ნატოს 30-ე წევრი საქართველო ვერ გახდა... - კვირის პალიტრა

ნატოს 30-ე წევრი საქართველო ვერ გახდა...

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ჩრდილოეთ მაკედონიის 30-ე წევრად მიღების პროცედურა დაიწყო

ნატოს "ღია კართან" საქართველოს მრავალწლიანმა ლოდინმა საზოგადოების ნაწილს შეიძლება იმედი გაუქარწყლა, მაგრამ თურმე ჩვენს შემთხვევაზე არანაკლებ დრამატულიც ხდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29 წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ალიანსის 30-ე წევრად ყოფილი იუგოსლავიის შემადგენელი მაკედონიის მიღებას ითვალისწინებს.

არადა, ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომელზეც საქართველოს ნატოში ოდესღაც გაწევრებას შეჰპირდნენ, უკვე მზად იყო ხელშეკრულება მაკედონიის ალიანსის სრულუფლებიან წევრად იმავე წელს მიღებაზე, მაგრამ მაკედონიას 11 წელი მოცდამ მოუწია და არა იმიტომ, რომ მზად არ იყო ალიანსის წევრობისთვის, არამედ... სახელის გამო!

მეზობელმა და ამასთანავე, ნატოს წევრმა საბერძნეთმა დაბლოკა მაკედონიის ალიანსში გაწევრება, სანამ ის სახელს არ გადაირქმევდა - ათენში შიშობდნენ, რომ უკვე ნატოს წევრ მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები არ გამოეთქვა საბერძნეთის ამავე სახელწოდების მაკედონიის რეგიონზე.

მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ მხარეები, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდნენ, რომ ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიას ჩრდილოეთი მაკედონია დაერქმეოდა. ამ გადაწყვეტილებას დიდი პროტესტი მოჰყვა თავად მაკედონიის მოსახლეობაშიც და თვით საბერძნეთშიც - პირველ შემთხვევაში მაკედონიელებს არ მოეწონათ ბერძნების კატეგორიულ მოთხოვნაზე დაყაბულება, ხოლო ბერძნების ნაწილი სიტყვა "მაკედონიის" საერთოდ ამოღებას მოითხოვდა მეზობელი ქვეყნის დასახელებიდან.

საბოლოოდ მოინახა კომპრომისული გამოსავალი და ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი ხდება, თუნდაც მრავალწლიანი დაგვიანებით, რაც იმედს გვისახავს, რომ საქართველოც ოდესმე გადაიფარებს ნატოს "უსაფრთხოების ქოლგას", თუმცა ამისთვის ჩვენ სახელის შეცვლაც არ გვეყოფა (ისედაც საქართველოს მსოფლიოში რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ), რადგან უფრო დიდი პრობლემა გვიდგას წინ რუსეთის ინტერესების სახით.

რაც ყველაზე საინტერესოა, რუსეთის ხელისუფლებაც ეწინააღმდეგებოდა მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებთან საერთო საზღვარიც კი არა აქვს, კრემლი მონტენეგროში სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა, ხოლო მაკედონიის სახელის შეცვლის საწინააღმდეგოდ ადგილობრივ მოსახლეობაში ფარულ აგიტაციას ეწეოდა.

ადვილი მისახვედრია, რომ მეზობელ საქართველოს, რომლის ორი რეგიონიც ოკუპირებული აქვს, რუსეთი ადვილად არ "დაუთმობს" ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მით უმეტეს, ბოლო წლების დაპირისპირებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპაში ბირთვული რაკეტების "აჩრდილები" ბრუნდებიან. ქართულ მიწაზე ამერიკული რაკეტების სასტარტო პოზიციების განთავსების მცირე პერსპექტივაც კი კრემლს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის განმეორებისკენ უბიძგებს.

ჩვენი დოსიე:

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონიაში მხოლოდ 2 მლნ კაცი ცხოვრობს და მისი არმია 10 ათას კაცს ითვლის. არმიის შეიარაღებაშია 31 ტანკი, დაახლოებით 260 ჯავშანმანქანა, 168 საარტილერიო დანადგარი და 14 სამხედრო შვეულმფრენი. მაკედონიელ სამხედროებს უკვე მოუწიათ საბრძოლო დაპირისპირებამ ალბანურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, ასევე ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობამ.