ანაკლიის პორტის სამხედრო მნიშვნელობა... - კვირის პალიტრა

ანაკლიის პორტის სამხედრო მნიშვნელობა...

ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი უშუალოდ დიდი სავაჭრო გემებისა და სამხედრო ხომალდების ნავმისადგომთან ღუზის ჩაშვების საშუალებას იძლევა...

სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. თუ საავტომობილო და სარკინიგზო გზები გამტარიანობით ფასდება, აეროდრომების დონე კი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძითა და ბეტონის საფრის სისქით, საზღვაო პორტები ნავმისადგომების სიგრძითა და რაოდენობით ფასობს. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ღრმაა ნავმისადგომთან ზღვის სიღრმე.

საქართველოს დღეისთვის ორი საზღვაო პორტიღა დარჩა ბათუმსა და ფოთში, მაგრამ მათი სიღრმეები მხოლოდ 7-9 მეტრია, რაც არ კმარა როგორც დიდი წყალწყვის საოკეანე ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდი გემების ნავმისადგომებთან მისაღებად, ისე კრეისერის ტიპის სამხედრო ხომალდების მომსახურებისთვის.

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობისას დაანონსდა, რომ ნავმისადგომებთან ზღვის სიღრმემ შეიძლება 20 მეტრსაც მიაღწიოს, რაც ყოველგვარ შეზღუდვას მოუხსნის ნებისმიერი წყალწყვის მცურავ საშუალებას, თვით 100 ათასი ტონა წყალწყვის ატომურ ავიამზიდსაც კი, რომელიც წყალში 12 მეტრითაა ჩასული.

თუმცა მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთი შავ ზღვაში ატომურს კი არა, ჩვეულებრივძრავიან ავიამზიდებსაც არ შემოუშვებს, მაგრამ, მეორე მხრივ, კრეისერის ტიპის ხომალდები, რომელთა წყალშიგი (იგივე ჩაჯდომა) 9-10 მეტრია, ანაკლიის პორტში როგორც თევზი წყალში, ისე იგრძნობენ თავს.

რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი შენდება როგორც დიდი სავაჭრო ჰაბი, მაგრამ ნებისმიერ სატრანსპორტო კომუნიკაციას ორმაგი დანიშნულება აქვს: როგორც სამოქალაქო ტვირთბრუნვა, ისე სამხედრო ტვირთების გატარება აუცილებლობის შემთხვევაში.

შავი ზღვის აკვატორიაში ბოლო დროს დიდი ცვლილებებია: ჯერ რუსეთმა გადააიარაღა თავისი შავი ზღვის ფლოტი, ახლა კი ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც დაიწყო ფიქრი შავ ზღვაში საკუთარი ინტერესების გაძლიერებაზე.

საქართველოს ნატოსთან დაახლოება შავ ზღვაში სწორედ ქართული პორტების აქტიურ გამოყენებას გულისხმობს, მაგალითად, ქართულ პოლიგონებზე საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ჩატარებისთვის საჭირო საბრძოლო ტექნიკის საზღვაო ბორნებიდან ნავმისადგომებზე გადმოტვირთვას. თუ ამ საქმეში ფოთისა და ბათუმის პორტებს მალე მხარში ანაკლიის ბევრად ღრმაწყლოვანი ახალი პორტიც შეემატება, ამაში ცუდი არაფერია.

მაგრამ ის, რაც ჩვენთვისაა კარგი, ცუდია რუსეთისა და თურქეთისთვისაც კი: მოსკოვს ხელს არ აძლევს საქართველოს როგორც ეკონომიკური განვითარება, ისე ნატოს სამხედრო ხომალდების ხშირი შემოსვლა ქართულ პორტებში, თურქეთს კი ანაკლიის პორტმა შეიძლება კლიენტები წაართვას და კონკურენცია გაუწიოს თურქულ პორტებს.