პუტინი ფაშინიანს Су-ებს უგზავნის - კვირის პალიტრა

პუტინი ფაშინიანს Су-ებს უგზავნის

სომხეთში ბაზირებულ Су-30СМ-ებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული ფუნქციის შესრულება შეუძლიათ...

რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა უკვე ხელი მოაწერეს სომხეთისთვის Су-30СМ ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის ხელშეკრულებას. ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ არც ხელშეკრულების თანხას და არც თვითმფრინავების რაოდენობას, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციითY, სომხეთმა Су-30СМ-ების ერთი ესკადრილია, 12 თვითმფრინავის შემადგენლობით, შეიძინა.

ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის Су-30СМ-ის კაბინაში გადაღებულ ფოტოს დიდი ამბავი მოჰყვა, რადგან ქვეყნის პირველი პირი შემთხვევით არ ჯდება საბრძოლო თვითმფრინავის კაბინაში და მით უმეტეს, შეცდომით არ აქვეყნებს ასეთ ფოტოს.

2016 წლის თებერვლის დამდეგს "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ სომხეთი დაინტერესებული იყო რუსული 4+ თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელ Су-30СМ-ის შეძენით. სომხეთის შეიარაღებაში 35-ტონიანი ორადგილიანი გამანადგურებლის გამოჩენა, რომელსაც 8 ტონა საერთო მასის რაკეტებისა და ბომბების წაღება 1 500 კმ-ის რადიუსში შეუძლია, მნიშვნელოვნად შეცვლის სამხედრო ბალანსს სამხრეთ კავკასიაში, უპირველესად კი, აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირებაში.

დღეისთვის აზერბაიჯანის საბრძოლო ავიაცია 18 МиГ-29-ითა და დაახლოებით 20 Су-25-ით ჯაბნის სომხეთის 15 ერთეულ Су-25-ს (მათგან ერთი 1993 წელს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებიდან გაიტაცეს), თუმცა ერებუნის აეროდრომზე, რუსულ სამხედრო ბაზაში, 18 МиГ-29 დგას.

თუ დასჭირდათ, სომეხი პილოტები Су-30СМ-ებით აზერბაიჯანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე მიაღწევენ, ისევე, როგორც საქართველოს მიმართულებით.

ერთი Су-30СМ-ის საექსპორტო გასაყიდი ფასი 80 მლნ დოლარს აღემატება, რუსეთს თავისი ავიაციისთვის 50 მლნ დოლარამდე უჯდება და ერევანს ამ ფასადაც რომ მიჰყიდოს, ეს სომხეთის დღევანდელი ეკონომიკისთვის წარმოუდგენლად დიდი ფასია.

ამიტომაც, თუკი უახლოეს მომავალში რუსული Су-30СМ-ები მართლაც გამოჩნდებიან ერებუნისა თუ გიუმრის აეროდრომებზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გრძელდება "ისკანდერის" თემა - ძალზე ძვირად ღირებულ თანამედროვე რუსულ შეიარაღებას (რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს) თითქოს ოფიციალურად ყიდულობს ერევანი, სინამდვილეში კი სომხეთში როგორც "ისკანდერების", ისე"Су-ების ოპერატორებად ისევ რუსი ოფიცრები არიან.

P.S. პირველი Су-30СМ რუსებმა 2018 წლის მაისში დაკარგეს სირიაში - ჰმეიმიმის აეროდრომიდან აფრენისთანავე ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, ისე კი პირველი საბრძოლო დანაკარგი მისმა "წინაპარმა" Су-27-მა ქართულ ცაში განიცადა - აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის მარტში, სოხუმის რაიონში ტყეში ჩავარდა.