამოაგდეს რვა რუსული თვითმფრინავი და შვიდი შვეულმფრენი. დასავლური წყაროები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი ამცირებს სირიაში თავის დანაკარგს და სინამდვილეში იქ 5-6-ჯერ მეტი სამხედრო დაიღუპა, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული მებრძოლების ჩათვლით.