ერევანი და ბაქო რიგდებიან?!
23-02-2019
ერევანი და ბაქო რიგდებიან?!
საქართველოს ორმა მეზობელმა ცეცხლი შეწყვიტა და მოლაპარაკება დაიწყო შუამავლების გარეშე...

როდესაც შენი მეზობლები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული, თავს მშვიდად ვერ იგრძნობ, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ათასი სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ამიტომაც ყოველთვის არსებობს დიდი საფრთხე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედების დაწყების შემთხვევაში იარაღი ხელში სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებმაც აიღონ თავიანთი ისტორიული სამშობლოს დასახმარებლად ან უფრო უარესი - შეიარაღებული დაპირისპირება მათ
უშუალოდ ქართულ მიწაზეც დაიწყონ. მით უმეტეს, რომ 1990-იანი წლების დამდეგს, როდესაც მთიან ყარაბაღში ომმა პიკს მიაღწია, საქართველოს საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა (სასაზღვრო მონაკვეთების დანაღმვის ჩათვლით), ხოლო უშუალოდ ქართულ მიწაზე რამდენიმე დივერსიაც მოხდა, კერძოდ, დანაღმეს და ააფეთქეს რკინიგზა და ავტობუსი.

ასე რომ, ჩვენთვის სულერთი არ არის,
თუ რა ურთიერთობა ექნებათ ჩვენს უშუალო მეზობლებს - სომხებსა და აზერბაიჯანელებს.
ამიტომაც მისასალმებელია, რომ აზერ­ბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურმე უკვე ორჯერ არაფორმალურად შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც გამართეს.

უფრო საინტერესო ის არის, რომ ფრონტის ხაზზე თითქმის აღარ ისვრიან, ხოლო ერევანსა და ბაქოს შორის სატელეფონო "ცხელი ხაზი" ამოქმედდა კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნის პირველი პირების სასწრაფოდ დასაკავშირებლად.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთულესად დაძაბულ ურთიერთობაში დათბობის ნიშნები უცილობლად უკავშირდება სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას, რომელსაც სომხეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, რადგან მოჰბეზრდა "ომის პარტიის" პოლიტიკოსების მრავალწლიანი მმართველობა.

საგულისხმოა ისიც, რომ ოფიციალური ერევნისა და ბაქოს მოლაპარაკება შუამავლების გარეშე მიმდინარეობს, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის შენელებას.

მთიანი ყარაბაღის პრობლემა სწრაფად და ადვილად ვერ გადაწყდება, რადგან ერევნისა და ბაქოს გარდა, მოლაპარაკებაში მხარედ მონაწილეობა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიდერებსაც სურთ. ამის საპასუხოდ ბაქო მოლაპარაკებაში იმ აზერბაიჯანელების ჩართვასაც მოითხოვს, რომლებიც თავის დროზე ყარაბაღში ცხოვრობდნენ და ომის დროს იქიდან იძულებით გამოდევნეს.
დღეს სომხეთი მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიის გარდა, აზერბაიჯანის ხუთ რაიონს აკონტროლებს, რომლებიც თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გარშემო ბუფერულ ზონას ქმნიან.

თუკი შედეგიანად წარიმართა მოლაპარაკება ბაქო-ერევანს შორის, უნდა ვიფიქროთ, რომ აზერბაიჯანს სწორედ ამ ბუფერული ზონის ტერიტორიები დაუბრუნდება. თუმცა, მეორე მხრივ, ძნელად წარმოსადგენია, ლაჩინის სატრანსპორტო დერეფნის გარეშე სომხეთი როგორ დაუკავშირდება მთიან ყარაბაღს.

მოლაპარაკება ყოველთვის სჯობს ომს, მაგრამ ყველას აძლევს კი ხელს ბაქოსა და სომხეთის დაზავება? რა თქმა უნდა, არა!
რუსეთის ხელისუფლებას სულაც არ აწყობს, რომ სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვან. კრემლს ამისთვის რამდენიმე მიზეზი აქვს: დაზავებული სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო მეტს იფიქრებენ არა ტანკებისა და თვითმფრინავების ყიდვაზე რუსეთიდან, არამედ ეკონომიკის განვითარებასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის ევროკავშირსა და თვით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთანაც, რაც მოსკოვს სამხრეთ კავკასიას საბოლოოდ დააკარგვინებს. ამას კი კრემლი ყველა საშუალებით შეეწინააღმდეგება, მათ შორის ახალი ომების კერების გაჩაღებით ჩვენს რეგიონში.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?