საქართველოს ოკუპაციის "გამპრავებელ" ვენესუელაში სამხედრო გადატრიალება მწიფდება... - კვირის პალიტრა

საქართველოს ოკუპაციის "გამპრავებელ" ვენესუელაში სამხედრო გადატრიალება მწიფდება...

ვენესუელის გაჭირვებული მოსახლეობის უმრავლესობა არმიასა და პოლიციას ხალხის მხარეზე გადასვლასა და მადუროს რეჟიმის ჩამოგდებისკენ მოუწოდებს...

ვენესუელა, სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა, სამოქალაქო ომის დაწყების ზღურბლზე დგას. საქართველოსგან 10 000 კმ-ზე მეტად დაშორებული ამ სამხრეთამერიკული სახელმწიფოს პრობლემები ჩვენ, წესით, ნაკლებად უნდა გვაწუხებდეს, რომ არა დასანანი რეალობა - ვენესუელამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა"... 2009 წლის 10 სექტემბერს მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ოფიციალურად განაცხადა ამის შესახებ, რითაც პუტინის გული მოიგო.

ჩავესი 2013 წლის მარტში გარდაიცვალა და ვენესუელის პრეზიდენტი მას შემდეგ ნიკოლას მადუროა, რომელიც ასევე აღიარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" - მისი ხელახლა პრეზიდენტად არჩევის ინაუგურაციაზე შორეულ კარაკასში "ჩვენებური" სეპარატისტების ლიდერებიც კი ჩაბრძანდნენ ცხინვალიდან და სოხუმიდან.

მაგრამ სწორედ ბოლო არჩევნებზე მადუროს ისევ პრეზიდენტად არჩევამ ვენესუელაში ვითარება უკიდურესად დაძაბა - მის პრეზიდენტობას არ ცნობენ აშშ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოების უმეტესობა.

23 იანვარს ვენესუელის ქალაქებში რამდენიმე მილიონი კაცი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მოსახლეობას, არმიასა და პოლიციას მადუროს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ. მათ პრეზიდენტად უკვე გამოაცხადეს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო.

მოსახლეობის მასობრივ პროტესტს ობიექტური მიზეზები აქვს: ინფლაციამ ქვეყანაში (საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით) წარმოუდგენელ მაჩვენებელს - მილიონ პროცენტს(!) მიაღწია, მოსახლეობის 93%-ს საკვები არ ჰყოფნის, ქვეყნის საგარეო ვალმა კი 130 მლრდ დოლარს გადააჭარბა და ვენესუელა დეფოლტის ზღვარზე დგას.

ეს ყველაფერი მით უმეტეს გასაკვირია, რადგან ვენესუელა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ნავთობის მოპოვებაში, მაგრამ სწორედ ნავთობის ექსპორტზე დაფუძნებულმა მისმა ეკონომიკამ ვერ გაუძლო ნავთობის ფასის მკვეთრ დაცემას რამდენიმე წლის წინ, რასაც დაემატა ჯერ ჩავესის და შემდგომ კი მადუროს პრეზიდენტობის დროს დაშვებული შეცდომები ეკონომიკაში.

მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური პრობლემებისა, მადუროს ხელისუფლება ისევ ყიდულობს ახალ შეიარაღებას რუსეთისგან, ჩინეთისგან და უზრდის ხელფასებს სამხედროებსა და პოლიციელებს - 31 მლნ-იან ვენესუელას 142-ათასიანი არმია და კიდევ მეტი საპოლიციო ძალა ჰყავს.

მადუროს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სამხედროებისა და პოლიციელების გულის მოგებას და ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებულ სამხედრო აღლუმებზე თავის სამხედრო ძალას აჩვენებს მსოფლიოს. მიუხედავად ამისა, სამხედროებისა და გვარდიელების ნაწილმა სცადა სამხედრო გადატრიალება, მართალია, უშედეგოდ, თუმცა სახალხო პროტესტის ზრდის კვალად, ამის მცდელობა, სავარაუდოდ, გახშირდება და უფრო შედეგიანიც იქნება.

სამოქალაქო ომსა და სისხლის ღვრას არ ვუსურვებთ შორეული ვენესუელის მოსახლეობას, თუმცა მადუროს ხელისუფლების ჩამოგდებით იმედია ისინიც ამოისუნთქავენ და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობის" ამღიარებელ ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს ვენესუელაც გამოაკლდება.