ფსევდომღვდელმსახურები - ალტერნატიულში, სტუდენტები - დაცვის პოლიციაში... - კვირის პალიტრა

ფსევდომღვდელმსახურები - ალტერნატიულში, სტუდენტები - დაცვის პოლიციაში...

რას ითვალისწინებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის წესებში შესატანი ცვლილებები და რამ განაპირობა მათი მომზადება

საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" მალე შეიძლება ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდეს, რომელთა ავტორი და ინიციატორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

დეპუტატის თქმით, ფსევდორელიგიური ორგანიზაციები ბოროტად იყენებენ ამ კანონში არსებულ ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც მღვდელმსახურს უფლებას აძლევს გადაივადოს სამხედრო სამსახურში გაწვევა, რითაც "ბიბლიური თავისუფლების" 6 908 მიმდევარმა უკვე ისარგებლა და ეს ტენდენცია კვლავაც მზარდია, რაც, სესიაშვილის აზრით, შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევის ჩაშლით. დეპუტატის ცნობით, კანონის ამავე პუნქტით ისარგებლა იეჰოვას 165-მა მოწმემ და მხოლოდ 50-მა მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, კონკორდატის (საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება) გათვალისწინებით, კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შეეხებათ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს, ხოლო სხვა კონფესიის სასულიერო პირებს საშუალება მიეცემათ ალტერნატიული სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ, რომელიც არ ითვალისწინებს იარაღის ტარებას.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ზოგმა სხვა კონფესიების მიმდევრების დაჩაგვრის მცდელობაშიც კი დაადანაშაულა, თუმცა რატომღაც არავინ ამბობს, რომ "ბიბლიური თავისუფლების" ე. წ. ცნობა ფარატინა ქაღალდი, ფიქციაა და ეს მართლაც ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას.

ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური (მაგალითად, დანიის სამეფო, ფინეთი, ესტონეთი, ლიეტუვა), პირი, რომელიც რელიგიური მოსაზრებით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, ვალდებულია ალტერნატიული სამხედრო სამსახური გაიაროს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პარლამენტში კიდევ ერთ კანონში ცვლილების პროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც, სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად საშუალება მიეცემათ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადონ შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

ეს ნებაყოფლობითი იქნება და ათასი სტუდენტი, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში შეღავათებით ისარგებლებს და დაცვის პოლიციაში ყოველთვიურად 200 ლარსაც აიღებს.

შსს-ს დაცვის პოლიციაში ერთწლიან ჯარში ახალგაზრდები დღესაც მსახურობენ, თუმცა სიახლე ის იქნება, რომ სტუდენტებსაც ექნებათ იგივე შესაძლებლობა სასწავლებლებში აკადემიური წლის აღების გარეშე.

რა შეფასება შეიძლება მიეცეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სქემაში შესატან ამ ცვლილებებს?

პირველი ცვლილება დიდი ხანია მომწიფდა, რადგან ფიქციურ მღვდელმსახურად ჩაწერა რყვნის ახალგაზრდას და აძლევს იმის განცდას, რომ ტყუილით შეუძლია ცხოვრება. ამიტომაც ცვლილების შეტანა მღვდელმსახურებისთვის ჯარის გადავადების პუნქტში დროული კი არა, დაგვიანებულიცაა.

მეორე ცვლილების აუცილებლობა კი საკამათოა - ისე არ გამოვიდეს, სტუდენტმა ნორმალურად აღარც უნივერსიტეტში ისწავლოს და ვერც ელემენტარული სამხედრო საქმე შეისწავლოს, რადგან დაცვის პოლიციაში ამის შესაძლებლობა ნაკლებად ექნება.

ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მამაკაცი მოქალაქეების (სასურველია, ქალებისაც) უდიდეს ნაწილს ჰქონდეს დაწყებითი სამხედრო საქმის ცოდნა, რათა საჭიროების შემთხვევაში რეზერვისტებად მაინც გამოვიყენოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია სამხედრო სავალდებულო სამსახური თუნდაც ნახევარი წლით თავდაცვის ძალებში სპეციალური პროგრამით გაიარონ და არა სასჯელაღსრულების ზონის საყარაულო კოშკურაზე იდგნენ ან დაცვის პოლიციის ფორმით სამ დღეში ერთხელ რომელიმე საელჩოს კარს იცავდნენ.

იდეფიქსი ის კი არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა მაინცდამაინც ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში წაიყვანოს სახელმწიფომ და მერე სულერთია, ის ღამით იარაღის საწყობს უდარაჯებს თუ რომელიმე ბიზნესმენის აგარაკს, არამედ ის, რომ სამსახურის პერიოდში ჯარისკაცი დაეუფლოს საშტატო იარაღის გამოყენებას და ბრძოლის ელემენტები (როგორც თავდაცვაში, ისე შეტევით ოპერაციებში) დახვეწოს, რათა მისი სახით საიმედო რეზერვისტი შეიძინოს ქვეყანამ.

ციხეების პერიმეტრის გაკონტროლება თუ სამოქალაქო ობიექტების დაცვა წვევამდელის კი არა, კონტრაქტით აყვანილი პირების საქმეა, თუმცა ისიც გასაგებია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებითი ხარჯის გაწევა ნაკლებად სურს.