რუსული იარაღის "ჩავარდნა-ჩამოვარდნა" - კვირის პალიტრა

რუსული იარაღის "ჩავარდნა-ჩამოვარდნა"

გასული კვირა რუსეთისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა: ჯერ იყო და, შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიის ზღვის თავზე, მისი ორი ახალი საფრონტო ბომბდამშენი Су-34 ერთმანეთს შეეჯახა და ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟების ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი გადაარჩინეს; შემდეგ სირიაში ისრაელის ავიაციამ ერთმანეთის მიყოლებით სირიის არმიის კუთვნილი ორი რუსული საზენიტო "პანცირი" ააფეთქა, ოკუპირებული აფხაზეთის წებელდის რაიონში კი ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 ხევში გადავარდა და სამი რუსი ოკუპანტი დაიღუპა; ბოლოს მურმანსკის ოლქში, ქალაქ ოლენეგორსკის აეროდრომზე დაჯდომისას კატასტროფა განიცადა შორი მოქმედების რაკეტმზიდმა ბომბდამშენმა Ту-22М3-მა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის მთავარი შტაბი გუდაუთის ბომბორის სამხედრო აეროდრომზეა, თუმცა მისი დანაყოფები მთელ აფხაზეთშია მიმობნეული. ამ ბაზის პირადი შემადგენლობა სამთო მომზადებას წებელდის პოლიგონზე გადის. ერთ-ერთი სწავლებიდან უკან დაბრუნების დროს რუს ოკუპანტებს ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 მდინარეში ჩაუვარდათ, რის შედეგადაც სამი რუსი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

დიდი ალბათობით, ეს ჯავშანტრანსპორტიორი იმ საბატალიონო-ტაქტიკური დაჯგუფების ჯავშანკოლონაში შედიოდა, რომელიც აგვისტოს ომის დროს უკვე ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯერ ზუგდიდში და შემდეგ კი სენაკის სამხედრო ბაზაში შემოიჭრა.

რუსი გენერლების მეორე დანაკარგი ამ კვირაში ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან მას თვით ამერიკული ატომური ავიამზიდების მეთაურებიც უფრთხიან, რადგან Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რუსულ ბომბდამშენებს "ავიამზიდების მკვლელებსაც" ეძახიან.

22 იანვარს მურმანსკიდან ასიოდე კმ-ში, ქალაქ ოლენეგორსკში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაშვებისას კატასტროფა განიცადა სწორედ ასეთმა "ავიმზიდების მკვლელმა" Ту-22М3-მა. ქარბუქში დაშვებისას, სავარაუდოდ, პილოტების შეცდომის გამო, ბომბდამშენი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს დაენარცხა და ეკიპაჟის ოთხი წევრიდან სამი დაიღუპა.

სწორედ ასეთმა რუსულმა ბომბდამშენებმა (მათ შორის შეიძლება კატასტროფაგანცდილმაც) დაბომბეს აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორია.

ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამერიკული ავიამზიდების მეთაურების ეს პოტენციური კოშმარი სწორედ ქართველმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს "ბუკიდან" გაშვებული ორი საზენიტო რაკეტით (რუსული Ту პირველივე რაკეტამ ააფეთქა, მეორე კი უკვე ჰაერში დაშლილი ამ 120-ტონიანი ბომბდამშენის მსხვილ ფრაგმენტს მოხვდა). არც მანამდე და არც აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის ეს "სიამაყე" არავის ჩამოუგდია.