ნატო თურქეთს კარგავს... რუსული რაკეტების გამო?! - კვირის პალიტრა

ნატო თურქეთს კარგავს... რუსული რაკეტების გამო?!

თურქეთ-აშშ-ს შორის რომ შავმა კატამ გაირბინა, რამდენიმე წელია აშკარად იგრძნობა, რაც საქართველოს წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს

საერთაშორისო სკანდალი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ მნიშვნელოვან წევრ ქვეყანას - აშშ-სა და თურქეთს შორის უფრო ღრმავდება.

თეთრი სახლი თურქეთის ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვს გააუქმოს 2,5 მლრდ დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც რუსული C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პენტაგონი დაბლოკავს მეხუთე თაობის F-35 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ თვითმფრინავის შექმნასა და 30 ერთეულის შესაძენად ანკარამ უკვე გადაიხადა დაახლოებით მლრდ დოლარი. ორი F-35, რომლის კილებზეც უკვე დახატულია თურქეთის დროშა, გასული წლის შემოდგომიდან დგას ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო აეროდრომზე, მაგრამ მათ თურქეთში გაგზავნას ამერიკელი გენერლები არ ჩქარობენ. აშშ-ის ხელისუფლების გულისწყრომას ის იწვევს, რომ მისმა ნატოელმა პარტნიორმა თურქეთმა რუსული საზენიტო სისტემის ყიდვა ამჯობინა.

საპასუხო არგუმენტები აქვთ ანკარაშიც: როდესაც ამერიკელებს საზენიტო "პეტრიოტების" შეძენასა და წარმოების ტექნოლოგიის გადმოცემას ვთხოვდით, უარით გამოგვისტუმრეს, შემდეგ ჩინური საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვა დავაპირეთ და ნატომ დაგვიბლოკა. იმავე ნატოს წევრ საბერძნეთს თუ შეუძლია რუსეთისგან C-300-ების ყიდვა, თურქეთს რატომ უშლით ხელს C-400-ების ყიდვაშიო?

თურქეთ-აშშ-ს შორის რომ შავმა კატამ გაირბინა, რამდენიმე წელია აშკარად იგრძნობა, რაც საქართველოს წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს.

"ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირს ნატოსთან სახმელეთო საზღვარი საქართველოს მონაკვეთშიც ჰქონდა და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ არსებობდა იმის წინა პირობა, რომ ალიანსის წევრი თურქეთი გამხდარიყო საქართველოს ნატოში გაწევრების დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ ეს არ მოხდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, პირიქით, ბოლო წლებში საქართველოს ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლების "ჩახუტების" პოლიტიკა შეიძლება ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი პროცესის შემაფერხებელი გარემოებაც გახდეს.