ერთ თვეში ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო დაგვეღუპა... - კვირის პალიტრა

ერთ თვეში ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო დაგვეღუპა...

5 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ავღანეთში ქართველი ლეიტენანტი დაიღუპა, ახალ ინციდენტს ველოდით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ეს ასე მალე, ისევ სექტემბრის თვეში მოხდებოდა.

2010 წლის სექტემბერი შავ თვედ იქცა ქართული არმიის, განსაკუთრებით მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისათვის, რომელმაც როტაციისა და სამშობლოში დაბრუნების წინ ასეთი დანაკარგი განიცადა.

1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, ავღანეთში დაღუპულთა რაოდენობით საქართველომ, სამწუხაროდ, უკვე გაასწრო ISAF-ისა და NATO-ს რიგ ქვეყნებს:  თურქეთს მხოლოდ ორი დაღუპული ჰყავს, ჩეხეთს - 3, ბელგიას - ერთი, უნგრეთსა და შვედეთს - ოთხ-ოთხი, პორტუგალიას - ორი, ლატვიას - სამი, ახალ ზელანდიასა და  ფინეთს - თითო, თავად NATO-ს მეთაურობას კი - მხოლოდ სამი...

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, ბოლოს გარდაცვლილი ოთხივე ქართველი სამხედრო ნაღმის აფეთქებამ შეიწირა.

თვითნაკეთი თუ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ავღანეთში უპირველეს საშიშროებას რომ  წარმოადგენს და მათ უნდა უფრთხოდნენ ქართველი სამხედროები, არაერთხელ აღგვინიშნავს "კვირის პალიტრისა" თუ "არსენალის" ფურცლებზე. მაგრამ ნაღმი ისეთი ვერაგი იარაღია, რომლისგანაც თავის დაცვა ძალიან ძნელია.

აფხაზეთის ომში ადგილობრივი სეპარატისტები ოჩამჩირის რაიონში ქართული საბრძოლო დანაყოფების ჯავშანტექნიკისა და პირადი შემადგენლობის წინააღმდეგ ხშირად იყენებდნენ მძლავრ, თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს (ჟანგბადის ბალონს ტროტილით ავსებდნენ და გზის ქვემოთ მარხავდნენ). როგორც ჩანს, თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ ახალი ქართული არმიის მებრძოლები შორეულ ავღანეთშიც ანალოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ ავღანეთში ქართველების აფეთქება დაემთხვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის რასმუსენის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს.

ჩნდება ეჭვი (რომლის დასაბუთება ძალიან ძნელია), რომ, შესაძლოა, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და რომელიმე დაინტერესებული ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს, რათა თბილისში NATO-ს სამოკავშირეო ოფისი რასმუსენს ამ ტრაგედიის ფონზე გაეხსნა.

ცოტა ხანში 31-ე ბატალიონი შინ დაბრუნდება, თუმცა მას სხვა ქართული ბატალიონი ჩაანაცვლებს ჰილმენდის პროვინციაში, რაც არათუ შეამცირებს, არამედ გაზრდის ახალი ინციდენტების რისკს, რადგან ახალჩასულებს სიტუაციაში გასარკვევად დრო დასჭირდებათ.

ჰილმენდის პროვინციაში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართული ბატალიონის გაგზავნა შეცდომა აღმოჩნდა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. თავად გერმანია, რომელმაც 2008 წლის გაზაფხულზე დაბლოკა საქართველოსთვის MAP-ის მიცემა, ცდილობს, თავისი სამხედროები ავღანეთის შედარებით მშვიდ პროვინციებში გაგზავნოს. გერმანიას ავღანეთში 42 სამხედრო დაეღუპა, რაც გერმანელთა სერიოზულ პროტესტს იწვევს; ისინი ავღანეთიდან გერმანული სამხედრო მისიის გამოყვანას მოითხოვენ.

ავღანეთში ასეულის შემდეგ, ბატალიონის დამატებით გაგზავნით და ქართველ სამხედროთა რაოდენობის გაზრდით (925 კაცი) საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მოიგო თეთრი სახლისა და  NATO-ს გული, მაგრამ სერიოზული პრობლემებიც გაიჩინა, რადგან ჰილმენდის პროვინციაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებული ახალი ინციდენტებია მოსალოდნელი.

ქაბულთან, ფრანგული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში მყოფი ქართული ასეულის მდგომარეობა ბევრად უსაფრთხოა (თუმცა ავღანეთში აბსოლუტურად უხიფათო ადგილები არ არსებობს) და მხოლოდ ამ ასეულის ყოფნა ISAF-ის შემადგენლობაში სრულიად საკმარისი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო მხარს უჭერს დასავლეთს მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ თავის გამოჩენა მოისურვა - ოკუპირებული საქართველოდან ორი ათასი კმ-ით დაშორებულ ავღანეთში ქართული არმიის სახმელეთო ჯარების ხუთ პროცენტზე მეტი გაგზავნა, არადა, თავად ISAF-ის ოფიციალური მონაცემებით,

NATO-ს წევრმა პორტუგალიამ 250, ბელგიამ - 575, ბულგარეთმა - 540, ჩეხეთმა - 500, დანიამ - 730, ხოლო საბერძნეთმა  მხოლოდ 207 სამხედრო "გაიმეტეს" ავღანეთში გასაგზავნად, თანაც უფრო წყნარ პროვინციებში, ვიდრე ჰილმენდია.

ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, მაგრამ უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანმა წევრებმა:  ესტონეთმა - 160, ლატვიამ - 170, ხოლო ლიტვამ - 245 სამხედრო გაგზავნეს ავღანეთში. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც უფრო ჭკვიანად იქცევა. 90 სამხედროზე მეტს არ აგზავნის ISAF-ის შემადგენლობაში.

ამ ციფრების ფონზე, ძალზე უცნაურია, როდესაც პატარა საქართველო, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია, შორეულ ავღანეთში ათასამდე სამხედროს გზავნის, თანაც ყველაზე ცხელ წერტილში...

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების - პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დავით ცეცხლაძის, კაპრალ გიორგი კოლხიტაშვილისა და კაპრალ ნუგზარ კალანდაძის ოჯახებს.