საქართველოსკენ ნასროლი "ისკანდერებით" ახლა ნატოს აშინებენ... - კვირის პალიტრა

საქართველოსკენ ნასროლი "ისკანდერებით" ახლა ნატოს აშინებენ...

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსულ "ისკანდერს" ხელშეკრულების დამრღვევი ახალი ფრთოსანი რაკეტა 9M729-ის გაშვება ორი ათას კმ-ზე შორს შეუძლია...

აგვისტოს ომში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოცადა იმ დროისთვის უახლესი იარაღიც, კერძოდ, "ისკანდერ-м" ტიპის ორი, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ჩრდილო კავკასიიდან გამოუშვეს. ერთ-ერთი რაკეტა თბილისთან ახლოს, ვაზიანის მიდამოებში აფეთქდა, მეორე "ისკანდერის" გორის ცენტრის თავზე აფეთქებულმა კასეტურმა ქობინმა კი რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის - ნიდერლანდელი ჟურნალისტი იმსხვერპლა, ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ კი რუსეთი "ისკანდერ-мM"-ის უახლესი მოდიფიკაციით მთელ ნატოს და ჩრდილო ამერიკის კონტინენტსაც კი ემუქრება.

საქმე ის არის, რომ ამერიკულმა დაზვერვამ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის გამოცდა. რაკეტა სწორედ "ისკანდერ-м"-დან გაუშვეს.

ეს ამბავი განსაკუთრებული არ იქნებოდა, რომ არა მთავარი ნიუანსი - უახლესი რუსული ფრთოსანი რაკეტის - 9M729-ის მოქმედების რადიუსი გაცილებით აჭარბებს 500 კმ-ს, რაც არღვევს 1988 წლის ხელშეკრულებას მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების განადგურების შესახებ, რომელსაც ხელი მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა მოაწერეს.

ამ ხელშეკრულებით იკრძალება ყველა იმ სარაკეტო სისტემის შექმნა და განთავსება, რომლებიდან გაშვებული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფრენის მაქსიმალური მანძილი 500-დან 5 500 კმ-მდეა. სწორედ ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ამერიკელებმა ცივი ომის მიწურულს ევროპიდან გაიტანეს და გაანადგურეს ბალისტიკური "პერშინგები" და ფრთოსანი "ტომაჰავკები", მოსკოვი კი იძულებული გახდა, აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოეტანა და აეფეთქებინა ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი ბალისტიკური "პიონერები" და "ტემპ-ს"-ები.

საგულისხმოა, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ სახმელეთო ბაზირების მცირე და საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა, რის გამოც ფრთოსანი "ტომაჰავკები" ამერიკელების შეიარაღებაში დარჩა, ოღონდ - მხოლოდ ბომბდამშენებსა და ფრეგატებზე.

ბომბდამშენებზე რუსეთმაც შეინარჩუნა ფრთოსანი რაკეტები, რომელთაც დაემატა "კალიბრის" ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები. რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის კორვეტებმა ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გავლით რამდენიმე დარტყმა სწორედ ამ რაკეტებით მიაყენეს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს.

საზღვაო ბაზირების "კალიბრების" გამოყენების გამო ამერიკელები რუსების მიმართ პრეტენზიას ვერ გამოთქვამდნენ, რადგან ხმელთაშუა ზღვიდან თვითონაც არაერთხელ გაუშვიათ "ტომაჰავკები" სირიის სამხედრო აეროდრომების დასაბომბად, მაგრამ ამერიკელების პროტესტი გამოიწვია სხვა ფაქტმა, კერძოდ, სამიოდე წლის წინ მათმა კოსმოსურმა დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ რუსებმა მოდერნიზებული "კალიბრი" სახმელეთო ბაზირების "ისკანდერიდან" გაუშვეს!

ოცი წლის წინ ამერიკელებმა დასავლეთ ევროპიდან სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, "ტომაჰავკები", იმიტომ გაიტანეს და გაანადგურეს, რომ ორმხრივი ხელშეკრულება მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეიარაღებაში მათ ქონას კრძალავდა. ახლა გამოდის, რომ 9M729-ად წოდებული და საზღვაო "კალიბრის" მოდერნიზებული ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა გაშვება "ისკანდერ-м"-ის სახმელეთო მობილურ სარაკეტო დანადგარს შეუძლია, კრემლი ამ ხელშეკრულებას არღვევს.

კრემლში ახალი ფრთოსანი რაკეტის შექმნასა და მის გამოცდას არ აღიარებდნენ (ისევე, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღემდე არ აღიარა აგვისტოს ომის დროს ორ ათეულამდე "ტოჩკა" და "ტოჩკა-უ" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებთან ერთად ქართული ქალაქებისკენ ორი "ისკანდერის" გამოშვება), ამერიკული დაზვერვის მოპოვებული უტყუარი ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ კი პენტაგონს წაუყენეს კონტრარგუმენტები, რომ რუმინეთში განთავსებული ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობიდან სტარტის აღება როგორც ანტისარაკეტო რაკეტა "სტანდარდს", ისე ფრთოსან "ტომაჰავკსაც" შეუძლია, რაც ასევე არღვევს ორმხრივ ხელშეკრულებას.

ტექნიკურად ეს მართლაც შესაძლებელია, რადგან უნივერსალური გასაშვები მოწყობილობა მკ.41 დიდი ხნის წინ ამერიკელი მეზღვაურების დაკვეთით შეიქმნა, რათა მათ კრეისერებსა და ფრეგატებს ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის "იჯისის" სისტემიდან "სტანდარდებთან" ერთად "ტომაჰავკების" გაშვებაც შესძლებოდათ, სახსრების დაზოგვის მიზნით კი ამერიკელებმა რუმინეთის სანაპიროსთან, ფაქტობრივად, სამხედრო ხომალდიდან მოხსნილი "იჯისის" სისტემა გადმოიტანეს და რუსული საპასუხო პრეტენზიის სამიზნედაც იქცნენ.

თუკი რუსეთმა არ შეწყვიტა უახლესი ფრთოსანი რაკეტების განთავსება "ისკანდერის" მობილურ დანდგარებზე, პრეზიდენტი ტრამპი აპირებს, ცალმხრივად გამოვიდეს მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვის ორმხრივი ხელშეკრულებიდან. ეს უსათუოდ დააჩქარებს დაწყებულ ახალ "ცივ ომს", რადგან მხარეები ეცდებინ, შეიარაღებაში არა მარტო დაიბრუნონ 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსის სახმელეთო სარაკეტო სისტემები, არამედ დაიწყონ მათი განთავსება ევრაზიის კონტინენტზე, რაც უკიდურესად დაძაბავს სიტუაციას - თითოეული ასეთი რაკეტა ხომ ბირთვული ქობინის გადამტანია!