ქართული არმიის საიდუმლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა... - კვირის პალიტრა

ქართული არმიის საიდუმლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი რასმუსენი, რომელიც ამ კვირაში აპირებს თბილისში ჩამოსვლას, ძალზე დაინტერესებულია NATO-სა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავებით. ეს შეეხება როგორც მოსკოვის მიწვევას ევროპაში ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ისე რუსეთის დაბრუნებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის დეკემბერში რუსეთმა მორატორიუმი გამოაცხადა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე. კრემლის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ 1999 წელს სტამბოლში ხელმოწერილ ამ ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს არ შეუერთდა დასავლეთი, მაშინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო მისი შესრულება და გაიყვანა თავისი სამხედრო ბაზები საქართველოდან (ბათუმიდან, ვაზიანიდან და ახალქალაქიდან).

მცირეოდენი ექსკურსი: 1990 წელს პარიზში ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების პროცესის დაწყებას. ამ ხელშეკრულებას ხელი საბჭოთა კავშირმაც მოაწერა, რომლის სამხრეთ ფლანგზე სამხრეთ კავკასია და საქართველოც იგულისხმებოდა. ერთ წელში საბჭოთა კავშირი დაიშალა და რვა წელი გახდა საჭირო ამ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის შესამუშავებლად, რომელსაც 1999 წელს სტამბოლში რუსეთის ფედერაციასთან ერთად დსთ-ის ევროპული ნაწილის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის საქართველომ, მოაწერეს ხელი.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირება მოახდინა, რაც არ გააკეთეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა. ამით კრემლს საუკეთესო საბაბი მიეცა, 2007 წელს მორატორიუმი გამოეცხადებინა ამ ხელშეკრულების შემდგომ შესრულებაზე.

ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მისი ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიაზე, წელიწადში არანაკლებ ორჯერ, გეგმის მიხედვით (ან მოულოდნელად) ჩატარდებოდა სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილების ინსპექტირება, იმის გადამოწმება, თუ რა სახის და რაოდენობის ჩვეულებრივი შეიარაღება აქვთ მათ (შემოწმებას არ ექვემდებარება საჰაერო თავდაცვის საშუალებები და სამხედრო-საზღვაო ძალები).

2007 წლის ბოლომდე რუსეთის ევროპულ ნაწილში და მათ შორის - ჩრდილო კავკასიის რეგიონში (რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გახლდათ) ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ (ხელშეკრულების მიხედვით მეზობელი ქვეყნების ინსპექტორებს - სამხედრო  ვერიფიკატორებს არა აქვთ ერთმანეთის გადამოწმების უფლება, ამას მესამე ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებენ) წელიწადში ორჯერ ქართულ მხარეს საშუალება ჰქონდა, ზუსტად სცოდნოდა, რა სამხედრო დანაყოფები ჰყავდა დისლოცირებული რუსეთის ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქს კავკასიონის ჩრდილოეთით და რა შეიარაღება ჰქონდათ მათ.

ბუნებრივია, ანალოგიურ ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ფლობდა რუსეთიც. ინსპექტირების შემდეგ დამუშავებული ინფორმაცია თავს იყრის ერთ ინფორმაციულ ცენტრში, საიდანაც საჭირო მონაცემების მიღება ხელშეკრულების მონაწილე ყველა ქვეყანას შეუძლია.

2007 წლის ბოლოს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ რუსეთი, ბუნებრივია, აღარ უშვებდა სამხედრო ვერიფიკატორებს თავის ტერიტორიაზე და რუსულ სამხედრო დანაყოფებზე მონაცემების განახლების პროცესი შეწყდა.

ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქთან დაკავშირებით, რადგან კრემლმა მათი გადმოჯგუფება დაიწყო რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს და ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება ჩაატარა.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართულ მხარეს აღარ ჰქონდა განახლებული მონაცემები რუსეთის ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში წლის დასაწყისიდან მომხდარ ცვლილებებზე. სამაგიეროდ, მოსკოვი ერთიანი საინფორმაციო ცენტრიდან დაუბრკოლებლად იღებდა ინფორმაციას ქართული არმიის შეიარაღების განახლების შესახებ, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს დაავიწყდათ, ან სულაც, შეგნებულად არ დაბლოკეს ხელშეკრულებაზე მორატორიუმგამოცხადებული რუსეთის მიერ ერთიანი საინფორმაციო ცენტრით სარგებლობა.

უფრო მეტიც, აგვისტოს ომის შემდეგაც კრემლი დაუბრკოლებლად სარგებლობდა ამ ინფორმაციით და მოსკოვს მარტივი გამოთვლებით შეეძლო განესაზღვრა ქართული არმიის შეიარაღების დანაკარგები ან ახალშეძენილი საბრძოლო ტექნიკის სახეობები და რაოდენობა.

ასე გრძელდებოდა 2009 წელსაც და ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანათა საინფორმაციო ცენტრმა ბოლოს და ბოლოს, შეუწყვიტა თუ არა მონაცემთა მიცემა რუსეთს, რომელმაც ამ ხელშეკრულების შესრულებაზე მორატორიუმი თითქმის სამი წლის წინ გამოაცხადა.

რა თქმა უნდა, მოსკოვი მაინც მოძებნის შემოვლით გზებს, თუკი პირდაპირ ვერ მიიღებს ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. მაგალითად, მას მეგობრულ დახმარებას გაუწევენ სომხეთი ან უკრაინის ახალი ხელისუფლება და მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას.

P.S. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების გარდა საქართველო, ისევე, როგორც ათეულობით ევროპული ქვეყანა, მონაწილეობს "ღია ცის" ხელშეკრულებაშიც. იგი ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნის საჰაერო სივრცეში სპეციალური ვიდეო და ფოტოაპარატურით აღჭურვილი თვითმფრინავების საინსპექციო ფრენებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქართულ ცაში განხორციელებული ასეთი ფრენების დროს ისინი ვერ ბედავენ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის თავზე გამოჩენას, რადგან თურმე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურობამ საქართველოს ცის ეს ნაწილი დახურულ ზონებად გამოაცხადა...

სამაგიეროდ, სენაკის, ხონის, კოპიტნარის, ვაზიანის, მარნეულისა თუ სხვა ქართული სამხედრო ბაზების ციდან დეტალურად გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა თავს იყრის "ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანათა საინფორმაციო ცენტრში და მას დაუყოვნებლივ ეცნობა რუსეთის (როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნის) სამხედრო დაზვერვა.