ბირთვული სახელმწიფოების პირველი საჰაერო ორთაბრძოლები
ბირთვული სახელმწიფოების პირველი საჰაერო ორთაბრძოლები
ფოტო:პაკისტანელების მიერ ჩამოგდებული ინდური MiG-21 Bison -ის ფრაგმენტები
ინდოეთისა და პაკისტანის არსენალში რამდენიმე ასეული ბირთვული ბომბი და ქობინია, რაც უაღრესად საშიშს ხდის მათ შორის მეოთხე, ამჯერად ბირთვული ომის დაწყებას...

ყველაფერი 26 თებერვალს, გამთენიას დაიწყო, როდესაც ინდოეთის საბრძოლო ავიაციამ, კერძოდ, 12-მა "მირაჟმა", პაკისტანის ტერიტორიაზე, მათ შორის სადავო ქაშმირის რაიონში, სამი ობიექტი დაბომბა, რომლებიც, ინდოეთის დაზვერვის მტკიცებით, ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების მოსამზადებელი ცენტრები იყო.

ინდოეთმა ეს საჰაერო რეიდი მეზობელ პაკისტანში მას შემდეგ ჩაატარა, რაც 14 თებერვალს ქაშმირის ინდურ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა
დანაღმული მანქანით თავი აიფეთქა ინდოეთის არმიის სამხედრო კოლონის გვერდით, რასაც 45 ინდოელი სამხედრო შეეწირა.

ამ ტერაქტის შემდეგ დელიმ კარაჩიდან სასწრაფოდ გამოიწვია თავისი ელჩი და პაკისტანური საქონლის ექსპორტზე ინდოეთში ემბარგო დააწესა.

როგორც ჩანს, ინდოეთის ხელისუფლებას ეცოტავა ეს ზომები და საჰაერო რეიდიც ჩაატარა პაკისტანის ტერიტორიაზე, ტერორისტების მომზადების
ცენტრებზე.

ქაშმირის თავზე საჰაერო ბრძოლებიც გაიმართა, რომლის დროსაც Pპაკისტანის გამანადგურებელმა JF-17-მა (ჩინური წარმოების FFC-1) "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტით ინდოეთის გამანადგურებელი MiG-21 Bison-ი ჩამოაგდო და კატაპულტირებული ინდოელი პილოტი, რომელიც ინდოეთის ავიაციის გადამდგარი მარშლის შვილი აღმოჩნდა, ტყვედ აიყვანა. იმავე დღეს ქაშმირში კატასტროფა განიცადა ინდურმა სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენმა Mi-17-მა, დაიღუპა 6 სამხედრო, თუმცა უცნობია, ისიც პაკისტანელებმა ჩამოაგდეს თუ არა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შედეგად ინდოეთ-პაკისტანს შორის სამი ომი გაიმართა: 1947-1948, 1965-სა და 1971 წლებში.

ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობის უმთავრესი მიზეზი თავიდანვე ჯამუ და ქაშმირის შტატი იყო, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმანი, ხოლო შტატის ხელმძღვანელობა კი ინდუსები იყვნენ. ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შემდგომ ქაშმირის 60% ინდოეთს ერგო, 40% კი პაკისტანს.

ინდოეთ-პაკისტანის სამივე ომის დროს დაპირისპირებულ მხარეებს ჩვეულებრივი შეიარაღება ჰქონდათ, მაგრამ 1974 წელს ინდოეთმა ბირთვული იარაღი შექმნა, ხოლო P1998 წელს ბირთვული ქვეყნების რიგს პაკისტანი შეუერთდა.

საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების მონაცემებით, ინდოეთს დღეს შეიძლება 90-110 ბირთვული ქობინი ჰქონდეს, პაკისტანის ბირთვული არსენალიც არანაკლებ 100 ბირთვულ ქობინს ითვლის.

ეს ბირთვული პოტენციალი საკმარისზე მეტია არა მარტო ინდოეთ-პაკისტანის გასანადგურებლად, არამედ ევრაზიის კონტინენტის სასიცოცხლოდ უვარგისად გადასაქცევად. სხვათა შორის, ინდოეთ-პაკისტანის ორთაბრძოლის მთავარი მიზეზიდან - ქაშმირიდან საქართველომდე პირდაპირი ხაზით სამი ათას კმ-მდეა, რისი გადალახვაც ბირთული აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ მაღალ რადიაქტიულ ღრუბლებს რამდენიმე დღეში შეუძლიათ.

ბირთვული სახელმწიფოების ომები

ორი ბირთვული სახელმწიფოს ომს ჩვენი პლანეტა, საბედნიეროდ, არ მოსწრებია, თუმცა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს არაერთხელ უომიათ. ატომური იარაღი აშშ-მა პირველად და უკანასკნელად 1945 წლის აგვისტოში იაპონიაში გამოიყენა, თუმცა მას შემდეგ პენტაგონს საბრძოლო მოქმედებებში კორეაში, ვიეტნამში, ავღანეთსა და ერაყში ჩვეულებრივი შეიარაღების მეტი არაფერი გამოუყენებია. საფრანგეთი ალჟირში, ხოლო დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულებზე ასევე ბირთვული იარაღის გარეშე იბრძოდნენ. თუმცა რაღა შორს წავიდეთ _ ბირთვული ტრიადის მქონე რუსეთს 2008 წლის აგვისტოში სამხედრო აგრესიის დროს საქართველოსთვის მართალია ბირთვული ბომბები არ დაუშენია, მაგრამ ბირთვული იარაღის გადამტანი "ტოჩკისა" და "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები და ბომბდამშენები კი გამოიყენა.

ჩვენი დოსიე

მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში ინდოეთი მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის შემდგომ. მის შეიარაღებულ ძალებში 1,3 მლნ კაცი მსახურობს, პარამილიტარულ შენაერთებში 1 მლნ კაცი, ხოლო სამობილიზაციო რესურსში (ვისაც ხელში იარაღის აღება შეუძლია) 560 მლნ (!). სამხედრო ბიუჯეტი 52 მლრდ დოლარს შეადგენს. მის შეიარაღებაშია: 3 ათასი ტანკი, ამდენივე ჯავშანმანქანა, 10 ათასამდე საარტილერიო დანადგარი, 900-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, 800 შვეულმფრენი, 14 წყალქვეშა ნავი, 1 ავიამზიდი, 150-მდე სამხედრო ხომალდი.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 654 ათას კაცს შეადგენს. მის არსენალშია: 2 500 ტანკი, 1 600 ჯავშანმანქანა, 4 500 საარტილერიო დანადგარი, 425 საბრძოლო თვითმფრინავი და 260 შვეულმფრენი, 8 წყალქვეშა ნავი, 50-მდე სამხედრო ხომალდი.

თუ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბირთვული ომი დაიწყო, უპირველესად ბირთვული ქობინების გადამტან ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებენ, რომლებიც მრავლადაა ორივე დაპირისპირებული ქვეყნის შეიარაღებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები