"დიდგორი" არტილერისტიც გახდა...
"დიდგორი" არტილერისტიც გახდა...
ჯავშანტრანსპორტიორისა და ჯავშანსასწრაფოს ფუნქციების შემდეგ, "დიდგორი" საზღვარგარეთ უკვე მობილური ნაღმსატყორცნის
ამპლუაში წარდგა


გასულ კვირას "დელტამ" თავისი პროდუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო გამოფენა IDEX-2019-ზე წარადგინა. "დელტაში" დიდხანს ემზადებოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX-2019-ისთვის, რადგან შეიარაღების ამ მსოფლიო დონის "დეფილეზე" პირველად უნდა ეჩვენებინათ ახალი მოდელი - "დიდგორი მეომარი" 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის საბრძოლო მოდულით.

თუ რას ნიშნავს არტილერიისა და მათ შორის ნაღმსატყორცნების გათვლებისთვის საცეცხლე პოზიციების სწრაფი შეცვლა რამდენიმე
გასროლის შემდეგ, იმედია, დიდი ახსნა არ სჭირდება.

"დელტამ" სამი წლის წინ სცადა, რომ 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი მობილური გაეხადა, რის შედეგადაც დაიბადა თვითმავალი ნაღმსატყორცნი­ GMM-120. მასში გათვალისწინებული იყო თანამედროვე მოთხოვნები: 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი სრული მუხტით უშუალოდ სამღერძიანი მანქანის ძარიდან ისროდა.

120 მმ-იანი ნაღმის სრული მუხტით გასროლისას
უკუცემის იმპულსი 90 ტონამდე აღწევს და ასეთი საშინელი ძალის უკუცემამ მანქანის შასი რომ არ დაამტვრიოს, ნაღმსატყორცნზე დამონტაჟდა უკუცემის ძალის ჩამხშობი ჰიდრავლიკური მექანიზმი, რომელმაც უკუცემის ძალა თითქმის 15 ტონამდე შეამცირა. მაგრამ ყოველივე ამან (უკუცემის ჩახშობის სისტემამ და თვითმავალ ბაზად მძლავრი სატვირთო შასის არჩევამ) GMM -120 სისტემა გაართულა და გააძვირა.

"დიდგორი მეომრის" შემთხვევაში "დელტამ" უფრო მარტივი გზა აირჩია: ნაღმსატყორცნს უნდა ესროლა არა მანქანის ძარიდან, არამედ მიწიდან, რისთვისაც მისი მიწაზე დაშვების მექანიზმი იყო საჭირო.

სტანდარტულ "დიდგორს" სადესანტო ნაკვეთურის უკანა ნაწილი გაუუქმეს და მის ადგილზე დაამონტაჟეს ასევე "დელტაში" დამზადებული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი, რომელსაც ჰიდრავლიკური ამწეები მიწაზე უშვებდნენ და შესაბამისად მრავალათეულტონიან უკუცემის იმპულსს უკვე არა მანქანის ძარა, არამედ მიწა იღებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მართკუთხა ფორმის საყრდენი ფილა, რომელიც უკეთესად ანაწილებს უკუცემის იმპულსს, ვიდრე მრგვალი ფილა.

"დელტამ" ნატოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას უკვე მიჰყიდა რამდენიმე ათეული ბუქსირებადი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი და დიდი შანსია, აბუ-დაბიში თვალი უკვე "დიდგორი მეომარზე" ამხედრებულ იმავე ნაღმსატყორცნსაც დაადგეს.

მობილური ნაღმსატყორცნის გარდა, "დელტამ" აბუ-დაბის გამოფენაზე ასევე ჩაიტანა: სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა "დიდგორი მედევაკი", მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, მსხვილ­კალიბრიანი შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმსატყორცნი "მყუდრო", მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი RPGL-7G, 338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა "სატევარი-2" და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.

თითოეულმა მათგანმა შეიძლება დააინტერესოს გამოფენის დამთვალიერებელი, რადგან ისინი არ გამოირჩევიან დიდი თვითღირებულებით (იარაღის მსოფლიო ბაზრის "მონსტრი" კომპანიების მრავალმილიონიანი ღირებულების მართვად რაკეტებთან თუ ტანკებთან შედარებით) და მეტი შანსი აქვთ მსოფლიოს მესამე ქვეყნების (შეიძლება მეორისაც) გენერლები დააინტერესონ, მაგრამ შეიარაღების ასეთი მობილური საარტილერიო სისტემა უპირველესად სწორედ იმ ქართულ არმიას სჭირდებოდა, რომელიც ტოტალური ომისთვის ემზადება.

P.S. ნიშანდობლივია, რომ ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წელს, საქართველომ თავისი წარმოებული და საექსპერიმენტო შეიარაღების ნიმუშები პირველად გაიტანა საერთაშორისო გამოფენაზე რუმინეთში, ბუქარესტში. მაშინ ამ სტატიის ავტორი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა და იმ ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა. ექსკლუზიური მასალა ამასთან დაკავშირებით მაშინ სწორედ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები