უპილოტო-კამიკაძე - აი, რა გვინდა...
უპილოტო-კამიკაძე - აი, რა გვინდა...
"აზერბაიჯანის არმიამ პირველმა შეიძინა მსოფლიოში უახლესი, ისრაელის უპილოტო-კამიკაძეები"

ბრძოლის წესები 21-ე საუკუნეში ისე შეიცვალა, სუსტ ქვეყანას ძლიერისთვის ისეთი სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია, რომ აგრესორი სახელმწიფოს ხელმძღვანელობას დააფიქრებს - ღირს კი ამხელა დანაკარგის ფონზე რამის წამოწყება?..

აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სუსტს ვერ ვუწოდებთ, პირიქით, მისი სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობები ულტრათანამედროვე შეიარაღების შეძენის წყალობითაც ყოველწლიურად იზრდება.

გამონაკლისი არც ამ წლის დასაწყისია. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არმიის ახალი შეიარაღება გააცნეს. ეს პროცესი ფართოდ
გაშუქდა, რასაც პროპაგანდისტული მიზანი ჰქონდა, მაგრამ არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში გამოჩენილი უახლესი უპილოტო-კამიკაძეები, რომლებსაც ბრძოლის ველზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

ამ მხრივ აზერბაიჯანელებმა პირველი სიურპრიზი სომხეთის არმიას მთიან ყარაბაღში ჯერ კიდევ 2016 წელს მოუწყვეს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე თანამედროვე ომების ისტორიაში პირველად
გამოიყენეს უპილოტო-კამიკაძეები, ანუ დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, რომლებიც საბრძოლო ქობინით იყო აღჭურვილი და ზემოდან პიკირებდა. ისრაელის წარმოების ამ უპილოტო-კამიკაძე Harop-ით მაშინ აზერბაიჯანელებმა სომეხი მოხალისეების ავტობუსი და შტაბი გაანადგურეს, მაგრამ Harop-ს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს - მას შიდაწვის ძრავი აქვს და მისი ფრენის ხმა შორიდანაც ისმის, რაც მოწინააღმდეგის ჯარისკაცებს გადამღობი საზენიტო ცეცხლის გახსნისთვის საკმარის დროს აძლევს. ახლად შეძენილი უპილოტო-კამიკაძეები - Sky-Striker-ები კი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და, ფაქტობრივად, უხმაუროდ დაფრინავს.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ორსაათიანი სადაზვერვო ფრენისა და სამიზნის ძებნისას უპილოტო-კამიკაძის ოპერატორმა საფრენი აპარატის "თვითმკვლელობამდე" ორი წამით ადრე შეიძლება გადაიფიქროს, დრონი უკან დააბრუნოს, პარაშუტით დასვას და ახალი შეტევისთვის მოამზადოს.

35 კგ მასის Sky-Striker-ს თავში 5 ან 10 კგ მასის საბრძოლო ქობინი აქვს და მაინცდამაინც მოწინააღმდეგის ტანკზე პიკირება აუცილებელი არ არის, მას ჰორიზონტალურად, ზუსტად კონკრეტული შენობის კონკრეტული სართულის კონკრეტულ ფანჯარაშიც შეუძლია "სტუმრობა"...

Sky-Striker-ები შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ორიოდე წელია, გამოჩნდა და მათი პირველი მყიდველის სტატუსი ოფიციალურმა ბაქომ არავის დაუთმო.
საგულისხმოა, რომ ამ უპილოტო-კამიკაძის მწარმოებელი, ისრაელის ცნობილი ფირმა "ელბიტ სისტემსი" სამხრეთ კავკასიაში 21-ე საუკუნის დასაწყისში ჯერ საქართველოში გამოჩნდა, როდესაც თბილისის საავიაციო ქარხანასთან ერთად მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავი "სკორპიონი" დაამზადა, რომელსაც რამდენიმე "მიმინოც" მოჰყვა. აგვისტოს ომამდე "ელბიტმა" ქართულ არმიას გარკვეული რაოდენობის უპილოტო სადაზვერვო შკყლარკ-ები და Hermes 450-ები მიაწოდა, თუმცა მალევე შეწყვიტა თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, რაც რუსეთ-ისრაელის ხელისუფლების საიდუმლო შეთანხმებით იყო გამოწვეული. აგვისტოს ომის შემდეგ "ელბიტმა" საქართველოს მთავრობასთან მრავალწლიანი სასამართლო დავა წამოიწყო მოწოდებული უპილოტოების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ვერ გეტყვით, დღეს გაუმ­ჯობესდა თუ არა საქართველო-ისრაელის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, მაგრამ ისეთი თანამედროვე უპილოტო-კამიკაძეები, როგორიც ბაქომ შეიძინა, ქართულ არმიას ჰაერივით სჭირდება, რადგან მათი საშუალებით შეიძლება იმის გაკეთება, რითაც ეს სტატია დავიწყეთ...


ჯავახელი
01 თებერვალი 2019 11:24
კლავიატურის ლომებო, აქ დროის ფუჭად კარგვას ჯობია საქმე აკეთოთ, მადლობა თქვით, რომ დელტას სახით ასეთი წარმოება გვაქვს!
პ.ს. დასკვნა: როცა ცხოვრებაში ხელი არ გაგინძრევია სხვის გაკეთებულ საქმეს ადვილად დააკნინებ!!!
საღი აზრი
27 იანვარი 2019 10:20
ოლიმპოზე მდგომები იმას რო აკეთებდნენ,რაც მართლა გვჭირდება,ამ ჭაობში არ ვიჯდებოდით...მაგრამ ფულის საკეთებლად დიდგორი ,შამქორი,ასპინძა და ხუთი ცალი 120 მილიმეტრიანი ტრუბაც საკმარისია,ტვინს არავის დაიღლის))
იკა
26 იანვარი 2019 13:28
სოსი 100%

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები