რუსეთის "ნერვებისამშლელი" "კუკი" ბათუმთან გამოჩნდა - კვირის პალიტრა

რუსეთის "ნერვებისამშლელი" "კუკი" ბათუმთან გამოჩნდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებს სწორედ ის ამერიკული ხომალდი "დონალდ კუკი" ეწვია, რომლის სახელის ხსენებაც კი კრემლში ძალიან აღიზიანებთ...

ბათუმის პორტში გასულ კვირას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ოპერატიული ფლოტის სარაკეტო-საესკადრო ნაღმოსანი "დონალდ კუკი" შევიდა. ასეთი მეგობრული საზღვაო ვიზიტები ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ "დონალდ კუკი" მაინც გამორჩეული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ამერიკული სარაკეტო ხომალდი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურობასა და კრემლსაც ძალიან სძულთ.

2014 წლის 12 აპრილს "დონალდ კუკი" პირველად ეწვია შავ ზღვას და მაშინვე საერთაშორისო სკანდალში გაეხვია - რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა 12-ჯერ ჩაუფრინა ახლოს საჰაერო იერიშის იმიტაციით. ამერიკელი მეზღვაურების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ გამოცდას გაუძლეს და მათ ხომალდზე პიკირებული რუსული ბომბდამშენი არ ჩამოაგდეს.

ამერიკელების მოთმინება რუსულმა პროპაგანდისტულმა მასმედიამ თავისებურად ახსნა - თითქოს რუსულმა ბომბდამშენმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშო "კუკის" "იჯისის" საბრძოლო სისტემა და ამერიკელი მეზღვაურები პანიკაში ჩაცვივდნენ.

ცრუინფორმაციის გავრცელებას მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, რადგან რუსულ ბომბდამშენს ტექნიკურად არ შეეძლო ამის გაკეთება, ხოლო "დონალდ კუკის" შეიარაღებაში არსებულ თითქმის ას ერთეულ ბირთვულ და ჩვეულებრივ ქობინიან ფრთოსან "ტომაჰავკებს" კი, პირიქით, მოსკოვამდე "სტუმრობა" შეუძლიათ. Aსწორედ ეს გარემოება, რომ შავი ზღვის აკვატორიიდან სტარტაღებულ "ტომაჰავკებს" რუსეთის ტერიტორიის 2 500 კმ სიღრმეში შეუძლია შეღწევა, მოსვენებას არ აძლევს კრემლს და "Dდონალდ კუკის" საბრძოლო შესაძლებლობების დისკრედიტაცია ცრუინფორმაციის გავრცელებით სცადეს.