ქართული სამხედრო ავიაცია: მომავალი მომავლის გარეშე? - კვირის პალიტრა

ქართული სამხედრო ავიაცია: მომავალი მომავლის გარეშე?

რა პერსპექტივები აქვს საქართველოში სამხედრო ავიაციის განვითარებას და რამდენად ჯდება ის ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში...

საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკვე თავდაცვის ძალებად გარდაიქმნენ და ტოტალური თავდაცვის კონცეფციით განაგრძობენ მომზადებას, შეიარაღების გარკვეული სახეობების განვითარებაზე ზრუნავენ, რის გამოც ყურადღება აკლდება სხვა მიმართულებებს, რაც განპირობებულია არსებული საფრთხეების მოგერიებითა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებით.

ტოტალური თავდაცვის კონცეფცია მობილურ თავდაცვასა და კონტრიერიშებს ანიჭებს უპირატესობას, რომელშიც, გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის აზრით, ნაკლებად ჯდება საბრძოლო ავიაციის, კერძოდ, შეიარაღებაში არსებული მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების გამოყენების აუცილებლობა. შესაბამისად, ქართული საბრძოლო ავიაციის ეს კომპონენტები მერამდენე წელია, არასაბრძოლო მდგომარეობაშია, რადგან კაპიტალურად გარემონტება და მოდერნიზაცია სჭირდება.

სამხედრო უწყებას რამდენიმე არგუმენტი აქვს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არ არემონტებენ მოიერიშე თვითმფრინავებსა და დამრტყმელ შვეულმფრენებს.

პირველი არგუმენტი - მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებისთვის აუცილებელია არანაკლებ 600-700 მ სიგრძის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც, თავის მხრივ, კარგი სამიზნეა სავარაუდო მოწინააღმდეგის ბომბდამშენი ავიაციისა და სარაკეტო სისტემებისთვის (ოპერატიულ-ტაქტიკური და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო კომპლექსები).

შემთხვევითი არ იყო, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ დაბომბა თითქმის ყველა ქართული აეროდრომი: კოპიტნარი, სენაკი, ვაზიანი, ველი (თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომი), მარნეული და დიდი შირაქი, ანუ ის ადგილები, საიდანაც აფრენა შეეძლოთ ქართულ მოიერიშეებს.

დღეს რუსეთის საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რასაც ემატება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შემოტანილი შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები თუ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რომელთა მოქმედების რადიუსი ფარავს მთავარ ქართულ აეროდრომებს.

მეორე არგუმენტი - ჩვენმა სავარაუდო და რეალურმა მოწინააღმდეგემ, რუსეთის ფედერაციამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მილიტარიზებულ პლაცდარმებად გადააქცია და იქ შემტევი შეიარაღების გარდა, ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაც დაიწყო.

რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებაშია მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო "იგლები", ახლო რადიუსის "სტრელა-10"-ები, "ტუნგუსკები", საშუალო სიშორის "ბუკები" და შორი მანძილის C-300-ები, მათთან გასამკლავებლად კი ქართული მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების ეფექტიანი საბრძოლო გამოყენება ძალზე სათუოა.

მოწინააღმდეგემ რომც ვერ მოასწროს ქართული მოიერიშეების აფრენამდე აეროდრომის დაზიანება, ამ საზენიტო საშუალებების რადიოლოკატორები, ასევე ჩრდილო კავკასიის თავზე "ჩამოკიდებული" რუსული "ავაქსი" და მეზობელ სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაში განთავსებული საჰაერო თავდაცვის საშუალებები დროულად დააფიქსირებენ მათ ფრენას და თავიანთ მეზენიტეებს მოამზადებენ დასახვედრად.

მესამე არგუმენტი - Се-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები და Мb-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. შესაბამისად, მათ გასარემონტებლად მთავარი ნაწილების ყიდვა რუსეთში შეიძლება, რაც გასაგები მიზეზების გამო ძალზე რთულია. გარდა ამისა, თითოეული მათგანის "ასაკმა" 30 წელს მიაღწია ან სულაც გადასცდა, რის გამოც თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ფიუზელაჟების რესურსი იწურება და ნაკლებპერსპექტიული ხდება მათი კაპიტალურად გარემონტება.

მეოთხე არგუმენტი - პილოტების გადამზადება რთული და ძვირად ღირებული მუდმივი პროცესია, რაც დიდძალ სახსრებს მოითხოვს სამხედრო უწყებისგან.

ამ ოთხი არგუმენტის გარდა, თავდაცვის უწყებას შეიძლება სხვა არგუმენტებიც აქვს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არ ღირს მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების ისედაც მცირერიცხოვანი პარკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა. მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კონტრარგუმენტებიც - მოიერიშე თვითმფრინავის კონსტრუქცია ასაფრენ-დასაფრენად საავტომობილო გზისა და გრუნტის საფრის გამოყენების საშუალებასაც იძლევა, ანუ შეგვიძლია მოიერიშე თვითმფრინავები მხოლოდ აეროდრომიდან არ ავაფრინოთ.

ამასთან, დამრტყმელ შვეულმფრენებს სულაც არ სჭირდება ბეტონირებული აეროდრომი და ჩასაფრებებიდან შეუძლიათ მუშაობა, როგორც აგვისტოს ომის დროს, როდესაც ქართული "მფრინავი ნიანგები" კასპის რაიონის სოფლებში იმალებოდნენ და იქიდან მიაყენეს რამდენიმე საჰაერო დარტყმა გორთან გამოჩენილ მოწინააღმდეგეს.

გრუნტის აეროდრომიდან მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა-დაფრენა შესაძლებელია, მაგრამ ეს ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული და პილოტებისგან მაღალი დონის მომზადებას მოითხოვს. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მათი პირველივე აფრენისთანავე მეტ-ნაკლები სიზუსტით გაარკვევს გრუნტის აეროდრომის კოორდინატებს და საჰაერო-კოსმოსური დაზვერვის შემდეგ მას დაბომბავს.

დამრტყმელ შვეულმფრენებს ასეთ შემთხვევაში უფრო მოქნილად მოქმედება შეუძლიათ, ვიდრე მოიერიშე თვითმფრინავებს, რადგან ყოველი საბრძოლო გაფრენის შემდეგ სხვა მოედანზე დაეშვებიან. საზოგადოდ, შვეულმფრენების გამოყენებას როგორც საბრძოლო, ისე სატრანსპორტო დანიშნულებით, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, უფრო დიდი პერსპექტივა აქვს.

შვეულმფრენების კარგად მომზადებულ ეკიპაჟებს შეუძლიათ ძალიან დაბალ სიმაღლეზე და ხეობებში ფრენა, რაც მოწინააღმდეგის რადიოლოკატორებს ძალიან გაუძნელებს მათ დროულ აღმოჩენას. თვით რუსულ "ავაქსსაც" გაუჭირდება მიწის ფონზე და მით უმეტეს ხეობაში დაბალ სიმაღლეზე მფრენი მცირე ზომის შვეულმფრენების აღმოჩენა. შვეულმფრენი ჯდება ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში - მისი საშუალებით შეიძლება ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებით" შეიარაღებული მცირერიცხოვანი რაზმის სწრაფად გადასროლა იმ მიმართულებაზე, სადაც მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონა შეიძლება გამოიჭრეს, ან სულაც საზენიტო "სტინგერებისა" თუ "გრომების" ოპერატორების გადასხმა რომელიმე მთის თავზე, საიდანაც ისინი მოულოდნელ "საჰაერო" ჩასაფრებას მოუწყობენ მოწინააღმდეგის მოიერიშეებს ან სულაც საშვეულმფრენო დესანტს. შვეულმფრენებზე ასევე შეიძლება თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო მართვადი სარაკეტო კომპლექსების დამონტაჟება, რომელიც "იროკეზს" მრისხანე საჰაერო იარაღად გადააქცევს.

კიდევ ერთ პერსპექტიულ მიმართულებად შეიძლება იქცეს უპილოტო, უფრო სწორად კი, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი. მას შეუძლია შეასრულოს როგორც სადაზვერვო, ისე დამრტყმელი ფუნქციები. აგვისტოს ომამდე ქართული არმია ისრაელში ნაყიდი "ჰერმესების" წყალობით ამ მხრივ ყველაზე პროგრესული ჩანდა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ასევე თავად აგრესორ რუსეთთან შედარებითაც. თუმცა "ჰერმესების" გამოყენების არასწორად დაგეგმვისა და ორგანიზების გამო, რასაც დაემატა რუსული გამანადგურებლებისა და საზენიტო საშუალებების აქტიური წინააღმდეგობა, ჩვენ ეს უპირატესობა აგვისტოს ომის დასაწყისამდე დავკარგეთ. დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქართულ არმიას უპილოტო ავიაციაში ყველაზე სავალალო მდგომარეობა აქვს.

ჯერ კიდევ XX საუკუნეში წარმოებულმა ომებმა ყველას დაანახა, რომ ბრძოლას იგებს ის, ვინც ჰაერს აკონტროლებს! ამ სიტყვების სიმართლეში, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე XXI საუკუნის დამდეგს, აგვისტოს ომის დროს მწარედ დავრწმუნდით.

ძნელია შეგუება, რომ შენს არმიას აღარ ჰყავს მოიერიშე თვითმფრინავები და სავარაუდო მოწინააღმდეგეს აღარ ეშინია იმის, რომ ფრონტის ხაზიდან 200-300 კმ სიღრმეშიც კი მიაყენებ საჰაერო დარტყმას, მაგრამ გამოსავალი არსებობს, თუნდაც ამავე რადიუსში მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების შეძენა, რომელთა ექსპლუატაცია, გადამალვა, მობილურობა და საბრძოლო გამოყენება უფრო მარტივია, ვიდრე მოიერიშე თვითმფრინავების. ამასთან, არც ნალოლიავებ პილოტს გზავნი მოწინააღმდეგის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელ ცეცხლში.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია შეგუება იმასთან, რომ თბილისში აწყობილი და ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული Сy-25 ტიპის მოიერიშეების მზის ჩასვენებას (სხვა თუ არაფერი, ჩემი პირველი სტატია 27 წლის წინ ხომ სწორედ მათ მივუძღვენი და, მგონი, მკითხველსაც შევაყვარე ისინი ამ პერიოდში მათზე დაწერილი სხვა მრავალი სტატიით), მაგრამ ეს, ეტყობა, გარდაუვალია.

ჩვენი დოსიე

ქართული არმიის საჰაერო კომპონენტის შეიარაღებაში ჯერ კიდევ არის სხვადასხვა მოდიფიკაციის 12 ერთეული Сy-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, 5 დამრტყმელი შვეულმფრენი Ми-24 და 8 სასწავლო-საბრძოლო Д-39 "ალბატროსი", მაგრამ კაპიტალური გარემონტების გარეშე ისინი არასაბრძოლო მდგომარეობაში არიან და, დიდი ალბათობით, ჩამოწერენ, რის შემდეგაც მიზერულ ფასად გაყიდიან.