იჩაგრებიან თუ არა ჯარში ჯარისკაცები
იჩაგრებიან თუ არა ჯარში ჯარისკაცები
სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში არასაწესდებო ურთიერთობების დასაწყისშივე აღმოფხვრა სარდლობის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს

სავალდებულო სამხედრო სამსახურში - როგორც თავდაცვის ძალებში, ისე სხვა ძალოვან სამინისტროებში, ყოველწლიურად ექვსი ათასამდე ახალგაზრდას იწვევენ.

ეს არცთუ დიდი რიცხვია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულ არმიასა თუ სხვა პარამილიტარულ დანაყოფებში, სადაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიან, ხშირია ჯარისკაცებს შორის ჩხუბი და ერთმანეთის დაჩაგვრა.
ბოლო ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია,
რომლის თანახმად, თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დაზარალებულ ახალწვეულს სამედიცინო შემოწმებისას დაზიანება არ აღმოაჩნდა.

როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ქართულ არმიაში ადრე მომხდარი რამდენიმე ინციდენტი (კოჯორში საქმე დაჭრამდეც კი მივიდა)
მიუთითებს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არასაწესდებო ურთიერთობა გრძელდება.

საბედნიეროდ, ისე ტრაგიკულად აღარ არის საქმე, როცა ყაზარმა ყაზარმაზე იწევდა და ხელჩართულ ჩხუბში ასობით ჯარისკაცი იყო ჩართული (ასეთიც ახსოვს ქართული არმიის ისტორიას), მაგრამ თავდაცვის ძალებისა თუ შსს-ს დანაყოფების ჯარისკაცებს შორის შიდა დაპირისპირება აბსოლუტურად მიუღებელია.

რა იწვევს ჯარისკაცებს შორის დაპირისპირებას?

მიზეზი შეიძლება სამი იყოს: "დედოვშჩინა", კუთხურობა და ე.წ. ძველბიჭობა.
"დედოვშჩინა" ანუ შედარებით მეტხანს ნამსახურები ჯარისკაცის მიერ ახალწვეულის ჩაგვრა მართლაც არსებობს (გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება), მაგრამ იმის გამო, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ ერთწლიანია, ისე აშკარა არ არის, როგორც ორწლიანი სამსახურის დროს.

ჩვენდა სამარცხვინოდ, უფრო სახიფათოა კუთხურობის გამო დაპირისპირება, როცა საქართველოს ერთი რეგიონიდან გაწვეულ ჯარისკაცთა ჯგუფი ცდილობს, ღამით ყაზარმაში სხვა კუთხის ჯარისკაცი დაჩაგროს.

კუთხურობის გამოვლინებაა ისიც, როცა ჩაგრავენ საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნების ჯარისკაცს - ბოლო დროს რამდენიმე ასეთი ფაქტიც მოხდა.

მესამე და ასევე მიუღებელია ყაზარმაში ე.წ. ძველბიჭობის ინსტიტუტის დამკვიდრების მცდელობა, როცა რამდენიმე ჯარისკაცი ცდილობს, მთელი დანაყოფი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს და ისინი ქუჩის კანონებით მართოს.

რით გამოიხატება ეს ჩაგვრა?

დღეს ჯარისკაცებს, საბედნიეროდ, აღარ უწევთ ტუალეტების დალაგება (ამას დაქირავებული დამლაგებლები აკეთებენ), თორემ ადვილი წარმოსადგენია, რა ცემა-ტყეპა იქნებოდა ყაზარმებში ღამით.

მიუხედავად ამისა, კუთხურობისა და ძველბიჭობის პრინციპით მოქმედი ჯარისკაცთა ჯგუფები ცდილობენ, თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ შედარებით სუსტი ნებისყოფის ჯარისკაცები, რომლებსაც თავდაცვა უჭირთ და ჯგუფურ ზეწოლას ვერ უძლებენ.

რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუ დანაყოფის სერჟანტი და ოფიცერი თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ, დაქვემდებარებულ ჯარისკაცებს პიროვნულად შეისწავლიან და იციან, როგორ მიუდგნენ მათ.

არასაწესდებო ურთიერთობა მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებს შორის არ არის. იყო რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა, როცა ყაზარმაში კონტრაქტით მომსახურე სამხედროსაც ჩაგრავდნენ კუთხურობისა თუ ძველბიჭობის პრინციპით.

მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ არასაწესდებო ურთიერთობა მხოლოდ ქართულ არმიაშია, პირიქით, სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების ფონზე (რუსულ არმიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ჩვენ არა გვიშავს. საშინელი "დედოვშჩინა" მძვინვარებს ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზების ყაზარმებში.

ყაზარმულ გარჩევებს ვერც ამერიკული არმია გადაურჩა და ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ბევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალები.
ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფიზიკურად აქტიურ მამაკაცების ჯგუფს დღე და ღამე უწევთ ურთიერთობა, რომლის დროსაც ვლინდებიან ლიდერებიც და დაჩაგრულებიც.

ასე ხდება სამოქალაქო ცხოვრებაშიც, მაგრამ თუ მოქალაქეს რამე არ მოეწონა, ის შეიძლება გაერიდოს მისთვის მიუღებელ სიტუაციას, ჯარისკაცს კი ასე ადვილად არ შეუძლია ყაზარმიდან წასვლა - ის დეზერტირად ჩაითვლება, ამასთან, მეთაურობისთვის დაჩაგვრის ფაქტების მოხსენება და ჩივილი ცუდ ტონად ითვლება (არა მარტო ქართული მენტალიტეტის გამო. ამერიკულ არმიაშიც კი მათ ჩამშვებებად აღიქვამენ) და ამის შემდეგ ეს ჯარისკაცი აუცილებლად სხვა ნაწილში უნდა გადაიყვანონ, თორემ ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა...

მაგრამ ის, რაც საბჭოთა არმიაში ხდებოდა, ქართულ ჯარში არ უნდა ხდებოდეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება და მხოლოდ კონტრაქტით მოსამსახურეების დატოვება პრობლემას ვერ უშველის. მთავარია, დანაყოფის სერჟანტმა, ოფიცერმა, მეთაურმა და სამხედრო პოლიციამ ეფექტიანად იმუშაონ და სამხედრო მოსამსახურეებს შორის არასაწესდებო ურთიერთობა ჩანასახშივე მოსპონ.
გოჩა
23 მარტი 2019 17:41
სამწუხაროა ი არსებული მდგომარეობა რაც ზემოთ არის აღნისნული . რას ქვია ზედაშინა რატომ არ აკონტროლებს ამას სამხედრო პოლიცია ,, დღეს დღეობით კველა საშუალებაა ტეხნიკური რომ შესაბამისი ფაკტები გამოვლინდეს , და ასეთი ადამიანები სათანადოდ დაისაჯონ უფრო მეტიც დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ სამხედრო სამსახურიდან ,და დაეკისროს ჯარიმის სახიტ პირს გადასახადი რაც სახელმწიფომ მასზე გაიღო, ასეთი პირები არასანდონი არიან სახელმწიფოს საიმედოობაშჰიც კი მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს ,ისენი თავის დროზე გაექცევიან ,როგორ უნდა ქონდეს იმედი ქვეკანას მჩაგვრელი ჯარისკაცის კეთილსინდისიერებაში ,,,თავის არნიშნულ მოვალეობას რომ ის პირნათლად არ შეასრულებს მჩჰაგვრელი ადამიანი ამაშჰი სახელმწიფოს ეჩვი რატო ეპარება ,რადგან ის თაგჰლითია და არა მხოლოდ მჩაგვრელი,,რათ უნდა რომ სახელმწიფომ არასაიმედო ჯარისკაცებს ხელფასი უხადოს .რომლებიც სხვა სამხედროების ჩჰაგვრით არიან დაკავებულნი,,,,,ისინი არამარტო არასაიმედონი არიან არამედ სხვებსაც კი უშჰლიან ხელს ,,,,,,,,,,თუ პატრონი არ კავს ქველანას დისიპლინაც არ არის ალბათ არც ერთ უწყებაშჰი არ არსებობს წესრიგი ასე არის ჩვენი ბედკრული ქვეკანაა,,