პუტინის სარაკეტო მუქარა და საქართველო - კვირის პალიტრა

პუტინის სარაკეტო მუქარა და საქართველო

"ამერიკულ რაკეტებს დავარტყამთ იქაც, რომელ ქვეყნებშიც განათავსებენ და თვით ამერიკაშიც", - რუსეთის პრეზიდენტი აშკარა მუქარაზე გადადის

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გასულ კვირას ამერიკელი კოლეგა გააფრთხილა, რომ თუკი აშშ გამოვა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ორმხრივი ხელშეკრულებიდან და ამ კლასის რაკეტებს რუსეთის სიახლოვეს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიებზე განათავსებს, მაშინ კრემლი თავისი ბირთვული რაკეტების სამიზნეში ამოიღებს როგორც ამ ქვეყნებს, ისე აშშ-ში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს.

რუსული ბირთვული "სატანებისა" და "ტოპოლების" სამიზნეში დიდი ხანია მოექცნენ ამერიკული ქალაქები, ისევე როგორც ანალოგიური კლასის ამერიკული რაკეტებია დამიზნებული რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე, მაგრამ პუტინის მუქარა სხვა ქვეყნების შესაძლო ბირთვულ დაბომბვაზე სიახლეა, რომელიც მთელ მსოფლიოს გასული საუკუნის 70-80-იან წლებში აბრუნებს, როდესაც "ცივმა ომმა" პიკს მიაღწია.

სხვათა შორის, მაშინაც კრემლი გამოვიდა ევროპაში ბირთვული გამალებული შეიარაღების ინიციატორად, როდესაც საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში მალულად განათავსა იმ დროისთვის უახლესი მობილური სარაკეტო სისტემა "პიონერები".

"პიონერების" მთავარ კონსტრუქტორ ალექსანდრე ნადირაძეს საუკეთესო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ უსტინოვთან და ეს ინიციატივა მათგან მოდიოდა, რომელიც საბჭოთა პოლიტბიურომაც მოიწონა.

მაგრამ საბჭოეთის სარაკეტო ფანდი ამერიკული კოსმოსური დაზვერვისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მთელი მსოფლიოს გასაგონად უარყოფდა საშუალო სიშორის "პიონერების" დამიზნებას დასავლეთ ევროპისთვის, ამის ბევრი დამამტკიცებელი ფაქტი დაიდო.

საპასუხოდ ამერიკელებმა დასავლეთ ევროპაში ბალისტიკური "პერშინგები" და ფრთოსანი "ტომაჰავკები" გადაისროლეს და წაგებული ისევ საბჭოთა კავშირი დარჩა, რადგან ბელორუსიის სარაკეტო პოზიციების რაიონებიდან "პიონერები" ვაშინგტონამდე მაინც ვერ აღწევდნენ, სამაგიეროდ, ამერიკულ "პერშინგებს" ათიოდე წუთი თუ სჭირდებოდათ კრემლში "სტუმრობისთვის".

დღესაც თითქმის იგივე ვითარებაა: რუსეთმა ისევ მალულად შექმნა დაშვებულ 500 კმ-ზე 4-5-ჯერ შორს მფრენი ფრთოსანი რაკეტები და არანაკლებ 64 ასეთი რაკეტა უკვე პოზიციაზე დგას (მათგან ყველაზე ახლოს საქართველოსთან, ჩრდილოეთ ოსეთშია), თუმცა კრემლი ცდილობს ამერიკელებს დააბრალოს ორმხრივი ხელშეკრულების დარღვევა.

რა იქნება თეთრი სახლის საპასუხო ნაბიჯი? თუკი პენტაგონმა "პერშინგების" ისტორია გაიმეორა და საშუალო სიშორის ახალი სარაკეტო სისტემები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ წევრების (მაგალითად, რუმინეთისა და პოლონეთის) ტერიტორიებზე განათავსა, მაშინ რუსეთი უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან პოლონეთიდან მოსკოვამდე ჩასაღწევად ბალისტიკურ რაკეტას უკვე ათი წუთიც არ სჭირდება. თუმცა თავად ეს ქვეყნებიც რუსული ბირთვული რაკეტების სამიზნედ გადაიქცევიან.

რით შეიძლება დაემუქროს ეს ყველაფერი საქართველოს?

"ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირის გენერალიტეტი შიშობდა, რომ ამერიკელებს სამხრეთი მიმართულებიდან შეიძლება ბირთვულქობინიანი "ტომაჰავკები" გაეშვათ მოსკოვისკენ, მათი დროული აღმოჩენა კი საბჭოთა საჰაერო თავდაცვას გაუჭირდებოდა, რადგან კავკასიის ქედი მათ "აბრმავებდა".

დამოუკიდებელი საქართველოს ნატოში გაწევრება და ამერიკული რაკეტების სასტარტო პოზიციების ქართულ მიწაზე გამოჩენა რუსეთისთვის კოშმარის ტოლფასი იქნება, რადგან რაკეტების მიზნებამდე ფრენის დრო უფრო მცირდება. ამიტომაც რუსეთის ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რომ საქართველო არ გახდეს ალიანსის წევრი, ხოლო თავად საქართველოს ბირთვული თავდასხმის ობიექტების სიაში "ჩაწერს". არსებობს სხვა საფრთხეც: შეიძლება თავად რუსეთმა განათავსოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვულქობინიანი სარაკეტო სისტემები (გასული საუკუნის 80-იან წლებში ბირთვულქობინიანი "ტემპები" და "ელბრუსები" იდგნენ გომბორსა და შაუმიანში), მაგალითად, აფხაზეთში, საიდანაც 2000 კმ-ზე შორს მფრენი ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტები ადვილად მისწვდებიან ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას.

შესაბამისად, ნატო და უპირველესად, ამერიკელი გენერლები საპასუხო ბირთვულ სამიზნეში ამოიღებენ უკვე სოხუმსა და ოჩამჩირეს.

ყველა ვარიანტში საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაში იქნება, რადგან ახალი "ცივი ომის" კიდევ უფრო გაძლიერებისას რუსეთ-ამერიკის ბირთვული დაპირისპირების შუაგულში მოექცევა.