ქინდერსიურპრიზი ურანით... - კვირის პალიტრა

ქინდერსიურპრიზი ურანით...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრმზვერავებმა ბირთვული მასალის უკანონოდ მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე 13 მარტს ქობულეთში ორი მოქალაქე დააკავეს. მათ 40,19 გრამი რადიოაქტიური იზოტოპი "ურან-238" აღმოუჩინეს, რომლის გაყიდვასაც, გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები, არც მეტი, არც ნაკლები, 2,8 მლნ დოლარად აპირებდნენ!

ქართული სუს-ის ამ სპეცოპერაციას მსოფლიო მასმედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ურანის კონტრაბანდა სენსიტიური თემაა მსოფლიოში - "ჭუჭყიანი ატომური ბომბის" (ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დეტონაციის შემდეგ რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში მაღალრადიოაქტიურ ნივთიერებას მიმოფანტავს) ტერაქტისთვის გამოყენების ალბათობა რომელიმე მეგაპოლისში კვლავ მაღალია.

მაგრამ იბადება კითხვა: მართლაც ასეთი საშიში, მაღალრადიოაქტიური ურანის გაყიდვას აპირებდნენ ეს "უიღბლო" ბირთვული ბიზნესმენები, რომ 40 გრამში თითქმის 3 მლნ დოლარის გამორჩენას ელოდნენ?

ვერ გეტყვით, გამოძიებამ რის საფუძველზე გაავრცელა ინფორმაცია ამხელა თანხის შესახებ, მაგრამ ამოღებული ურანი შეიძლება მხოლოდ მილიონჯერ(!) ნაკლები, სულ რაღაც 2,8 დოლარი ღირდეს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მისი ყიდვის მსურველი გამოჩნდა!

სუს-ის მიერ გავრცელებულ ფირში ჩანს, რომ ამოღებული ნივთიერება ქინდერსიურპრიზის პლასტმასის ცილინდრულ კოლოფშია მოთავსებული, რომელსაც რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტი ხელით იღებს და ათავსებს კონტეინერში, რომელიც ასევე არ გამოირჩევა რადიაციული დაცვის მაღალი დონით.

რა არის ეს, რადიაციული უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა?

სულაც არა. საბედნიეროდ, რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჰყავს და ეს კონკრეტული სპეციალისტიც არ იყენებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს (სპეციალური ანტირადიაციული კომბინეზონი, გრძელი მაშა რადიოაქტიური წყაროს შორი დისტანციიდან ასაღებად, ტყვიის მძიმე კონტეინერი რადიოაქტიური წყაროს მოსათავსებლად) იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ურანიანი ქინდერსიურპრიზი რეალურად საფრთხეს არ შეიცავს!

ვიდეოფირში ჩანს, რომ დოზიმეტრი ქინდერსიურპრიზის კოლოფის თავზე მხოლოდ 0,5 მიკროზივერტი/საათში გამოსხივებას აფიქსირებს.

ბევრია თუ არა ეს გამოსხივება და საშიშია თუ არა ადამიანისთვის?

სანიტარიული ნორმებით დასაშვები რადიაციული ფონი 0.05-დან 0,5 მიკროზივერტამდე/საათში შეიძლება მერყეობდეს. ასე რომ, სპეცოპერაციით "დაკავებული" ქინდერსიურპრიზის შიგთავსის 0,5 მიკროზივერტი/საათში გამოსხივება არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა.

დიდი ალბათობით, პლასტმასის კოლოფში გაღარიბებული "ურან-238"-ი იყო, რომლის რადიოაქტიური გამოსხივება 60%-ით ნაკლებია საბადოში მოპოვებული ურანის მადნის გამოსხივებაზე, რადგან მას მოცილებული აქვს მაღალრადიოაქტიური "ურან-235"-ის იზოტოპი. რა ღირს მსოფლიო ბაზარზე გაღარიბებული "ურან-238"-ი? 17-დან 25 დოლარამდე და ისიც ერთი კილოგრამი!

თუმცა სუს-ის ეს სპეცოპერაცია დროული და აუცილებელი გახლდათ, რადგან ბირთვულ ბიზნესმენებს პირველ გარიგებაში გამართლების შემთხვევაში შეიძლება სხვა და მეტი უფრო საშიში რადიოაქტიური ნივთიერებების გაყიდვა მოენდომებინათ.

როგორია ბუნებრივი რადიაციული ფონი

ნორმალური რადიაციული ფონია დაახლოებით 0,2 მიკროზივერტი/სთ-ში, დასაშვები ზედა ზღვარი კი - 0,5 მიკროზივერტი/სთ-ში. წელიწადში ადამიანმა შეიძლება უსაფრთხოდ მიიღოს 3-4 მილიზივერტი, ხოლო მთელი სიცოცხლის განმავლობაში - 100-დან 700 მილიზივერტამდე. ერთი მილიზივერტი ათას მიკროზივერტს უდრის.

2 000 მეტრზე მაღლა ვინც ცხოვრობს, სამჯერ მეტ მზის რადიაციას იღებს, ვიდრე ზღვის დონეზე მცხოვრები. კბილის რენტგენის სურათის გადაღებისას ადამიანი დაახლოებით 0,2 მიკროზივერტი/სთ-ში დასხივებას იღებს.

რაში გამოიყენება "ურან-238"-ი

ურანის მადანში 99,27% "ურან-238"-ის იზოტოპია და მხოლოდ 0,72% - "ურან-235". ბირთვული იარაღის შესაქმნელად მხოლოდ "ურან-235" გამოდგება, ისიც - 90%-მდე გამდიდრებული. ამიტომაც ურანის მადანს "ურან-238"-ი ათასობით ცენტრიფუგის გამოყენებით სცილდება და "ურან-235"-ი გროვდება. მოშორებულ "ურან-238"-ს გაღარიბებულ ურანს უწოდებენ და რა დაუჯერებელიც უნდა იყოს, მისი რადიოაქტიური გამოსხივება უფრო დაბალია, ვიდრე მიწიდან ამოღებული ბუნებრივი ურანის მადნისა.

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მაღალი სიმკვრივის გამო გაღარიბებულ ურანს სამგზავრო თვითმფრინავებში ბალასტადაც იყენებენ. მაგალითად, "ბოინგ-747"-ის პირველ მოდიფიკაციებში თითქმის ერთი ტონა გაღარიბებული ურანი იყო მოთავსებული. თანამედროვე მოდელებში ის ვოლფრამით შეცვალეს. გაღარიბებული ურანი ასევე გამოიყენება ამერიკული ტანკ "აბრამსის" ჯავშნისა და ჯავშანგამტანი ჭურვების დასამზადებლად. მას ურევენ სტომატოლოგიურ ფაიფურში, რათა კბილების პროთეზს ბუნებრივი კბილების ბზინვარება მიეცეს.

ვის და საიდან შემოაქვს უკანონოდ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებები საქართველოში

შსს-მ და სუს-მა ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 24 ფაქტი გამოავლინეს და 70 პირი დააკავეს.

2006 წელი:

1-ლი თებერვალი, თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 110 გრამი. დაკავებულია ხუთი პირი (ერთი რუსეთის და ოთხი საქართველოს მოქალაქე). ურანი ჩამოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.

17 ივლისი, ბათუმი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (თურქეთის მოქალაქე), ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

1-ლი აგვისტო, ბათუმი. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1,5 კგ. დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2007 წელი:

9 ივნისი, ბათუმი. ამოღებულია გაუმდიდრებელი ურანი, 14 გრამი. დაკავებულია ორი პირი (უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები). ურანი, სავარაუდოდ, მოპარულია რუსეთის ფედერაციაში.

24 ოქტომბერი, ბათუმი. მომწამვლელი ნივთიერება (ასაღებდნენ რადიოაქტიურად). დაკავებულია ოთხი სომხეთის მოქალაქე. ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.

2 ნოემბერი, ქ. ზუგდიდი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2008 წელი:

14 ოქტომბერი, თბილისი, "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია მცხეთის საცავიდან.

5 დეკემბერი, თბილისი. პროფილაქტიკური მუშაობის შედეგად ამოღებულია ""ცეზიუმ-137"-ის წყარო. არავინ დაუკავებიათ.

2010 წელი:

11 მარტი, თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 17 გრამი. დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი სომხეთის მოქალაქე). ურანი შემოტანილია სომხეთიდან.

12 ნოემბერი, თბილისი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2011 წელი:

3 თებერვალი, ქობულეთი. ამოღებულია "ევროპიუმ-152"-ისა და "ირიდიუმ-192"-ის წყაროები, დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერებები მოპარულია ქუთაისში.

4 აპრილი, სოფელი აღაიანი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია საქართველოში, რუსული სამხედრო ბაზიდან (ვაზიანი).

2012 წელი:

6 იანვარი, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი 36 ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

5 აპრილი, სამტრედია. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1 კგ. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

10 აპრილი, ბათუმი. სხვადასხვა ნივთიერება ("ცეზიუმ-137"-ის, "კობალტ-60"-ის, "ამერიციუმ-241"-ის წყაროები). დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი თურქეთის მოქალაქე). ნივთიერებები შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

20 აპრილი, ბათუმი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი სამი ამპულა. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ზუგდიდი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ცხრა ამპულა. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ქობულეთი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერების წარმომავლობა ვერ დადგინდა.

2013 წელი:

29 მაისი, სამტრედია. ამოღებულია "სტრონციუმ-90"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

25 სექტემბერი, დაბა ბეთანია. ამოღებულია "ამერიციუმ-241"-ით დაფარული 12 ფირფიტა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია თბილისში.

2014 წელი:

1-ლი აგვისტო, სოფელი სადახლო. ამოღებულია "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (სომხეთის მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.

2015 წელი:

11 აგვისტო, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 135"-ისა და "ცეზიუმ 137"-ის ნარევის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება, სავარაუდოდ, შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.

2016 წელი:

5 იანვარი, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 137"-ის წყარო. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერების წარმომავლობას ადგენენ.

15 აპრილი, ქ. თბილისი. ამოღებულია გაღარიბებული ურანისგან დამზადებული კონტეინერი (ე. წ. მაგისტრალი). დაკავებულია ექვსი პირი (სამი საქართველოს და სამი სომხეთის მოქალაქე). შემოტანილია სომხეთიდან.