ბირთვული საფრთხე "დაგვიბრუნდა"... - კვირის პალიტრა

ბირთვული საფრთხე "დაგვიბრუნდა"...

მთელი ევროპა და საქართველოც 2 თებერვლის შემდეგ შეიძლება ახალი ბირთვული დაპირისპირების არეალში აღმოჩნდნენ

ახალი კვირა ახლებურად დაიწყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისა და შეიძლება მთელი მსოფლიოსთვისაც, რადგან 2 თებერვლის შემდეგ აღარ იმოქმედებს ერთიანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელმაც ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ევროპას ბირთვული საფრთხე მოუხსნა.

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ 30 წელზე მეტხანს წარმატებით იმუშავა და ევროპელებისთვის დავიწყებას მიეცა ბირთვული თავდასხმების საფრთხე.

1987 წლამდე, სანამ ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა, ევროპაში ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი იყო.

საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ გერმანიაში ნადირაძის "პიონერები" და "ტემპები" ჰქონდა, ამერიკელებს კი დასავლეთ გერმანიაში - "პერშინგები" და "ტომაჰავკები", რომლებიც მუდმივად მზად იყო, მთელი ევროპა ბირთულ ქარცეცხლში მოექცია.

რაკეტების გატანისა და ლიკვიდაციის ხელშეკრულებით, უპირველესად მაინც საბჭოთა კავშირმა მოიგო, რადგან "პიონერები" აღმოსავლეთ გერმანიიდან ვაშინგტონს ვერ მისწვდებოდნენ, სამაგიეროდ, ამერიკულ "პერშინგებს" ათიოდე წუთი სჭირდებოდათ მოსკოვში "სტუმრობისთვის"...

ხელშეკრულებაში გათვალისწინებული რაკეტების ლიკვიდაცია 1988 წელს დაიწყო, რითაც ირიბად მაშინდელმა საბჭოთა საქართველომაც იხეირა, რადგან საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორის სარაკეტო სამხედრო ნაწილიდან 1984 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში გადასროლილი 12 ერთეული "ტემპ-ს" ტიპის მობილური სარაკეტო დანადგარი და ბირთვულქობინიანი რაკეტები გომბორში აღარ დააბრუნეს - ისინი პოლიგონზე, ამერიკელი ინსპექტორების თვალწინ გაანადგურეს.

მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაჰბარდება, თუკი ევროპაში ახალი ბირთვული მილიტარიზაცია დაიწყება. ხელშეკრულებას აშშ ტოვებს, რაც, ბუნებრივია, აჩენს ეჭვს, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავე ახალი ცივი ომის წამოწყებაში, თუმცა ამერიკელები ამის მიზეზს ასახელებენ - რუსეთმა მალულად გამოცადა და შეიარაღებაში მიიღო ახალი ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტა, რომლის გაშვება "ისკანდერის" მობილურ სარაკეტო კომპლექსს ხელშეკრულებით დაშვებული 500 კმ-ის ნაცვლად 4-5-ჯერ მეტ მანძილზე შეუძლია, ანუ კრემლი ფარულად არღვევს ამ ხელშეკრულებას...

მოსკოვი ჯერ უარყოფდა ასეთი რაკეტის შექმნას, შემდეგ აღიარა, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი ფრენის მაქსიმალური მანძილი 480 კმ-ს არ აღემატება. ამასთან, მხოლოდ სარაკეტო კონტეინერს ამზეურებს და არა შიგ მოთავსებულ რაკეტას, რის გარეშეც სპეციალისტებს არ შეუძლიათ, მიახლოებით მაინც ამტკიცონ რაკეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები.

ასეა თუ ისე, ეს ხელშეკრულება დარღვეულია, რის შემდგომ ნაბიჯად შეიძლება იქცეს ევროპაში ბირთვულქობინიანი სარაკეტო შეიარაღების - მაგალითად, რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი "ისკანდერების" განთავსება (ამ შემთხვევაში შორს მფრენ ახალ რუსულ ფრთოსან რაკეტას, რის გამოც ეს ხელშეკრულება იშლება, თითქმის მთელი ევროპის "დაფარვა" შეეძლება); საპასუხო ნაბიჯი იქნება ამერიკული მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო სისტემების (რომლებიც პენტაგონს შეიარაღებაში აღარ აქვს, მაგრამ შეუძლია საზღვაო ბაზირების ფრთოსანი "ტომაჰავკებისთვის" სახმელეთო გამშვებებში სასწრაფოდ გადაწყობა) განთავსება რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებში - ბალტიისპირეთში, პოლონეთსა თუ რუმინეთში...

საქართველოსთვის ყველაზე სახიფათო ის არის, რომ შეიძლება რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნე აღმოჩნდეს. ეს "ბედნიერება" არც აქამდე დაგვკლებია, აგვისტოს ომის დროს ოცზე მეტი "რუსული "ტოჩკასა" და ორი "ისკანდერის" "სტუმრობის" ჩათვლით, მაგრამ ბირთვულქობინიანი რაკეტების საფრთხე გლობალურია.